როგორ გავაკეთოთ კარგი CV

როგორ გავაკეთოთ კარგი CV

დიდი გამოცდილება გაქვთ, კარგი განათლება და მაინც არავინ არ გირეკავთ? ე.ი. პრობლემა CV -შია, რომელიც კარგად არ წარმოგაჩენთ.

თუ ეძებთ სამსახურს ან სტაჟირებას, კარგი CV-ს შედგენა აუცილებელია. სწორედ სივის წყალობით შეძლებთ სხვებისგან გამორჩეული იყოთ და გასაუბრებაც კი მოიპოვოთ დამსაქმებელთან.

CV ის დოკუმენტია, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას თქვენი განვლილი პროფესიული და აკადემიური ცხოვრება რამდენიმე წამში დაინახოს. მისი ერთადერთი მიზანია, გასაუბრება მოგაპოვებინოთ.

CV შემიძლია შევადარო პროდუქტის შეფუთვას, რაც უფრო ლამაზია მით უფრო გვინდება ყიდვა. სწორედ ამიტომ, თქვენი CV უნდა იყოს რაც შეიძლება ლამაზი, ესთეთიკური, ლაკონური და სხვებისგან გამორჩეული, რათა რამოდენიმე წამის კითხვის შემდეგ, დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს.


სტატისტიკური მონაცემებით, საშუალოდ, დამსაქმებელი ანდომებს 40 წამს სივის თავიდან ბოლომდე წასაკითხად და 1 წუთსა და 20 წამს იმის გადასაწყვეტად, დაგირეკავთ თუ არა გასაუბრებისთვის.

ვცადე გამეკეთებინა თქვენთვის იმ ეტაპების სია, რაც კარგი სივის გაკეთებაში დაგეხმარებოდათ.

მაშ ასე,

ეტაპი 1: კარგად გააანალიზეთ თქვენი პროფესიული და აკადემიური ცხოვრება

ცაკლე ფურცელზე ეცადეთ ჩამოწეროთ ყველაფერი ის, რაც თქვენს გამოცდილებას უკავშირდება.

  • დაწერეთ 2 წინადადებაში რა არის თქვენი პროფესიული მიზანი. მაგალითად "ძალიან მიყვარს კომუნიკაცია და ვცდილობ განვვითარდე ამ სფეროში".
  • თქვენი განათლება (სად სწავლობდით, რა დიპლომები და შედეგები მოიპოვეთ, თუ ყოფილხართ გაცვლით პროგრამაზე და ა.შ)
  • თქვენი პროფესიული გამოცდილება (სად გიმუშავიათ, რა გაგიკეთებიათ, რას მიგიღწევიათ... ჩამოწერეთ ყველაფერი ის რაც თქვენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს. მაგალითად "გაყიდვების მენეჯერი"-ს პოზიციის ქვეშ შეგიძლიათ დაწეროთ "ჩემი მეშვეობით გაყიდვები გაიზარდა 20% -ით").
  • რა ენებს ფლობთ და რა დონეზე (შეგიძლიათ მიუთითოთ ენის გამოცდების შედეგები, ან თუ გიმუშავიათ უცხოეთში. მაგალითად "ინგლისური"-ს გვერდით შეგიძლიათ დაწეროთ "2 წელი ინგლისის კომპანიაში").
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა, თქვენი მიღწევები და ყველაფერი ის რაც კარგად გამოგიყვანთ დამსაქმებლის თვალში.

ეტაპი მე-2: ლოგიკურად დაალაგეთ პირველი ეტაპის დეტალები

უნდა იპოვოთ ლოგიკური წყობა თქვენს აკადემიურ და პროფესიულ სიაში. ეცადეთ თქვენი ცხოვრების ეტაპები ლოგიკურად დაალაგოთ, ისე რომ თქვენი ერთიანი სივი შეეფერებოდეს მოცემულ ვაკანსიას. მაგალითად თუ აგზავნით სივის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, არ არის აუცილებელი დაწეროთ თქვენი გამოცდილება მომღერლის ამპლუაში.

თუ მაინცდამაინც ვერ პოულობთ სამსახურებს შორის ლოგიკურ მიმდევრობას, ეცადეთ აღწერაში დაწეროთ საერთო ვალდებულებები. მაგალითად :

"გუნდის მენეჯერი X კომპანიაში":

- გუნდის მართვა

- გაყიდვების ფინანსური ანალიზი

- ... 

"ადმინისტრატორი X კომპანიაში" :

- ფინანსური ანალიზი

- ...

როგორც ამ მაგალითიდან შეგიძლიათ დაინახოთ, თუ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე აგზავნით ვაკანსიას, თქვენს წარსულ მოვალეობებს შორის არის ლოგიკური კავშირი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სასურველ პოზიციას.

ეტაპი მე-3: თქვეზი სივის თითოეული დეტალი ლოგიკურად დაუკავშირეთ ახალ პოზიციას

შეადგინეთ თქვენი CV ვაკანსიის მიხედვით. დიდი შეცდომაა ერთი და იგივე სივის ყველა კომპანიაში გაგზავნა. დამსაქმებელი ადვილად ხვდება იმას, რომ თქვენ ყველა დამსაქმებელს ერთი და იგივე CV-ს უგზავნით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდად მოტივირებული და დაინტერესებული არ ხართ.

ყოველთვის წარმოიდგინეთ თავი დამსაქმებლის ადგილას. როგორი CV დაგაინტერესებდათ თქვენ რომ დამსაქმებელი იყოთ?

იყავით ბევრის მთქმელი თქვენს განვლილ პოზიციებზე (რას აკეთებდით, რა შედეგებისთვის მიგიღწევიათ...). თქვენი მისიებიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა თქვენში უნდა დაინახოს: მიღწევები, პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი, ანალიზის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პროფესიონალიზმი მოცემულ სფეროში...

ეტაპი მე-4: მიეცით სივის ფორმა და იზრუნეთ სწორ დიზაინზე

როგორც კი იცით რა უნდა ჩაწეროთ CV-ში (წინა ეტაპების გათვალისწინებით), შეუდეგით მის ფორმაში ჩასმას. ამისთვის რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ:

  • პროფესიული სივი სასურველია იყოს 1 გვერდიანი.
  • თუ სივიში ფოტოს ჩასმა გინდათ დარწმუნდით, რომ ეს ფოტო არის პროფესიონალური (მეგობრებთან ერთად გადაღებული სელფი ცუდ ტონად ჩაითვლება). სასურველია ფოტოს ფონზე მხოლოდ თქვენ იყოთ.


  • თქვენი CV ადვილად უნდა იკითხებოდეს. ეცადეთ ჰაეროვანი გახადოთ, პარაგრაფები ერთმანეთს დააშორეთ, იზრუნეთ რომ ყველაფერი სიმეტრიული იყოს.
  • ეცადეთ სივი იყოს ორიგინალური, ოღონდ ძალიანაც ნუ გადაამეტებთ. მოერიდეთ ხასხასა ფერებს. როცა სივის შეადგენთ შეამოწმეთ, რომ შავ-თეთრად ამობეჭდვის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იკითხებოდეს.

დაიცავით სივის თემების სწორი თანმიმდევრობა:

  • CV-ს სათაური (არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია. სათაური არის თქვენი პროფესიული პოზიცია ვაკანსიასთან მიმართებაში: ("მარკეტინგის დირექტორი 5 წლიანი გამოცდილებით" , თუ დამსაქმებელი მარკეტინგის დირექტორს ეძებს).
  • პერსონალური ინფორმაცია: ეცადეთ თქვენი სახელი და გვარი ტექსტისგან ოდნავ განსხვავებული იყოს (შეიგიძლიათ გაამუქოთ, რომ უკეთესად გამოჩნდეს). დაწერეთ თქვენი მისამართი, ასაკი და ტელეფონის ნომერი. მეილის დაწერისას ყურადღება მიაქციეთ თქვენი მეილის სახელს. აუცილებელია რომ პროფესიონალური მეილი გქონდეთ. არასერიოზულად გამოიყურება მოზარდობის ასაკში გაკეთებული მეილები (მაგალითად pusku1992@yahoo.com) :D
  • პროფესიული გამოცდილება: აუცილებლად დაიცავით უკუ-ქრონოლოგიური თანმიმდევრობა (ყველაზე ახლიდან ძველამდე).
  • განათლება: დაიცავით უკუ-ქრონოლოგია. თუ დიპლომი წარჩინებით აიღეთ სასურველია დაწეროთ. იყავით ლაკონური, ნუ დაწერთ ზედმეტ დეტალებს თუ თქვენი გამოცდილება განათლებაზე უფრო საინტერესოა დამსაქმებლისთვის.
  • ენები და მათი დონეები (ასევე შეგიძლიათ მიაწეროთ თუ სადმე გამოგიცდიათ, მაგალითად "რუსული" - "მოსკოვში 7 წელი ცხოვრება").
  • თქვენი მიღწევები (სპორტში, რომელიმე ასოციაციაში).

რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ სივის დაწერისას

  • ძალიან გრძელი სივი. ნუ გადააცილებთ 2 გვერდს. თუ დიდი გამოცდილება გაქვთ შეიძლება 2 გვერდი დაგჭირდეთ, თუ არც ისე დიდი ხანია მუშაობთ, ერთ გვერდიანი სივი საკმარისია. 
  • ორთოგრაფიული შეცდომები. 
  • ისეთი სივის შედგენა რომელიც არანაირ კავშირშია შემოთავაზებულ პოზიციასთან.
  • ტყუილები. ჯობს არ მოიტყუოთ არც ერთ დეტალზე, რადგან დამსაქმებელს ძალიან ადვილად შეუძლია გაარკვიოს მართალს ამბობთ თუ არა. მას შეუძლია დარეკოს თქვენს ყოფილ კომპანიაში მაგალითად.
  • ქრონოლოგიურად დალაგებული სივი. არავითარ შემთხვევაში! დამსაქმებელს პირველ რიგში ის უფრო აინტერესებს რას აკეთებდით და რა პოზიცია გეკავათ გუშინ ვიდრე 5 წლის წინ.
  • ფრთხილად იყავით თუ რას აქვეყნებთ სოციალურ ქსელებში. დამსაქმებლები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან და სწორედ ამიტომ შეიძლება სოციალურ ქსელებში მოგძებნონ. ასე რომ გირჩევთ მოერიდოთ ისეთი ფოტოებისა და პოსტების დადებას, რომელმაც შეიძლება თქვენზე ცუდად იმოქმედოს. (მაგალითად, თუ გაქვთ რასისტული პოსტი და აგზავნით CV-ს ისეთ კომპანიაში, სადაც ეს მიუღებელია, მენდეთ გასაუბრებისთვის არავინ დაგირეკავთ).

იმედი მაქვს ჩემი რჩევები გამოგადგებათ. წარმატებები! 


გამარჯობათ, კარგი CV-შაბლონი ხომ არ შეგიძლიათ რომ გამომიგზავნოთ ან სად შეიძლება ნახვა.

Like
Reply

საინტერესოა

To view or add a comment, sign in

Explore topics