საუკეთესო სომელიე 2023

საუკეთესო სომელიე 2023

გასული კვირა მსოფლიოს სომელიეთა და ღვინის პროფესიონალთა ვნებათაღელვისა თუ განხილვის თემად იქცა. საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) მიერ გამართულ კონკურსს, საქართველოშიც დიდი შემართებით ვადევნებდით თვალყურს, რადგან ისტორიაში უკვე მეორედ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეთა შორის ქართველი პროფესიონალი და საქართველის 2022 წლის საუკეთესო სომელიე - ჯაბა ძიმისტარიშვილი წარსდგა.

მოდით ერთად შევაბიჯოთ კონკურსის კარს მიღმა და გავეცოთ იმ ეტაპებს, რომლის ღირსეულად გადალახვის შემთხვევაში მონაწილე მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს ტიტულს იმსახურებს. აქვე დავძენ, რომ ამჯერად პირველობა ლატვიის წარმომადგენელმა - რეიმონდ ტომსონმა არავის დაუთმო და დაძაბულ ფინალში ჩინეთისა და დანიის წარმომადგენლები დაამარცხა.

კონკურსი, ქალაქ პარიზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საუკეთესოს ტიტულის გამოსავლენად კი ერთმანეთს 65 ქვეყნის, 68 პროფესიონალი შეერკინა. დაძაბული და სტრესული გამოდგა კონკურსი ბევრი აწ უკვე წარმატებული, მრავალგზის ჯილდოს მქონე სომელიეებისათვისაც. ევროპისა და აზიის საუკეთესო სომელიეს ტიტულის მქონე სალვატორე კასტანო „Terre de Vins“ -თან ინტერვიუში დასძენს - „უკვე გავიაზრე ის სტრესი, რომ ჩემგან მოელიან იმაზე მეტს ვიდრე სხვა კანდიდატებისაგან“. დამეთანხმებით, სომელიეთა თუ ღვინის სხვა კონკურსები ნამდვილად გამოირჩევა ემოციური ფონით. ეს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ ნერვებისა და ემოციების ბრძოლაცაა, სადაც ხშირია იმედგაცრუებაცა და მაქსიმალური შედეგების მოლოდინისგან გამოწვეული თვითშეფასების პრობლემებიც.

ახლა კი უშუალოდ კონკურსის დეტალებს გაგაცნობთ, რომელიც მეოთხედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის ეტაპებისაგან შედგება.


მეოთხედფინალი

მეოთხედფინალში მონაწილეების დავალება 3 პუნქტისაგან შედგებოდა: 

  1. თეორიული გამოცდა - 100 კითხვა დრო 90 წუთი
  2. ღვინის ბრმა იდენტიფიკაცია - 4 ღვინო - 6 წუთი
  3. სერვისის ექსპერტიზა - 3 წუთი

ნახევარფინალი

ზემოთაღნიშნულ დავალებას სწორად თავი 68 კანდიდატიდან მხოლოდ 17-მა გაართვა და დაიმსახურა ნახერფინალში მოხვედრაც. აღნიშნული გამოცდის ჟიური სამი წევრისაგან შედგებოდა : ანდრეას ლარსონი (საუკეთესო სომელიე 2007) , ოლივიე პუსიე (საუკეთესო სომელიე 2000), ჰაიდი მაკინენი (ღვინის მაგისტრი).

1. ბრმა დეგუსტაცია

კონკურსის საწყის ეტაპზე ნახევარფინალისტებს 3 წითელი ღვინის ბრმა დეგუსტაცია დაევალათ 3 წუთის განმავლობაში. მონაწილეთა უმრავლესობამ ღვინის ნიმუშები ბორდოს რეგიონს დაუკავშირა, კონკრეტულად კი მედოკს, მარგოს, პოიაკსა და სან-ესტეფს. შედეგი კი ღვინის კონკურსებისათვის დამახასიათებელი ოინი აღმოჩნდა - სამივე ჭიქაში ერთი და იგივე ღვინო ესხა, ხოლო მათი ერთადერთი განმასხვავებელი კრიტერიუმი მუხის კასრის წარმომავლობა გახლდათ, რომელშიც თითოეული ღვინო 18 თვის განმავლობაში ვარგდებოდა.

დავალების მეორე ეტაპიც სწორედ ამ კონკრეტული კასრების წარმომავლობის იდენტიფიკაცია გახლდათ. მას შემდეგ კი რაც მონაწილეებმა ფრანგულ, ამერიკულ, ავსტიულ და სლოვენიურ კასრებს შორის არჩევანი გააკეთეს ცქრიალა ღვინის ორგანოლეპტიკური დახასიათების დროც მოვიდა (4 წუთი). საბოლოოდ კი სომელიეებს 5 მაღალალკოჰოლური და შემაგრებული ღვინის ბრმა დეგუსტაცია დაევალათ 3 წუთის განმავლობაში.

2. მიქსოლოგია და ალტერნატიული სასმელები

ნახევარფინალის მეორე ეტაპზე ჟიურის წევრები ჯონ არვიდ როზენგრენი(საუკეთესო სომელიე 2016) და პაზ ლევინსონი ( ამერიკის საუკეთესო სომელიე 2015) გახლდნენ.

დავალება სამი ნაწილისაგან შედგებოდა. 

პირველ ეტაპზე მონაწილეებს 2 კოქტეილის ბრმა დეგუსტაცია დაევალათ 2 წუთის განმავლობაში. თუმცა ამ შემთხვევაში მიზანი არა კოქტეილების, არამედ შემადგენელი ინგრედიენტების იდენტიფიკაცია გახლდათ. კონკურსანტებს არათუ უნდა აღეწერათ კოქტეილების შემადგენლობა, ასევე უნდა დაედგინათ აკლდა თუ არა სასმელებს რომელიმე ინგრედიენტი და დაესახელებინათ ის. როგორც ხედავთ ჟიური მათი წინამორბედების მსგავსად ოინების მოყვარული გამოდგა და კონკურსანტებს სიურპრიზები არ დააკლო. დავალების კოქტეილები „sazerac“ და „aviation“ გახლდათ, რომელთაგანაც „aviation“-ის შემადგელობას „crème de violette“ აკლდა.

დავალების მეორე ეტაპი 5 სასმელის 2 წუთში იდენტიფიკაციას მოიცავდა. მონაწილეთა კომენტარებზე დაკვირვებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიმუშები უალკოჰოლო ან დაბალ ალკოჰოლურ სასმელებს წარმოადგენდნენ :სხვადასხვა წვენი, ტონიკი, ბრინჯის რძე, თხის რძე, ყავა.

საბოლოო ეტაპზე თითოეულ სომელიეს მოეთხოვა შეექმნათ 100% ვეგანური, 4 ეტაპიანი მენიუ, აღნიშნულ 5 სასმელზე დაყრდნობით. მათ შეფასებაზე კი მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადაპტაციის და კრეატიული წარმოსახვის უნარი.

3. სერვისი

ნახევარფინალის ბოლო დავალება კი შამპანიურის სერვირების დემონსტრაცია გახლდათ, ჟიურის 4 წევრისათვის (მარკუს მონეგო, შინაი ტასაკი, პაოლო ბასო, სერჟ დაბსი), რომელთაგან ერთ-ერთის მოთხოვნა ლუდი გახლდათ. სერვირების სრული დრო მხოლოდ 3 წუთს შეადგენდა.

მონაწილეებს მაქსიმალური სიზუსტისა და თანმიმდევრობის დაცვა მოეთხოვებოდათ, რაც ითვალისწინებს „მასპინძლისა“ და „საპატიო სტუმრის“ როლის გათვალისწინებას. ამავდროულად კონკურსანტებს უნდა გაერკვიათ ლუდის მსურველის ვინაობა და მოეხდინათ ლუდის ბოთლის სერვირებაც.

რთული და დაძაბული გამოცდის შემდგომ 17 კანდიდატიდან 3 გამორჩეულ სომელიეს ხვდა ფინალში მონაწილეობის პატივი: რეიმონდ ტომსონი (ლატვია), რიზე ჩოი( ჩინეთი) და ნინა ჯენსენი ( დანია).

დაძაბულ ფინალში კი საბოლოოდ 2023 წლის საუკეთესო სომელეის ტიტული ლატვიის წარმომოადგენელმა რეიმონდ ტომსონმა მოიპოვა.


ავტორი: თამუკა არავიაშვილი

წყარო: გამოცემა Terre de Vin

To view or add a comment, sign in

Explore topics