წითელი ორქიდეა

წითელი ორქიდეა

ქუჩის გადაღმა რომ დგას იმ სახლში ცხოვრობს დედა. შორიდან იცნობს ლილე. ყოველ დღე ხედავს როგორ ასეირნებს ძაღლს და სუფთა ჰაერზე ჩამოჰყავს ბებო. რაღაცნაირად ბებოს ამსგაგავსებს თავს. ომახიანი და მებრძოლი ჩანს. სავარძელში მჯდომსაც კი ისე მედგრად და ბრგედ უჭირავს თავი, გეგონება მას კი არა ის დაასეირნებს დედას. დედას სულ არ ჰგავს. ალბათ ამიტომაც ვერ ცნობს. ლილე წითურია, პატარ- პატარა მზეები აქვს დაყრილი სახესა და მკლავებზე, ვეებერთელა შავი თვალებით იმზირება და სულ იღიმის. ყოველი დღე აბედნიერებს, როგორც კი მიუახლოვდები მზესავით გადმოგედება და გათბობს. დედა, დედა ერთი ნაღვლიანი ქალია, ჩამქრალი ლამპის ფითილივით ბჟუტავს. თავი სულ დახრილი აქვს და თვალებს ისეთი სისწრაფით ახამხამებს ხოლმე, რომ სამი თვეა ცდილობს თვალი მოჰკრას მის ფერს ლილემ და ვერაფრით მოახერხა. თვეების წინ ფართი რომ იყიდა, დედის სახლის წინ ეზოში, ფიქრობდა რომ დაუმეგობრდებოდა და კარგად გაიცნობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კვირაში ერთხელ შემოდის მის ორანჟერეაში. ყიდულობს - ძირტკბილას, ველურ პიტნას, ბარამბოს ფესვებს და ცოცხალი, თეთრი, გვირილების თაიგულს. გასვლისას ვიტრანაში ჩადგმულ წითელ ორქიდეებს ეფერება, კარგად იყავითო ამბობს და სწრაფი ნაბიჯებით მიდის. ისეთი ტკბილი და ხავერდოვანი ხმა აქვს რომ ლილე მოძრაობის უნარს ჰკარგავს. ცდილობს გონებაში დახატოს და გააჟღერადოს ამ ხმით ნამღერი იავნანა. ფაციფუცით ულაგებს მცენარეებს მუყაოს შეფუთვაში და როგორც ყველა სხვა მომხმარებელს ღიმილით ემშვიდობება :

- გმადლობთ, ნახვამდის, ისევ მობრძანდით.

ჩვიდმეტი წლისამ გაიგო აყვანილი რომ იყო. დაიბარეს მშობლებმა და სიმართლე უთხრეს. თურმე, გამზრდელ დედას ლილე რომ გაჩნდა იმ დღეს დაუკარგავს შვილი, ექიმებს საშვილოსნო ამოუჭრიათ და სამომავლოდ შვილის ყოლის ბედნიერებაც წაურთმევიათ. სამი დღე გაუტარებია ტირილსა და გოდებაში დედობილს. სამი დღის თავზე მოსულა ბებია ქალი და უთქვამს - აქ ქალმა ბავშვი გააჩინა, ხერხემლის თიაქარი ქონდა და დატოვა არ წაიყვანაო. ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა და ახლა კარგად არისო. საბუთებში ეწერა ლილე, ლილე მგალობლიშვილი. არც სახელი შეგიცვალეთ და არც დაბადების თარიღიო. ვიფიქრეთ იქნებ, ოდესმე, მოუნდეს შენი ნახვა და გაგიცნოსო. მერე თურმე გადაცემა უნახავთ, როგორ ყიდნენ ბავშვებს და ატყუებდნენ მშობლებს და გადაწყვიტეს ლილესთვის სიმართლე ეთქვათ, იქნებ შენი დედაც მოტყუებულია და გგლოვობსო. შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ. არ ცდილობდა ლილე მოეძებნა დედა რომ არა დედობილი. მძიმე სენით დაავადებულმა, სიკვდილის პირას მყოფმა, პირობა დაადებინა რომ დედას იპოვიდა და რომ მადლობას ეტყოდა მის ნაცვლად. რვა თვიანი ძიების შემდეგ იპოვა, იპოვა და აქ გადმოსახლდა მისი სახლის წინ დაიდო ბინა. უნდოდა ჯერ შორიდან გაგეო, იყო თუ არა სასურველი შვილი.

თურმე იყო...

****

- 25 წლია მის სახეზე ღიმილი არ მინახავს შვილო - ამბავს ყვება, მეზობლის ქალი ,აგნესი - ასე გამოფარფატდება,ყოველ დღე, ერთი საათით სახლიდან. დედას გამოასეირნებს, პროდუქტს იყიდის, შემდეგ ისევ შეიყუჟება სახლში და ასე მგონია დარაბებს მიღმა მოჩვენებასავით დაიარება. არა და რა გოგო იყო, მთელი უბანის ქალწულები მას ედრებოდნენ, ყმაწვილ კაცებს უყვარდათ და შენატროდნენ. მახსოვს, ერთხელ, ბიძამისი დაბრუნდა შორეული ნაოსნობიდან. თინას საოცარი კაბა ჩამოუტანა აბრეშუმის, თეთრი ცისფერი ყვავილებით. მაშინ იშვიათი იყო იმპორტული ტანისამოსი, მეზღვაურები თუ შემოიტანდნენ თითო-ოროლას და ჩუმად ყიდნენ. მოკლედ, ისეთი ლამაზი იყო თინა,ფილმებში თუ მინახავს ფრანგი ქალები, თხელები, დახვეწილები და ნარნარები. ყოველ კვირა დღეს ფორტეპიანოს გაკვეთილზე დადიოდა, სპეციალურად გამოვიდოდი აივანზე და ველოდებოდი. როდის გამოივლიდა და მომესალმებოდა. აიქნევდა თავის ლერწამივით ნაზ ხელს და "სალამი დედა აგნესო" გამომძახებდა. მეამაყებოდა. ის ხომ ჩემი შვილის ძუძუმტეა, ჩემი ელიზბარის. მეც ხომ წვლილი მიძღოდა მის სრულყოფილებაში. ასე ვფიქრობდი, ასე მჯეროდა. ეჰ, შვილო, თუ სამართალი არსებობს ქვეყნად, ჩემი ფთაფარფატა გოგო, ასე ჩრჩილივით გაცრეცრეცილი არ უნდა დაიარებოდეს. დაიწვას ის დღე, თინა რომ გაუბედურდა.

თვრამეტი წლის იქნებოდა ონისე რომ შეუყვარდა. ქართულ ცეკვებს ასწავლიდა . ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო, მათზე იყო ნათქვამი- განაგრძობდა თხრობას აგნესი - ეს იყო დევკაცი ბავშვივით წრფელი, ლომივით უშიშარი, არაამქვეყნიური სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარით. მათი ჯვრისწერის წინა დღეს, სახლ- კარი უპოვარ, მრავალშვილიან, ოჯახს დაუთმო და თვითონ, ახალშერთული ცოლი, მაქირავებ ბინაში მიიყვანა საცხოვრებლად. ბოლომდე გაიღებდა, თუ გრძნობდა რომ ამას საჭიროება მოითხოვდა. ზოგჯერ ზედმეტი სიკეთეც ვნებს ადამიანს, დედი. რვა თვის ორსული იყო თინა, ბაზრიდან მომავლები ქუჩაში ჩხუბს რომ შეესწრნენ. პარალელური ქუჩაზე ერთი ლოთი ცხოვრობს, ცოცხალია დღესაც, უნამუსო, რატომ იმ დღეს არ გაუსკდა გული! დათვრებოდა და ცოლ-შვილს დასდევდა ხან საცემად, ხანაც მოსაკლავად. იმ დღეს თურმე, სანადირო დანით გამოჰკიდებია უმცროს ქალიშვილს, გაშმაგებული იქნევდა დანას და ვერავინ ეკარებოდაო. შუაში ჩამდგარა ონისე. შიგ გულში მოხვდა დანა. ადგილზევე გარდაიცვალა. ამ შემზარავი ტრაგედიის შემსწრე თინას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. გონზე ვერ მოუყვანიათ ექიმებს. ვერ იჭინთებოდა და ყოველ წუთში გული მისდიოდა. საკეისრო კვეთა რომ გაუკეთეს ბავშვი უკვე გაგუდული და გარდაცვლილი იყო. ერთ კვირაში გულზე დაასვენეს მამას შვილი და დაკრძალეს. მათ საფლავზე აღამებდა და ათენებდა, უბედური გოგო. მერე ლოგინად ჩავარდა და ორი წელი მზის სხივიც კი არ უნახავს. ცდილობდნენ მშობლები გადაერჩინათ შვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ტკივილსა და დარდს ისე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, რომ, თინა, ნელ-ნელა მოჩვენებას დაემსგავსა. თითქოს სხეული აქ არის, სულმა კი მეუღლესა და შვილთან გადაინაცვლა და ორგანიზმიც თანდათან მიაქვს,მისხალ -მისხალ,ნაწილ-ნაწილ. ხვალ მისი შვილის დაბადების დღეა, ისევ გაათენებს ალბათ საფლავზე. ჩამოჯდება მარმარილოს ქანდაკებებს შორის, უძრავად და თვითონაც ქანდაკებად გარდაიქმნება. ადრე მივდიოდი, გავჩედებოდი შორიახლოს და ვდარაჯობდი რამე რომ არ დამართნოდა. წვიმა თუ წამოვიდოდა ქოლგას გადავაფარებდი, ავაყენებდი, მომყავდა. ახლა სად შემიძლია შვილო,ახლა ელიზბარი მიდის და ელოდება. ვერ ვტოვებთ მარტო. არც დაიტოვება. ერთხელ დააგვიანდა ელიზბარს მისვლა და ძლივს მოაბრუნა გულწასული. მეჩხუბებიან მეზობლები, წასვლა უნდა და გაუშვიო. არ მემეტება, მაგას ენაცვალოს აგნესი, გული მიგრძნობს - ისევ იქნება ბედნიერი.

ვერ გაბედა ლილემ სიმართლე ეთქვა აგნესისთვის, მხოლოდ ის უთხრა საქმე გამომიჩნდა მაღაზია უნდა დავკეტოო. სწრაფად ჩაულაგა პარკში კარკადეს ჩაი, დარიჩინისა და მიხაკის ჩხირები, ფუნთუშებს რომ დააცხობ გეახლებიო დააყოლა და სახლში გაისტუმრა. ვიტრინებს ჟალუზი ჩამოაფარა, მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში და აქვითინდა. თურმე როგორ დატანჯულა დედა.

დიდხანს იჯდა უძრავად, ღაპაღუპით ჩამოსდიოდნენ ცრემლები და წვეთწვეთობით ამთელებდნენ ეჭვისაგან გადასერილ გულს. ათასჯერ წარმოსახა გონებაში აგნესის მონაყოლი.

-"მე არ მომკვდავარ, მე აქ ვარ დედა!!!"

თითქოს შიგნიდან აკივლდა ცოცხალი ლილე.

არა, ამ დაბადების დღეზე, საფლავზე არ გაუშვებს დედას!

წამოდგა, ცივი წყალი მიისხა პირზე, მზისფერი კულულები გაისწორა, ვიტრინიდან წითელი ორქიდეების ქოთანი გამოიღო, გამბედაობა მოიკირიბა და სწრაფი ნაბიჯით გადაირბინა ქუჩა. კარებზე ისეთი ბრახაბრუხი აუტეხა,რომ მთელმა ქუჩამ გაიღვიძა.

ზღურბლს იქით დგას სიფრიფანა თინა -

ზღურბლს აქედან ორქიდეით ლილე,

თურმე ზღვისფერი თვალები ჰქონია დედას...

#ხათიჩილა

#წითელიორქიდეა

To view or add a comment, sign in

Explore topics