ფინელმა მეცნიერებმა ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში გამოავლინეს
ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ძაღლის ყველაზე ჭკვიანი ჯიში ბელგიური ნაგაზი მალინუაა.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშს „ევროპულსი“ ავრცელებს.

მკვლევართა ჯგუფმა ათასზე მეტი ძაღლი ტესტების სპეციალური კრებულით გამოსცადა, რომლებიც აფასებენ ძაღლების უნარს დავალების შესრულებაში, ემოციების გაკონტროლებაში, ადამიანის ქცევისა და ჟესტების წაკითხვაში. ამასთან, დავალებების კრებული ცხოველების მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას ამოწმებდა.

ბელგიურმა მალინუამ ბევრად გადაუსწრო სხვადასხვა კვლევის ტრადიციულ გამარჯვებულ ჯიშს, ბორდერ-კოლის. მალინუამ 39 შესაძლო ქულიდან 35 მიიღო, მაშინ, როცა ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლებმა მხოლოდ 26 ქულა დააგროვეს.

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ თითოეული ჯიში განსხვავებულად მოქმედებდა: მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ლაბრადორებს განსაკუთრებით კარგად ესმით ბრძანებები, თუმცა სივრცით დავალებებს ვერ ასრულებენ, ხოლო შოტლანდიურმა ნაგაზმა ყველა ტიპის დავალებაზე საშუალო ქულები მიიღო.

კვლევაში სულ 13 ჯიში მონაწილეობდა: ინგლისური კოკერ-სპანიელი, ავსტრალიური კელპი, ავსტრალიური ნაგაზი, ბელგიური ნაგაზი, ბორდერ-კოლი, ფინური ლაფუნდი, ჰოვავარტი, ლაბრადორ-რეტრივერი, გერმანული ნაგაზი, შეტლანდიური ნაგაზი, ესპანური წყლის ძაღლი, ოქროსფერი რეტრივერი და ჰიბრიდული ჯიშის ძაღლები.

2021 წლის ოქტომბრის ბოლოს „ევროპულსი“ წერდა, რომ ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 11 000 შინაური ძაღლის ქცევა შეისწავლეს და მათში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის ადამიანური სინდრომის მსგავსი სიმპტომები აღმოაჩინეს. კერძოდ, ძაღლები, რომლებიც ყოველდღიურად მეტ დროს სახლში მარტო ატარებენ, უფრო აქტიურები, იმპულსურები და უყურადღებონი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ხშირად ურთიერთობენ. ასეთი სიმპტომები უფრო ხშირია კერნ-ტერიერებში, ჯეკ რასელ-ტერიერებში და გერმანულ ნაგაზებში, ხოლო ლაბრადორ-რეტრივერი, მინიატურული პუდელი და ჩიხუახუა ყველაზე ნაკლებად განიცდიან ამ სინდრომის განვითარებას. ჰიპერაქტიურობის, იმპულსურობისა და უყურადღებობის ნიშნები უფრო ხშირი ახალგაზრდა ძაღლებშია.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები