|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ებრაელთა მიტოვებული სახლები

  ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ებრაელების მიერ რამდენიმე ათეული წლის წინ  მიტოვებულ სახლებს  არც თუ იშვიათად შეხვდებით. შენობასა და ეზოს  წლების მანძილზე მეთვალყურის გარეშე დარჩენა ერთი შეხედვითაც ეტყობ.

 ჩანგრეული ჭერი, დამსახვრეული ფანჯრები, დაბინძურებული ეზო, დიდი ბოქლომი და ჭიშკარზე დატოვებული წარწერა–„არ იყიდება“ გაცნობთ, რომ მეპატრონემ სახლი დიდი ხნის წინ მიატოვა, თუმცა მის გაყიდვას არ აპირებს.   

მიტოვებული ობიექტებიდან წამოსულ საფრთხეებზე საუბრობენ ქუთაისელები. მათი თქმით, წლების წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ სახლებში მღრნელები და ქვეწარმავლები ბინადრობენ, რაც მათ საფრთხეს უქმნით, განსაკუთრებით,  ზაფხულში.

ჯიბლაძის 3  ნომერში მცხოვრები ლეილა ლომიძე აღნიშნავს, რომ დასუფთავების თხოვნით მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა  გამოხმაურება არ მომხდარა. ეზოს დასუფთავება რამდენიმე წლის წინ მეზობლებმა სცადეს.  

ლომიძისავე განცხდებით, მას სახლში მცირე ჰოსტელი აქვს გახსნილი. მეზობლის მოუწესრიგებელი ეზო კი ტურისტებს  უფრთხობს. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, შედეგად  კი ეზოში გაშენებული ხეების გადაბელვა  მიიღო. „თქვენ თუ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებით, ძეგლს დაგიდგამთ“,- აღნიშნავს  ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები ლეილა  ლომიძე. „ეს ათეული წლების პრობლემაა, მოვითხოვთ ეზოს დასუფთავებას, რომ ზაფხულში თავისუფლად არსებობა შევძლოთ. კარ–ფანჯარა ვერ გამიღია, მეშინია, რამე არ შემომიძვრეს სახლში, თან ჰოსტელი მაქვს. ტურისტები მოდიან და როგორია, ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობა რომ არის? ერთი წლის წინაც მივმართეთ მერიას, მაგრამ უშედეგოდ. ნაგავსაყრელადაა ქცეული მთელი ეზო.  ვისაც არ ეზარება, ყველა აქ ყრის ნაგავს. ნაცვლად იმისა, რომ ეზო მოეწესრიგებინათ, ადგნენ და ჭიშკარს დააწერეს, რომ „არ იყიდება“. გამოდის, წელსაც ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. არ შეიძლება მერიამ მოაწესრიგოს ეს ტერიტორიები, სკვევრი ან რაიმე მოაწყოს და როდესაც მფლობელები დაბრუნდებიან, გადაეცეთ თავისი ტერიტორია.“

მიტოვებულ სახლებს ისევ მეზობლები რომ აბინძურებენ, ამას ადასტურებს ჯიბლაძის ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მის თქმით, „ბოთლები და „პამპერსები“ მთელ ეზოში ყრია, რაც  მხოლოდ ქუჩიდან  დაყრილს არ გავს, გვერდითი მეზობლების „აქტიურობაც“ კარგად ჩანს“.

 

უმეთვალყურეოდ დარჩენილი სახლების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებიც. მათი თქმით,  მოუვლელი ეზოები ზაფხულში არა თუ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც საფრთხის შემცველია. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ,  პატრონებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სახლები აქვთ ჩაბარებული, დასუფთავება არაერთხელ თხოვეს, მაგრამ წლების განმავლობაში მდგომარეობა არ იცვლება.

წლების წინ ებრაელთა მიტოვებული სახლები მეზობლებისთვის პრობლემად რომ გადაიქცა,  ადასტურებეს „ქუთაისის ქართულ–ებრაული საზოგადოების“ თავმჯდომარე მაისო ბალუაშვილი. მისი თქმით, მას სათვისტომოსთან აქტიური ურთიერთობა აქვს  და აწვდის ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ.   „გეთანხმებით, რომ ბევრი ადგილია მოუწესრიგებელი, ჩვენ გვაქვს კავშირი ამ ადამიანებთან. ვეუბნებით, აქ  რა მდგომარეობაც არის. მათ აღდგომის დღესასწაულზე ველოდებით ქუთაისში. აღნიშნულზე  კიდევ ერთხელ მივაწოდებთ ინფორმაციას.  თუ არ მოხდება შესაბამისი  რეაგირება, არაა გამორიცხული , ადგილობრივ ხელისუფლებას  შესაბამისი აღრიცხვის შემდეგ ამ ადგილების  საჭიროების  მიხედვით დროებით გამოყენების უფლება მიეცეს. ვიცი, რომ  ამ სახლების მეპატრონეებს საქართველოსთან კავშირის  გაწყვეტა არ უნდათ და ამიტომ არ ყიდიან. ზოგი დაბრუნებას გეგმავს, ზოგიც ბიზნესის წამოწყებას. იმედია, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება“, –აღნიშნავს მაისო ბალუაშვილი.

 

დაკეტილი სახლებში შესვლის უფლებას კატეგორიულად უარყოფენ მერიაში. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აღნიშნავს, არ არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეს წლების განმავლობაში გამოუყენებელი სახლის დატოვებას აიძულებს. ერთადერთი რეაგირება, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეზობლების განცხადების საფუძველზე შეიძლება მოახდინოს, ობიექტების შეწამვლაა, რომ ზაფხულში ქვეწარმავლების საფრთხე არ შეიქმნას.

ამ დროისთვის ქუთაისში 63  ოჯახში 185 ებრაელი ცხოვრობს. რაც შეეხება შერეულ ოჯახებს, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან ებრაელთა მასიური გადინება მოხდა,  ქუთაისში მხოლოდ 2 ადამიანი დაბრუნდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა