მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასაუქმებელია ტერმინი „სამხედრო სამსახური“, არ პასუხობს 21-ე საუკუნეს - უჩა აბაშიძე

სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე

სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი, პროექტი დაჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. 

უჩა აბაშიძის მოსაზრებით, გასაუქმებელია ტერმინი „სამხედრო სამსახური“, რადგან სამსახურმა მიიღო „მსახურის“ ფორმა და აბსოლუტურად არ პასუხობს 21-ე საუკუნეს. 

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც სამხედრო კონტრაქტზეა და გადის მუდმივ მზადებას ომისთვის - უნდა ეწოდებოდეს: სამხედრო სპეციალისტი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 
საქართველოს ჯარისკაცი და არა სამხედრო მოსამსახურე.

„ესე იგი ჩემი აზრით გასაუქმებელია ტერმინი „სამხედრო სამსახური“.
სამწუხაროდ, დიდი ხანია, სამსახურმა მიიღო „მსახურის“ ფორმა და აბსოლუტურად არ პასუხობს 21-ე საუკუნეში, წერა-კითხვის მცოდნე, კინოებნაყურებ, თამაშებ-ნათამაშებ ახალგაზრდას - სამხედრო მომზადების გზას
100 წლის წინ უდავოდ აუცილებელი იყო! - არ ვდაობ ამაზე.

დღეს აღარ არის ეფექტური ფორმა და არც ტერმინი. ადამიანი, რომელიც სამხედრო კონტრაქტზეა და გადის მუდმივ მზადებას ომისთვის - უნდა ეწოდებოდეს: სამხედრო სპეციალისტი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 
საქართველოს ჯარისკაცი და ა.შ. მაგრამ არა სამხედრო მოსამსახურე, არაფერი მსახური მანდ არ არის, ხელფასს იღებს, მუდმივ წვრთნაში და მზადყოფნაში
ომის დროს - ისევ, ჯარისკაცი, მებრძოლი და ა.შ.

ხოლო საქართველოს მოქალაქეები - უნდა გადიოდნენ ნებაყოფლობით სამხედრო მომზადებას ან სამხედრო განათლებას
(მომზადება არის სადაც მეტი პრაქტიკაა, განათლება - სადაც პრაქტიკა ცოტაა და თეორია მეტია)
ყველა ვარიანტში ყველაფერი ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მილიონჯერ დავზვერე ეს ახალგაზრდებში
ვისაც არ უნდა „ომის ცოდნა“ - არ უნდა და აზრი არ აქვს იმის წვალებას, მარტო აზიზღებ ყველაფერს
ვისაც უნდა - იმას უნდა მიაწოდო საინტერესოდ და უნდა მისცე საშუალება აირჩიოს როგორ ისწავლის (რამდენიმე ვარიანტიდან) - იმიტომ რომ „მსახურით“  იმასაც აზიზღებ ყველაფერს ანუ „მონაგარს“ და „დაშავებას“ შორის, „სავალდებულო სამსახურით“ მეტს აშავებ, ვიდრე იგებ“, - აცხადებს აბაშიძე. 

ექსპერტის განცხადებით, სამხედრო მომზადების და განათლების ფორმები რამდენიმე უნდა იყოს. 

უჩა აბაშიძე სამხედრო განათლების კურსებთან დაკავშირებით განმარტებს აკეთებს და ამბობს თუ როგორი უნდა იყოს ის. 

„ჩემთვის ეს უდავოა, სამხედრო მომზადების და განათლების ფორმები უნდა იყოს რამდენიმე:

უნდა იყოს 2-დღიანი სამხედრო განათლების კურსები, წელიწადში 4-ჯერ მოგცემს რაღაც „სამხედრო მოხალისის“ სტატუსს, რომ ომი თუ მოხდა - გექნება განათლება და ელემენტარული პრაქტიკული ცოდნა, გეცოდინება რომელ ნაწილს ეკუთვნი, სად მიხვიდე და იმათ ეცოდინებათ რომ „ელემენტარული ყველაფერი იცი“.

მერე უნდა იყოს „სამხედრო რეზერვისტის მომზადება“, რომელიც არის დაახლოებით ის რაც დღეს არის, წელიწადში 45-დღიანი (თვენახევარიანი) - მომზადება, სადაც ადამიანს სჭირდება მუდმივად ფორმაში-ც იყოს, იმიტომ რომ ხშირად რომ გაქვს 1 და 2-კვირიანი „სბორები“  არ გამოდის ღიპიანი გამოცხადდე და მერე სრულფასოვან წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს სხვადასხვა სამხედრო მომზადების კლუბები, რომლებიც რეალურად ჩაირიცხებიან სხვადასხვა ნაწილებში და მათი მომზადების დონე იქნება „უბრალოდ განათლებაზე“ მაღალი თავისთავად. იმავდროულად, ჩემი აზრით, ტერიტორიული დაცვის წევრი იქნები თუ „მობილური საჯარისო ნაწილის“ არის ცალკე ამბავი ანუ შეიძლება გაიარო „სამხედრო განათლება“, მაგრამ შესაბამის ფორმაზე მონიშნო რომ გინდა „ტერიტორიული თავდამცველობა", ან "მობილური ჯარისკაცობა"
მაგრამ დიდ ქალაქებს არ უნდა ჰქონდეთ „ტერიტორიული თავდაცვობის“ უფლება, იმიტომ რომ ურბანულ სამყაროში ეგრეა, მოსახლეობის უმეტესობა ქალაქებში ცხოვრობს და დანარჩენი საქართველო?
სოფლებს უნდა ჰქონდეთ რომ 27 კაცი, რომელიც ვცხოვრობთ ამ სოფელში, დავიცავთ ამ სოფელს.

(ასევე შეიძლება ეს უფლება „ჩაირთოს/გამოირთოს“ კონფლიქტის ზონასთან ახლო სოფლებში მაგალითად, ან ქალაქებში დაწესდეს ქვოტები და იმის ზემოთ არ შეიძლებოდეს... მოკლედ ამაზე შეიძლება ბჭობა)
იდეა იმაშია რომ ომის შემთხვევაში „სამხედრო სპეციალისტები“ და „ქართული ჯარის თანამშრომლები“ - არიან ვისაც რეალურად შეუძლია შეტევითი ბრძოლების წარმოება იმავე წამს (საუბარია იმაზე რომ არ არსებობს თავდაცვა - თავდასხმის გარეშე) და რეზერვისტები არიან ვინც იმავე წამს არიან მზად დაიკავონ და დაიცვან საჭირო მიმართულებები ანუ მათი მომზადების დონე, უნდა „ემიზნებოდეს“ ამას, რომ „განგაშის“ გამოცხადებიდან 3-5 საათში (მეტი არ გვექნება, ამიტომ მიზანი ეგ არის) - შეეძლოთ დაიკავონ გარკვეული სიმაღლეები და ხეობები (სადაც მანამდე შეიძლება ჩატარდეს მათი წვრთნები და წინასწარ იყოს გარკვეული სამზადისი ჩატარებული)
და სამხედრო-მოხალისეები - შეიკრიბებიან იმავე დროში და განაწილდებიან მიმართულებებზე, შევსებად, დაცვაში

ჩემი აზრით „მეტს ვერაფერს“ ასწავლი ვერც მათ, უბრალოდ ნაკლებად მოსალოდნელია რომ ფორმაში იყვნენ და მეორადი მიმართულებები უნდა დააცვევინო და „შევსებად“ გამოიყენო სადაც დაგჭირდება, თორემ დამატებით არაფერი „ვარჯიში“ აღარაფერს შეცვლის, სანგრის თხრა და იარაღიდან სროლა, ინჟინერია, რადიოს მოხმარება, ტანკ-საწინააღმდეგო და ჰაერ-საწწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, იმდენადვე უნდა ასწავლო, რაც რეზერვისტებს (საერთოდ არაა ეგ პრობლემა წელიწადში 4-ჯერ, 2-დღიანი შეკრებებით, რამდენიმე წელი გადაბმულად)

ჩვენი ქვეყნის მიზანი, რეალურად უნდა იყოს 100 000 ან 150 000 იარაღიანი ადამიანის მოკრების უნარი, ომის შემთხვევაში, რომლებმაც ამ იარაღის გამოყენება იციან, ზოგადად რაღაც ორგანიზებულობა აქვთ და დამატებით რაღაც მოწყობილობების გამოყენება მეტ-ნაკლებად იციან (რაციები, ტანკსაწინააღმდეგოები, დრონები და ა.შ.)
და მორჩა, ჩვენს რელიეფზე ვერავინ ვერ მოგვერევა, თუ ამას შევძლებთ. სულ ეს არის მიზანი.

და თუ დამატებით გვეყოლება 10-20 ათასიანი პროფესიონალი სამხედრო ჯარისკაცი
საერტთოდ არაფრით არავისზე უარესი არ ვიქნებით სულ ესაა.

იმისთვის რომ  ნებაყოფლობითმა სისტემებმა გაამართლოს, უნდა იყოს სწორი მიწოდება, სწორი რეკლამა, სწორი ახსნა, სწორი დანახება რომ „ურემი როცა გადაბრუნდება მერე არანაირი მოხალისეები არ მიიღება, ვერ მოვასწრებთ ვერაფერს მერე“ და ა.შ.

ანუ რომ აგიხსნიან მოხალისე, არის ეს, 2 დღიანებს რომ გაივლი წელიწადში 4-ჯერ შაბათ-კვირას, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთი არ ვართ, მისაცემი მიწა გვქონდეს, ჩვენ ომი რომ დაიწყება 3 საათში უნდა იბრძოდე ავტომატით ხელში, თორემ მორჩა...
2-კვირიან კურსებს - მერე ვერ გაგატარებთ „მოხალისეს“ ამიტომ ახლა უნდა მოიფიქრო.

თუ იომებ, უნდა ჩაეწერო მოხალისეებში და როგორმე გამონახო 2 დღე ხოლმე თითო სეზონზე
და თუ გინდა რომ „წინა ხაზზე იომო ეგრევე“ და „ლამის ჯარი იყო“ უნდა ჩაეწერო რეზერვში და რეალურად თითო სეზონზე თითო კვირა გამონახო (ანუ 45 დღე ბევრია, წელიწადში 30 დღე საკმარისია) და დარბაზშიც იარო და სპორტითაც იყო დაკავებული რომ სულ ფორმაში იყო.

და თუ ხალხს პოლიტიკოსები სულ შეახსენებენ რომ ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ, როდის გავარდება ტყვია არ ვიცით, ღობეებს რომ სწევენ მოგწონთ? - არ მოგწონთ, ხო და რამე რომ ვქნათ მზად უნდა იყოთ
და ასე შემდეგ. აუცილებლად მოიძებნება 100 000 (და მეტი) მსურველი

ოღონდ პირობები უნდა იყოს არა 11 თვე მსახური, არამედ მოკლე-მოკლე განათლება/მომზადებები
ყურადღება მიაქციეთ, სიტყვა მსახური საერთოდ არ გამოვიყენე ზემოთ აღწერაში.

როგორც კი „მსახურს“ ამოაგდებ, ეგრევე გაიგებ რომ „მონობა“  უნდა გაქრეს სამხედრო თემიდან და უნდა გაქრეს „სავალდებულოც“ იმიტომ რომ აიძულებ და აზიზღებ ყველას ყველაფერს, არადა სამშობლოს დაცვა, თითქმის ყველას უნდა 15 წუთი თუ სწორად დაელაპარაკები კიდევ, და მონობა და „ძალით მშვიდობიანობის დროს უამრავი დროის კარგვა“ არავის არ უნდა,  ესაა ჩემი აზრი, შეიძლება დავა დეტალებზე, რა თქმა უნდა
მაგრამ ის რომ სავალდებულო სამსახური უნდა დარჩეს „6 თვიანი ან 11 თვიანი“ არის თავის და ხალხის მოტყუება
ყველაფერი ამოსაღებია მანდედან, სავალდებულოც, მსახურიც, დროც“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი. 

 

ამავე თემაზე: 

🔴 სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება - ირაკლი ღარიბაშვილი