მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ?

მსოფლიო და მედიცინა

კორონავირუსის პანდემიით გლობალიზაციის პროცესი არ შეჩერდება, ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომში ლიდერის პოზიციას ჩინეთი დაიკავებს, ხოლო ვირუსები, შესაძლოა, ბიოლოგიურ იარაღად იყოს გამოყენებული. ასეთია თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იაშარ იაკიშის პროგნოზი პანდემიის შემდეგ მსოფლიოში მოსალოდნელ ვითარებაზე.

"გლობალიზაცია სავარაუდოდ გაგრძელდება. შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩინეთი დაიკავებს ლიდერის პოზიციას. მე მჯერა, რომ მსოფლიოს უსაფრთხო ადგილად გადაქცევის მცდელობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. თუმცა, ეს არ შეაჩერებს ქვეყნების შეჯიბრს შეიარაღებაში. ვირუსები შესაძლოა ბიოლოგიურ იარაღად იქნას გამოყენებული ”, - განაცხადა იაშარ იაკიშმა.

პოლიტიკოსის მოსაზრებით, მნიშვნელოვნად შემცირდება ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი და მოქალაქეების შემოსავლები, მდიდარი ადამიანები გაკოტრებული კომპანიების შეძენას დაიწყებენ. მისივე თქმით, მსოფლიოში კიდევ უფრო აქტუალური გახდება ონლაინ ვაჭრობა, დისტანციური სწავლების მოდელი და შეხვედრების ვიდეოკონფერენციით გამართვის საკითხი.

როგორც იაშარ იაკიშმა განაცხადა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა, განსაკუთრებით კორონავირუსის გავრცელების ბოლო ფაზაში, მოსალოდნელია იცრუონ, რომ მათ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი აქვთ და ამ გზით დიდი მოგება მიიღონ.

პოლიტიკოსის თქმით, მსოფლიომ უნდა ისწავლოს ამ სიტუაციიდან.

"ამის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ქვეყნები, წარმატებული მთავრობებით, პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივ სტრატეგიას შეიმუშავებენ",- განაცხადა იაშარ იაკიშმა.

კორონავირუსი მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 1,8 მლნ-ზე მეტი და გარდაცვლილია 110 000-ზე მეტი ადამიანი.