ვან გოგი ვინსენტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინსენტ ვან გოგი. ვარსკვლავებიანი ღამე, 1889; ტილო, ზეთი, 73X93 სმ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი. შეძენილია ლილი პ. ბლიზ ბექესთისგან (472.1941)

ვინსენტ ვან გოგი – პოსტიმპრესიონისტთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰოლანდიელმა მხატვარმა ვან გოგმა (Vincent van Gogh, 1853-1890) საკუთარი, მძაფრად გამომსახველი სტილი შექმნა. სანამ 1880 წელს მხატვრობას გადაწყვეტდა, ვან გოგი, რომელიც პროტესტანტი მღვდლის უფროსი შვილი იყო, მასწავლებლად ხელოვნების დილერად და მისიონერად მუშაობდა. ბრუსელში, ჰააგასა და ანტვერპენში ხანმოკლე სწავლის შემდეგ, ვან გოგი პარიზში გადადის, სადაც იგი პარიზულ ავანგარდს ეცნობა. სიორას პუანტილისტური მანერა, იმპასტოს (სქელ ფენად დადებული საღებავი) მრავალმიმართულებიანი კაშკაშა ფერების მონასმები, ვან გოგმა თავისი სურათების უმძაფრესი ემოციურობისა და ზედაპირის ხელშესახები ფაქტურულობის წყაროდ აქცია.

ვან გოგი სოციალისტი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ თანამედროვე ცხოვრება, თავისი მუდმივი სოციალური ცვლილებებით, პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტაციით, ადამიანებში ერთმანეთისა და საკუთარი თავის მიმართ გაუცხოებას იწვევდა მისი ნამუშევრები მხატვარსა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირის დამყარებით, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაზიარებისა და ამ გზით თანამედროვე საზოგადოების ემოციური სიღარიბის დაძლევის მცდელობაა. მხოლოდ ათი წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილმა მისმა ნამუშევრებმა მრავალწილად განსაზღვრა მოგვიანებით ექსპრესიონიზმის აღმოცენება, სადაც მხატვრის ემოციური მდგომარეობის სიმძაფრე სრულიად გადაწონის ხილული რეალობის მიმსგავსების ყოველგვარ სურვილს. მუშაობის საკუთარ მეთოდს ვან გოგი ძმისადმი მიწერილ წერილში აღწერს: "მსურს, რომ დავხატო მხატვრის მეგობარი, რომელსაც აქვს დიდი ოცნებები, რომელიც მუშაობს ისე, თითქოს ბულბული გალობდეს, რადგან ასეთია მისი ბუნება. ეს კაცი იქნება ქერათმიანი. სურათში ჩემი მადლიერება, ჩემი მისდამი სიყვარული მინდა გადმოვცე. ამ ადამიანს ისევე პატიოსნად დავხატავ, როგორიც იგია თავად. მაგრამ, ამით სურათი არ დასრულდება; მის დასასრულებლად შეუპოვარი კოლორისტი უნდა გავხდე. უნდა გავამძაფრო ქერა თმის ჟღერადობა, გამოვიყენო ნარინჯისფრის, ყვითლისა და ღია ყვითლის ტონალობები. ფიგურის თავის უკან, უსახური ოთახის ჩვეულებრივი კედლის ნაცვლად, უსასრულობა უნდა დავხატო. გავაკეთებ რაც შეიძლება ინტენსიურ ლურჯ, ულურჯეს სადა ფონს და ამ მარტივი კომბინაციით - მანათობელი ქერა თმებით ინტენსიურ ლურჯ ფონზე - მივაღწევ იდუმალების ეფექტს, ისეთს, როგორსაც ცის ღრმა სილურჯეში აციმციმებული ვარსკვლავები ქმნიან."

ვან გოგის ამ მიდგომის ყველაზე ცნობილი მაგალითია "ვარსკვლავებიანი ღამე" - ქალაქ სენ-რემის ფსიქიატრიული კლინიკიდან დანახული და მხატვრის წარმოსახვით შექმნილი ხედი. მშვიდი ქალაქის თავზე ცა ღვთაებრივი რიტმებით პულსირებს და "აფეთქებული" ვარსკვლავებით ელვარებს. სიცოცხლისა და სიკვდილის რაობაზე ფიქრით, ვან გოგი წერილში წერს: "როგორც ტარასკონსა და რუანში ჩავყავართ მატარებელს, ზუსტად ასე მივყავართ სიკვდილს ვარსკვლავებამდე." ამ იდეას სურათში კვიპაროსის ხე განასახიერებს, რომელიც სიკვდილისა და მარადიული სიცოცხლის სომბოლოდაა მიჩნეული. სურათის წინა პლანზე დრამატულად აღმართული კვიპაროსი მიწიერ და ზეციურ სამყაროთა მაკავშირებლად გვევლინება. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე, სინამდვილეში, სიყვარულთან ასოცირებული პლანეტა ვენერაა. შესაძლოა, სურათის გასაოცარი ენერგეტიკა ვან გოგის მიერ სიკვდილის გზით იმ სიყვარულის მოპოვების ეიფორიულ იმედს გადმოსცემდეს, რომელიც სიცოცხლეში არ ეღირსა მხატვარს. ეს სურათი ფერწერის ხერხებით განხორციელებულ ამბოხს განასახიერებს, რადგან მთელი მისი ზედაპირი სხვადასხვა ინტენსიური ფერის მეტალივით მკვეთრი და თითქოს ტკივილისგან დაკრუნჩხული მონასმებითაა დასერილი. ვან გოგის მანერა უშუალო, ინტენსიური და ექსპრესიულია და აღბეჭდავს სწორედ იმას, რასაც მხატვარი გრძნობს და არა იმას, რასაც ხედავს. ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელსაც ვან გოგი ნახევარი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში განიცდიდა, რამდენიმე დღე, ხანაც კვირები გრძელდებოდა. ამ დროს მას გაურკვეველი ხმები ესმოდა, მუშაობას ვერ ახერხებდა და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობებიც კი ჰქონდა. სტრესებისა და უმძიმესი შეტევების შედეგად იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც დახატა კიდეც ვარსკვავებიანი ღამე; ბოლოს კი, 1890 წლის ივლისში, ვან გოგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები