მარტყოფის ღვთაების მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტყოფის მონასტერი

მარტყოფის მონასტერი (მარტყოფის ღვთაების მონასტერი) – (ინგლ. Martkopi Monastery), VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი. მდებარეობს ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით 25-27 კილომეტრზე, ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. დაარსებულია საქართველოში მოსული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, მამა ანტონ მარტყოფელის მიერ. სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ნაგებობებია: ღვთაების, ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობის ტაძრები, სამრეკლო, საბერეები, გალავანი.

ღვთაების ტაძარი

მონასტერი სამხედრო დანიშნულებისა იყო. მას გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის სიგრძე 1400 მეტრს აღწევდა, სიმაღლე – 8 მ, სიგანე – 2 მ. 1752 წელს იგი დაუნგრევიათ ლეკების მარბიელ რაზმებს. მონასტრის ტაძრებიდან უმთავრესია გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული მეფეების ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. მონასტრის ნაგებობათა კედლებზე შემორჩენილია მეტად ორიგინალური ჩუქურთმები და მორთულობები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ანტონ მარტყოფელის საფლავია. ტაძრის აღმოსავლეთით დგას 1629 წელს აგებული სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ანჩისხატის, ნინოწმინდისა და ურბნისის სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა. მონასტრის აღმოსავლეთით მთის წვერზე აღმართულია მამა ანტონის გზისმკვლევი ქვის სვეტი, სადაც სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა მამა ანტონმა (სვეტის დანიშნულება იყო მრევლისა და მგზავრებისათვის ღამით გაადვილებულიყო მონასტერში ასვლა. თავისი არსებობის განმავლობაში მარტყოფის მონასტერმა ბევრჯერ განიცადა რბევა-დაწიოკება მომხვდური მტრის მიერ (არაბები, სპარსელები, მონღოლები, ლეკები და სხვ.), მაგრამ ქართველი ხალხისა და მათი მეფეების ძალისხმევით კვლავ შენდებოდა და დღესაც მოქმედი მონასტერია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები