ჩოხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩოხა

ჩოხა // ფიჩვ // ღართი (სამეგ.) // ვოსარ (სვან.) – ადრეფეოდალური ხანის საქართველოში საბერო ტანსაცმელს ეწოდებოდა. გვიანფეოდალურ ხანაში კი მამაკაცისა და ქალის ძალზე გავრცელებული სამოსია. ახალუხთან შეწყვილებით, ჩოხა მამაკაცის კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო მთელ კავკასიაში. საქართველოში ჩოხის არაერთი ტიპი იყო გავრცელებული, რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განირჩეოდა: სიგრძით, წელზე გაწყობით, ზურგსმობმული კალთით, გვერდებზე არსებული ქიმების რაოდენობით თუ გვერდების შეხსნილობით და ა.შ. არსებობს ჩოხის რამდენადმე გამოკვეთილი ტიპები:

1 ქართული, ანუ გლეხური მოკლე ჩოხა, მუხლამდე სიგრძისა, ნაოჭიანი ან ჩაქიანი, ხშირად 2 ჩაქიანი და 16-კალთიანი. გვერდებში შეხსნილი. გულმკერდზე 5-6 სამასრეებით. ამ ტიპის ჩოხის თავისებურ ვარიანტს ქმნიდა კახური ჩოხის ანალოგიით შექმნილი ხევსურული ჩოხა, მისი თავისებურება ისაა, რომ ჩოხის გულისპირის კალთები და ზურგი დაფარული იყო ნაქარგობით. XX ს. პირველ ათეულში მოკლე ჩოხა უმეტესად საქართველოს მთიანეთში იყო შემორჩენილი.
ჩოხა
2 ჩერქეზული, ანუ თავადური ჩოხა 4-ჩაქიანი. ორი მაღალი ჩაქი გვერდებთან უკეთდებოდა და ორი დაბალი კი უკან. მხრებში აუჭრელს წინ მთლიანი კალთები ჰქონდა და უკან ზურგსმობმული კალთა. მთლიან კალთებს „ბედენებს“ უწოდებდნენ. მიკერებულ კალთებს „ბღარტებს“. როგორც წესი, ჩოხას ჰქონდა განიერი სახელოები და გულისპირზე დაკერებული „სამასრეები“// „საქილეები“ (იმერეთი). სამასრეებში რქის, სპილოს ძვლის ან ვერცხლისთავიანი მასრები ეწყოთ, ზოგჯერ ზედ გამობმული ვერცხლის ძეწკვებით - „ყაწიმებით“. ჩოხა იკვრებოდა ღილ-კილოებით და წელზე შემოსაკვრელი ტყავის ვერცხლის ნაწილებიანი ქამრით, რომელზედაც ხმალ-ხანჯალი ეკიდათ.

3 ქალაქური, ანუ ყარაჩოღული ჩოხა, ფეხის კოჭებს მწვდომ ამ ჩოხას მრავალ (2-16) „ყურებს“// ჩიბუხს //ჩაქს“ უკეთებდნენ. გულმკერდზე ცერად აკერებდნენ დეკორატიულ სამასრეებს.

ჩოხის ყველა ნაპირს აბრეშუმის გრეხილი ან ყაითნის ზონარი შემოევლებოდა. ყაითნისავე იყო შესაკრავი ღილ-კილოები. ჩოხის შიდა ნაკერების დაცვის მიზნით ჩაფარიშებს ხმარობდნენ. ჩოხის ფერების შერჩევას სოციალური მდგომარეობა და სპეციალობაც განსაზღვრავდა. ასე მაგალითად, ოთხჩაქიანი ჩოხები თავადაზნაურობის საცმელი იყო, რვაჩაქიანს ყარაჩოღელები ხმარობდნენ.

„ჩოხა“ თუშეთსა და ფშავში ქალის ზედა სამოსელსაც ერქვა, ხევსურეთში „ჩოხის ძველს“ დაგლეჯილ ჩოხას უწოდებდნენ, ხოლო შუაფეოდალური ხანის საქართველოში ბერ-მონაზვნური ტანსაცმლით მოსილს „ჩოხოსანი“ ეწოდებოდა. მასრა-ქილებიანი ჩოხა ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია, მისი აქტიური გამოყენება საქართველოში იწყება XVIII ს-დან.


ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962.
  • გ. ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX საუკუნისა, სსმმ, ტ. XIXA–XIXB, 1957.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები