წმიდა ცეცხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Wminda cecxli.png

დღესასწაული წმიდა ცეცხლის გამოჩენისა - პირველად - საეკლესიო ჟამთააღმწერლის პამფილოსის ცნობით, პირველად ზეციური ცეცხლი აღდგომა ღამეს მაცხოვრის საფლავის ტაძარში III ს-ში გადმოვიდა: ერთხელ, როდესაც სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელებში ზეთი შემოაკლდათ, პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მასში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან გარდამოვიდა ცეცხლი და აღანთო კანდელები, რომელიც არ ჩამქრალა მთელი ლიტანიობის მანძილზე.

აღდგომის წინა დღეს წმიდა ცეცხლის გადმოსვლის შესახებ დაწვრილებით ცნობებს გვაძლევს დეკანოზ პეტრეს (კონჭოშვილი) 1899 წლის ჩანაწერი: „დიდ შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმადიდებელ ქრისტეანეთა, ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი, რომელნიც მოსრულნი არიან ყოველთა კიდეთაგან ქვეყანისათა, ფერად-ფერადთა ეროვნებათა, გარდა ლათინებისა, და დალაგდებიან ტაძრის სხვა კუთხეებში, სადაც ვინ ჰპოვებს უმჯობესად. ყოველნი ლამპარნი და სანთელნი, რომელნიც მოიპოვებიან ტაძარში, დაიშრიტებიან. მრავალრიცხოვანი ჯარიც ოსმალთა დალაგდება გარშემო წმ. საფლავის სამლოცველოში და საშუალ ადგილებზედ ტაძრისა ასაშორებელად და დასამშვიდებლად უწესოებისა, რომელიც შესაძლებელია მოხდეს ტაძარში შეჯახების დროს ამ დღეს ამოდენა ერთა და ხალხთა შორის.

დიდ შაბათს, ცისკრის დაწყების წინა, მართლმადიდებელი სარწმუნოების არაბნი, შეასრულებენ ძველის დროიდან ნებადართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლისა გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმამაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარშემო კუვიკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ“; და - „არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებლის სარწმუნოებისა!“ შესავალი კუვუკლიისა, ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი, დაიხშვება და მიებეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათა. საკრებულო ტაძრის საკურთხეველში შეიკრიბებიან: ბერძენთა პატრიარქი და მის იქ არყოფნაში ერთი მღვდელმთავართაგანი იერუსალიმის საყდრისა (ტახტისა), ჩვეულებრივ, მიტროპოლიტი პეტრის ქალაქისა, სრულიად მართლმადიდებელის სამღვდელოების თანდასწრებითა, შემდეგ სომეხთა სამღვდელოება და მოდასენი სხვათა ქრისტეანეთა ეროვნებათა. ხოლო ოდეს იგი მოიწევა დანიშნული ჟამი სამეუფო კარნი გაიღებიან და სამოსელგახდილი პატრიარქი, ან მიტროპოლიტი, ერთს მხოლოდ თეთრს ბისონში, გროვა სანთლებით ხელთა შინა, რომელნიც არიან დანიშნულ მისაღებად წმ. ცეცხლისა, წინამძღოლობითა მთელის სამღვდელოებისათა, წარემართება წმ. საფლავის სამლოცველოსაკენ გალობითა: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირს-მყვენ წმიდით გულითა დიდებად შენდა“.

საღმრთო კრება სამგზის შემოუვლის წმ. კუვუკლიას, ლიტანიის შემდეგ ბეჭედი კარებიდან აიხსნება და მართლმადიდებელი ბერძნების პატრიარქი ზოგად სომხების პატრიარქთანა შევალს წმ. საფლავის ქვასა. მხოლოდ საფლვსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა. ამ დღესაწაულობითს წამს დამშვიდდება ეკლესიაში აღელვება: ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალ ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა. ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვადასხვა ენაზედ 30 ათასი კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღუებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა; წმ. ცეცხლი ამობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმიდა ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდაათცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრების 33 წელთა. წმ ცევხლი გარდაეცემა მარჯვენით რგვალის სარკმელით ანგელოზის სამხრედამ მართლმადიდებელის პატრიარქისა მიერ, ხოლო მარცხენით კერძო - სომეხთა პატრიარქისაგან.

მარჯვენის სარკმელიდამ წმ. ცეცხლს მიიღებს ჩვეულებრივ რომელიმე გამოჩენილი პატივცემული სახლობა ადგილობრივთა მართლმადიდებელთაგანი და გარდაიტანს მას საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც კანდელაკი წმ. საფლავისა დაურიგებს ყოველთა ტაძარში მყოფთა. ხოლო სომეხნი, კოპტები და სირიელნი მიიღებენ წმ. ცეცხლსა სომხების პატრიარქისაგან მარცხენა სარკმელიდან (ფანჯრიდან), გარდაიტანენ თავის სამლოცველოებში და დაურიგებენ თვისთა; ზარების რეკვითა, რკინის სარაკუნებელის ტყეპითა, სასიხარულო ხმითა დედაკაცთა და ტაძრის განათებითა 30 ათასის ცეცხლითა პატრიარქს გარდაიყვანენ არაბნი ხელითა უკანვე საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყება დიდშაბათის ცისკარი. ამ წამიდან იერუსალიმის ეკლესიებში და გარემო სოფლებში აღეგზნება ცეცხლები, ხოლო ტაძარში მყოფნი თითოეული ამ ჟამად მხოლოდ ხუთ წამს აღანთებს 30-ს სანთელს და შემდეგ ერთბაშად მოასვენებს განგებ მომზადებულის შავის შალის ანუ მაუდის ქუდითა, ერთბაშად დაახურავს და ჩააქრობს, რომ სანთლის კორიანტელმა ანუ კვამლმა არ შეაწუხოს იქ მდგომრენი.

წმიდა ცეცხლის გამოჩენის დღესასწაულობა შთააგონებდა უმაღლეს გალობათა მთხზველსა ჩვენის ეკლესიისას დაეწერა ტროპარი, რომელიც იგალობება ცისკრად წმ. პასექისა: „აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქვეყანა, და ქვესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვჰსძლიერდით“. ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარების გარეთ, მარცხნივ, საშუალო სვეტზედ არის ქართული წარწერა ასომთავრული, რომლიდგანაც ამოვიკითხე მხოლოდ შემდეგი: „ქრისტე მაცხოვარ შეიწყალე ჯარვარ...“ გაგრძელება ამოფხვრილია, რადგანაც ეს ადგილი სვეტისა გაპობილია.

სვეტის განსქდომის მიზეზად ასეთი წმინდა გარდამოცემა არსებობს: 1549 წელსა, დიდს შაბათს, არ მიუციათ ნება ძალმომრეობით მართლმადიდებელთა ბერძენთა პატრიარქისათვის, რათა შესულიყო და მიეღო ქრისტე მაცხოვრის საფლავიდგან საღმრთო ცეცხლი, რომელიც სასწაულებრივ ყოველ დიდ შაბათს აღმობრწყინდება ცხოველმყოფელ საფლავიდგან. ეს უფლება ანუ უპირატესობა ქრთამისა გამო ოსმალთა ფაშას გარდაეცა სომეხთა პატრიარქისათვის. თუმცაღა შესულა სომეხი პატრიარქი ქრისტეს საფლავის წინაშე, მაგრამ სასწაულებრივ არ ანთებულა სანთელი მის ხელში, არამედ საღმრთო ცეცხლი აღმობრწყინვებულა ქრისტეს საფლავიდგან და გამოვარდნილა გარეთ კედელში ამ ზემოხსენებულის სვეტით, სადაც მდგარა ბერძენი პატრიარქი და ანთებულა მისი სანთლები, იქიდგან კი აღუნთიათ სანთელი მართლმადიდებელთა, მდგომარეთა თვისის სამღვდელოებით ეკლესიის გარეთ კარებთან.

წმინდა ანუ მადლიანი ცეცხლი აღმობრწყინდება ქრისტეს მაცხოვრის საფლავიდან ყოველს წელს, დიდ შაბათს.“

დეკანოზი პეტრე (კონჭოშვილი) 1899 წ.

ღვთიური ცეცხლის გადმოსვლა ამჟამადაც ისევ ისე ხდება, როგორც დეკანოზმა პეტრემ აღწერა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები