წყალასაღები ჭაბურღილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალასაღები ჭაბურღილი: 1-წყლის ტუმბო; 2-თიხის ჩამკეტი; 3-წყლის მომღები მილი; 4-სამაგრი მილი; 5-წყალუჟონადი ფენა; 6-ფილტრი; 7-წყლოვანი ფენა

წყალასაღები ჭაბურღილი − მიწისქვეშა წყლის ასაღები ჭაბურღილი, აღჭურვილი სამაგრი მილებითა და ფილტრებით. ასეთი ჭაბურღილის სიღრმე დამოკიდებულია წყლოვანი ფენის განლაგებაზე, რომელშიც არსებობს წყალი. რაც მეტია ჭაბურღილის სიღრმე, მით მეტია იქიდან ამოღებულ წყალში მარილების შემცველობა ანუ მით მეტია მინერალიზაცია.

კონსტრუქციის მიხედვით წყალასაღები ჭაბურღილი ორი სახისაა: სრულყოფილი და არასრულყოფილი. სრულყოფილია ჭაბურღილი, რომელიც სრულად ხსნის წყლოვან ფენას ანუ სრულად გადის წყლოვან ფენაში და ებჯინება წყალუჟონად ფენას. ის უზრუნველყოფს წყლის მაქსიმალურ მოდინებას და სწრაფ ავსებადობას. არასრულყოფილი კი ხსნის წყლოვანი ფენის ნაწილს და წყლის მოდინება ასეთ ჭაბურღილში ნაკლებია. მას ქვიშოვან ფენაში ბურღავენ იმ შემთხვევაში, როცა წყლოვანი ფენის სისქე დიდია და მისი სრული გავლა საჭირო არაა. ჭაბურღილი კირქვოვან ფენაში მიეკუთვნება არასრულყოფილს, რადგანაც აუცილებელი არ არის კირქვის ფენის სრული გაბურღვა. ჭაბურღილის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია ფილტრი, რომელიც არის მილი წვრილი ნახვრეტებით ან ბადე. ის წინააღმდეგობას უწევს ძირითად მილში დამაბინძურებლების (ქვიშა, ლამი და სხვ.) შეღწევას. ჭაბურღილის კედლების ჩამოქცევის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ფოლადის ან პლასტმასის სამაგრი მილი.







წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები