ხევსურული სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თანამედროვე ტერასებიანი ხევსურული სახლები ს. შატილში, საქართველო

ხევსურული სახლი – ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში ქვითკირით აშენებული კოშკური ტიპის სახლი, რომელსაც არა მარტო საცხოვრებელი, არამედ თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა.

კოშკები ძირითადად პირამიდულ სახურავიანი იყო. საძირკველში სიმტკიცის ნიშნად იცოდნენ მუხის კუნძის ან რკინის ნაჭრის ჩატანება. XVII-დან, ფშავ-ხევსურეთში არაგვის ერისთავთა ლაშქრობის შემდეგ, კოშკური კულტურა დაქვეითებას განიცდის და იცვლება ქვითკირული და ტერასულ-კალოიანი სახლებით. ქვის მშრალი წყობით აგებულ ხევსურულ სახლში შიგა ტიხრები თიხით იყო შელესილი. პირველი სართულის შესასვლელი წარმოადგენდა „ქარიპანის“, სადაც ზაფხულობით საქონელს აბამდნენ. აქვე ალაგებდნენ ქურთს. ქარიპანიდან ჯერ საძროხეში (სახოზდაგე, სახვასტაგე) იყო შესასვლელი, შემდეგ „ნაწვლის კარით“ ოჯახის ძირითად სამყოფო ოთახში იყო გასასვლელი. ამ შესასვლელ-გასასვლელით მხოლოდ ქალები სარგებლობდნენ. მამაკაცები მეორე სართულიდან, ჭერხოდან ჩადგმული კიბით ჩადიოდნენ სამყოფში. „სამყოფოს“ შუაგულს წამოადგენდა კერა (ყვერფ-კერა), რომელის თავზე, ჭერში, დატოვებული იყო ღიობი კვამლის გასასვლელად, საიდანაც სინათლეც შემოდიოდა. იქვე, ასაყარზე გადებულ ხეზე, ჩამოკიდებული იყო საკიდელი. ოთახის დასავლეთ მხარეს, კედლის გასწვრივ იდგა გრძელი, ორნამენტირებული სამამაცო სკამი და ოთახის ნაწილსაც „სამამაცო“ ერქვა. სამამაცო სკამზე მხოლოდ მამაკაცები სხდებოდნენ დამსახურებისა და ასაკის მიხედვით. სამყოფო, მეორე სართულს – ჭერხოს, კიბით უკავშირდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა აგრეთვე საქონლისათვის საკვების ჩასაყრელად. სამყოფო ოთახს სინათლის შესასვლელად კედლებში დატანებული ჰქონდა ვიწრო შუკუმები. ჭერხოში იყო მოთავსებული საოჯახო ინვენტარისა და მარცვლეულის შესანახი გოდრები, კიდობნები, ტაგრუცები, ხოკრები, თიკრუნები და სხვა სახის ნივთები. ცალ მხარეს საქონლის საკვებ თივა-ჩალას აწყობდნენ. ჭერხო და ყოველი ღია ტერასა გადახურული იყო ბანით. ძირითადად ბანზე, სადაც პურს აკალოვებდნენ, დაშენებული იყო მაღალბანიანი კალო, სადაც ძნას ლეწავდნენ. ბანი ძნელად მოსავლელი იყო. იგი წამოადგენდა ხის კოჭებზე განლაგებულ ჩალისა და ხის წვრილ ტოტებზე დატკეპნილ თიხამიწას, რომელსაც ირგვლივ ბრტყელი ქვის სანაპიროები ჰქონდა შემოწყობილი. ბანს რეგულარული ტკეპნა სჭირდებოდა. ხევსურულ სახლს კიდევ ჰქონდა ტერასულად მიშენებული მცირე ზომის სათავსები წინგარდა და გვერდითა. სახლის ირგვლივ განლაგებული იყო საჩადლი, სანეხვე და სამრელო.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები