ბოლო წლებამდე ატარებდა მანქანას, მასპინძლობდა წვეულებებს – ქართველი გენერლის ქალიშვილის უცნობი ისტორიები

ქართველი გენერლის ქალიშვილის უცნობი ისტორიები

გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი ნინო კვინიტაძე 100 წლის ასაკში, პარიზთან ახლოს, შატუში 2020 წელს გარდაიცვალა.

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საფრანგეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ნანო კვინიტაძე – გასაბჭოების შემდეგ ევროპაში პირველი ემიგრაციის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მთავარსარდლისა და ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის (ჩიქოვანი) ქალიშვილი.

ქალბატონი ნანო აკვანში იყო, როცა გენერლის ოჯახი რუსული ოკუპაციის გამო იძულებით საფრანგეთში დევნილობაში წავიდა. რთული დასაწყისი გამოიარეს, მათ შორის კვინიტაძის მუშაობა ქარხანაში მექანიკოსად და მისი მაწვნის გაყიდვის ბიზნესი ნანოს ძიძის ბაბალეს დახმარებით.

ნანო კვინიტაძესთან სასიამოვნო და სენტიმენტალური მოგონებები მაკავშირებს. პარიზში მუშაობის პერიოდში ის, მიუხედავად 90-ს გადაცილებული ასაკისა, მუდმივი მხარდამჭერი და აქტიური მონაწილე გახლდათ საქართველოს და საელჩოს ძალისხმევისა.

არ დამავიწყდება მისი შეშფოთებული სატელეფონო ზარი აგვისტოს ომის დღეებში, რამაც ბუნებრივად გენერალი მამის ერთი საუკუნისწინანდელი ბრძოლები გაახსენა იგივე მტერთან.

ქალბატონი ნანო ბოლო წლებამდე აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა: ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ამბებს სამშობლოდან, მონაწილეობდა დიასპორის ღონისძიებებში, ატარებდა მანქანას, მასპინძლობდა სააღდგომო წვეულებებს ბაბალეს რეცეპტით გაკეთებული პასკით და ა.შ.

დღესასწაულებზე მასთან ხშირად იმყოფებოდა ერთადერთი შვილი, ლონდონში მცხოვრები ვარსკვლავი მსახიობი და ჯეიმს ბონდის გოგო მარიამ დ’აბო, რომელსაც საქართველოს სიყვარული თვით გენერალმა ჩაუნერგა და ასწავლა.

სიამაყით გავიხსენებ იმადაც, რომ ჩემი ინიციატივით 2006 წლიდან თბილისში არსებობს გენერალ კვინიტაძის ქუჩა, სადაც თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.“ – წერს მამუკა კუდავა.

გიორგი კვინიტაძის უმცროსი ქალიშვილი ნინო დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა 1920 წელს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი, პირველი რესპუბლიკის ჯარს ხელმძღვანელობდა 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.

იგი 1921 წლის მარტში ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად. გენერალი კვინიტაძეც ღრმად მოხუცებული, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა 1970 წელს, პარიზის მახლობლად, შატუში.

გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი და ნინოს ქალიშვილი ცნობილი მსახიობი მარიამ დაბოა, რომელმაც გამორჩეული სახე შექმნა ჯეიმს ბონდის მე-15 ფილმში.

კარა მილოვის როლი „ნაპერწკლები თვალებიდან“, მისი პირველი როლი იყო.