„ზურა გაგიჟდა, ისე მოეწონა - მაშინვე მისწერა ბიჭებს და...“ - რას ამზადებენ ნინო და „ქუჩის ბიჭები“

nino

„მე შენ მჭირდები“ -  ასე ჰქვია ბექა ნიკოლაშივილის სიმღერას, რომელიც ნინო ჩხეიძემ და ჯგუფმა „ქუჩის ბიჭებმა“ ჩაწერეს. სიმღერის ტექსტი ბიჭებს ეკუთვნით. სიმღერაზე კლიპს Happy Dreamers Production, ზურა ვასაძე და სერგო ეგოიანი, იგივე „სპილბერგი“ იღებენ.

როგორც მომღერლები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, სიმღერას გაჰიტდება და ის საინტერესო კოლაბორაცია გამოვიდა.

ნინო ჩხეიძე: - ზაფხულში ბათუმში ორი დღით ვიყავი ჩასული და იქ ზურა ხაჩიძე ვნახე, ერთად ვისადილეთ და ბექას სიმღერა მოვასმენინე, რომელიც მან ჩემთვის დაწერა. ზურა გაგიჟდა, ისე მოეწონა. მოდი, ერთად ჩავწეროთო. მაშინვე მისწერა ბიჭებს და დაიგეგმა ჩაწერა. თბილისში დავბრუნდით თუ არა, Niostudio-ში ჩავწერეთ. 

ზურა ხაჩიძე: მე და ნინოს დიდი ხანია დუეტის ჩაწერა გვინდოდა. მაგრამ იმდენად ლამაზი სიმღერაა, მხოლოდ ჩემი თავისთვის ვერ გავიმეტე და ჯგუფთან ერთად ჩაწერა ვამჯობინე.

ნინო: იცით, როგორი სიმღერაა? ახალ სიტყვას რომ იტყვის. წარმატებული დუეტები მაქვს და მგონია, რომ "ქუჩის ბიჭებთანაც" დასამახსოვრებელი დუეტი გამოვა. მეც ჩემი ჟანრი მაქვს, ბიჭებსაც - თავისი, ამიტომ ეს კოლაბორაცია საინტერესო გამოვიდა. ვინც მოისმინა, მოსწონს.

პირველი დუეტი „ქართულ ხმებთან“ ერთად ვიმღერე. მაგრამ პოპჯგუფთან ერთად ჩემი პირველი დუეტია.

სიმღერა სიყვარულზეა. კლიპიც ლამაზი გამოვა. სტუდიური ნაწილი გადავიღეთ. გვექნება გარე გადაღებებიც.

ზურა: საკმაოდ საინტერესო დუეტი გამოვიდა. ეს კოლაბორაცია იმით არის საინტერესო, რომ ორივე სხვადასხვა ჟანრში ვმღერით. მუსიკალურად ნეიტრალური მიმართულება გამოვძებნეთ და კარგი გამოვიდა. 

ნინო: ბიჭები ძალიან  მოწესრიგებულები და გუნდურები არიან. დიდი კომფორტი იყო ის, რომ საერთო აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

პოპი ახალია ჩემთვის და რჩევებს მაძლევდნენ. კომფორტი შემიქმნეს. დანარჩენი შეაფასოს მსმენელმა. თუ მოეწონება მსმენელს, მერე კიდევ უფრო გავთამამდები...

ზურა: ეს სიმღერა თავის სიტყვას იტყვის. ვინც კი ისმენს გარშემო, ყველა მეუბნება, ასპროცენტიანი ჰიტიაო.