Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა მოსიას ქართული ჯაზი ვენაში


შინ - უცხოეთში: თეონა მოსია
შინ - უცხოეთში: თეონა მოსია

ავსტრიაში, ვენაში - კლასიკური მუსიკის ქალაქში - 18 წელიწადია ცხოვრობს თეონა მოსია, ჯაზის მომღერალი, ვოკალის პედაგოგი. ვენაში რომ ჩამოვედი, პანკი ვიყავი, ასევე მეცვა და ჩემში პანკი დღესაც ცხოვრობსო, მიამბობს თეონა ახლა, ექვს წელიწადში მას მერე, რაც 2017 წელს მასზე მოკლე ფილმი გადავიღეთ ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად.

გადმოწერა

თეონა უფრო ქართულ და მეგრულ ენებზე მღერის, ვენას ეტრფის, მაგრამ ჩემი მუსიკის ქალაქი არ არისო, ამბობს. თუმცა, კონცერტიც უხვად აქვს და თაყვანისმცემელიც უამრავი ჰყავს, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდა იანვრის ბოლოს, ვენის სახელგანთქმულ Sargfabrik-ში გამართული კონცერტისას. გული მხოლოდ ერთ რამეზე ეტკინა - ქართველები არ მოვიდნენო...

არ ვიცი, ვინ ადგენს და ვინ წყვეტს, რომელ ჟანრს მიეკუთვნება თეონას მუსიკა, ვიცი ის, რომ ჯაზის მომღერალია და რადგან ჯაზს ქართულად ან მეგრულად მღერის, შეიძლება ეთნომომღერალიც უწოდოთ.

ერთადერთი ვოკალია თავის ბენდში, მაგრამ, მისი თქმით, თუ ისეთ კომპოზიციას უკრავენ, რომელიც მრავალხმიანობისთვისაა შექმნილი, სხვა ხმებს ინსტრუმენტები ანაცვლებენ: პიანინო და ბასი. მუსიკოსები კი არიან სერბი ნიკოლა სტანოშევიჩი და ირანელი ნავიდ ჯავადი, რომლებთან თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის.

თეონა მოსიამ თავისი პირველი კონცერტი, ვენაში, ჯაზკლუბ ZWE-ში გამართა. იქ კონცერტებს დღესაც ესწრება, მაგრამ - თვითონ იქ გამოსვლა არ მინდა, რადგან პირველი იყოო.

თეონა მოსია სიმღერების ავტორია, ცხადია, უწევს ცნობილი თუ ნაკლებად პოპულარული სიმღერების არანჟირება, ჯაზის ენაზე გადატანა. მიყვება, პანდემიის პერიოდი ძალიან კარგად გამოვიყენე და ბევრი სიმღერა დავწერე, მაგრამ ჯერ არავის მოუსმენია, მათი გამომზეურება მომავლის პროექტიაო.

შინ - უცხოეთში: თეონა მოსია...
please wait

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00

თეონა საქართველოში ცხოვრების დროს, სკოლის პერიოდში, ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა, ასევე იყო მისი მამაც და დასთან ერთად, სამ ხმაში სიმღერაში ატარებდნენ საღამოებს. ამ დროს აქვს ნასწავლი და მოსმენილი ბევრი ხალხური სიმღერა.

„ყოველთვის ვცდილობ, მივიწყებული ხალხური სიმღერები დავამუშაო, გადავაკეთო ან არანჟირება გავუკეთო. დასანანია, რომ ბევრი საინტერესო სიმღერა იკარგება. არის სიმღერები, მოუსმენ და გესმის - აქვს საოცარი პოტენციალი, რომ გაკეთდეს ამის იმპროვიზაცია და როცა ამ სიმღერებს ვისმენ, არ ვფიქრობ დიდხანს, რა შეიძლება გაკეთდეს, არამედ უკვე ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება ამ სიმღერიდან“, - მიყვება თეონა მოსია, რომელიც, ჩემი დაკვირვებითაც, მეგრულად როცა მღერის, უფრო თავისას მღერის.

თეონა მოსიას შესრულებით მოისმენთ როგორც სხვების, ისე მის მიერ შექმნილ სიმღერებს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG