Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუკი რაიმე გამაჩნდა, მიწაშია" - ითხვისში სახლების დაცლა დაიწყეს


დანგრეული სახლი ითხვისში
დანგრეული სახლი ითხვისში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ორი უბნის მცხოვრებლები სახლებს ცლიან. 27 მარტს დასახლებაში, მიწის დიდი მასა დაიძრა და პირველი სახლი ჩაიყოლა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მას კიდევ 10 მიჰყვა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა და ღობეებიც გადაწვა.

წინასწარი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში, საერთო ჯამში, 11 ოჯახი დაზარალდა, მათგან 7 კი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩა.

"თუკი რაიმე გამაჩნდა, მიწაში არის ჩასული… სახლმა ნგრევა ღამის თორმეტ საათზე დაიწყო, მაგრამ გამოსულები ვიყავით. 16 წლის ვიყავი, შენება რომ დავიწყეთ და გაყვა ჩემი გული და სული ამ სახლს", - გულამოსკვნილი ტირილით ჰყვება ითხვისელი მანანა მეგრელიშვილი, რომლის სახლიც პირველი დაინგრა. ქმართან ერთად ის სოფელში ნათესავს შეეკედლა დროებით.

მეგრელიშვილების დანგრეული სახლი ითხვისში
მეგრელიშვილების დანგრეული სახლი ითხვისში

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სოფელში მიწა მას შემდეგ დაიძრა, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" ითხვისში მანგანუმის მადნის მოპოვება დაიწყო, სახლებზე კი პირველი ბზარები დაახლოებით ერთი წლის წინ შენიშნეს.

"აქ მეწყერი არ არის… მაღარომ გაიარა და ჩავარდა სახლი მთლიანად. 4-5 წელია თურმე, რაც ჩუმად გამოიმუშავებენ მადანს, აფეთქების ხმები არ გაგვიგია, მაგრამ მაღაროში ამბობენ, [მადანი] ტრაქტორებით გამოვიტანეთო. ადრე ხალხს დაბლოკილი ჰქონიათ ეს ადგილები. არ აწარმოოთ აქ სამუშაოები, თორემ უბანი დაიქცევა მთლიანადო", - ჰყვება მანანა.

"ჯორჯიან მანგანეზში" რადიო თავისუფლებას დარწმუნებით უთხრეს, რომ ითხვისში მიწის ჩამოშლას არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან, რადგან, მათი მტკიცებით, სოფელში მადანს არ მოიპოვებენ.

როდესაც შარშან გაზაფხულზე მეგრელიშვილებმა პირველი ბზარები შენიშნეს და მალევე იგივე პრობლემები სხვა მცხოვრებლებსაც გაუჩნდათ, დასახმარებლად მუნიციპალიტეტს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლო მოვლენების შემდეგ ჭიათურის მერიამ 7 ოჯახს ქირის გადახდა შესთავაზა, მაგრამ, ჯერჯერობით, დაზარალებულები სოფელსა და სახლებს არ ტოვებენ.

"გადამიხდიან 2-3 თვე [ქირას], ალბათ და მერე მე უნდა ვიხადო? რითი? პენსიონერები ვართ ორივე ცოლ-ქმარი. თან მე ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ", - ამბობს მანანა.

სათამაშო კონსტრუქტორივით დაიშალა გოგატიშვილების მარანი და სახლის ნახევარი. ისინიც იმ 7 ოჯახს შორის არიან, რომლებსაც გადასახლება ელოდებათ. რადიო თავისუფლებას სპარტაკ გოგატიშვილიც იმავეს ეუბნება, რასაც მანანა მეგრელიშვილი - მიწა სოფელში მას შემდეგ დაიძრა, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" ითხვისში მადნის მოპოვება დაიწყო.

"მიწა მიდის დაბლა, რა წუთში მოწყდება და წავა, არავინ იცის. აქ გაჩერება არ შეიძლება. მერია დროებით თავშესაფარში გადაყვანას დაგვპირდა, დღეს უნდა გადაგვიყვანონ. ან მე უნდა ვნახო, ან თვითონ. ჯერ არ მცალია და არ მინახავს არაფერი", - ამბობს სპარტაკ გოგატიშვილი.

ითხვისს ესაზღვრება ჭიათურის კიდევ ერთი სოფელი - შუქრუთი, სადაც 2019 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ანალოგიური პრობლემა შეექმნა - დაინგრა სახლები, დაიბზარა ნიადაგი, შუაზე გაიპო ხეები, შეიცვალა გზები, დაზიანდა სასაფლაოები. შუქრუთელებიც პრობლემის მიზეზად მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს ასახელებდნენ, რომელიც, მათი თქმით, 2016 წლიდან განაახლეს.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სოფელში მადნის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყეს, თუმცა სამუშაოები დასახლებული პუნქტისთვის საფრთხისშემცველი აღმოჩნდა და შეწყვიტეს.

"ჯორჯიან მანგანეზში" ადგილობრივების ბრალდებას მაშინაც უარყოფდნენ.

"მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ შუქრუთში სახლების დაზიანების მიზეზი დღემდე გარკვეული არ არის. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა.

"არც გამოქვეყნებულა ექსპერტიზის შედეგები. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და საკითხი პრინციპში მოუგვარებელი დარჩა. იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვინ ატარებს ექსპერტიზას. ის დამოუკიდებელმა მხარემ უნდა ჩაატაროს", - ამბობს ნინო გუჯარაიძე რადიო თავისუფლებასთან.

ჭიათურის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გადასახლებასა და ქირის საფასურის გადახდაში დაეხმარებიან.

"სახლის დაცლაშიც დავეხმარეთ მანქანებით. ადგილზე იყვნენ ექსპერტები, კიდევ ელოდებიან, რომ ნგრევის მიზეზები დაადგინონ. გუბერნიის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები უკვე იყვნენ ადგილზე და მერიც შეხვდა მოსახლეობას. ზარალის ოდენობას დაითვლიან და გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს", - აცხადებენ მერიაში.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG