Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთიდან კვერცხის იმპორტი იზრდება - ადგილობრივი მეფრინველეობა წუხს


2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თურქეთის კვერცხის იმპორტი $12 000-დან $684 260-მდე გაიზარდა
2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თურქეთის კვერცხის იმპორტი $12 000-დან $684 260-მდე გაიზარდა

სააღდგომოდ თბილისში, უბნის მაღაზიებში, სოფლის კვერცხი ცალობით 60-90 თეთრად იყიდებოდა. ქსელურ მაღაზიებში 10-ცალიანი შეკვრის ფასი კი 6 ლარს ასცდა.

კვერცხის ადგილობრივი წარმოება არ შემცირებულა, ხოლო იმპორტი გაიზარდა. ამის მიუხედავად, კვერცხის ფასი გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ითაა მომატებული.

კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები იმპორტის გაზრდაზე წუხან და სახელმწიფოს საზღვრის დაცვას სთხოვენ.

$12 ათასიდან $684 ათასამდე

სტატისტიკის სამსახურები დანიშნულების მიხედვით ასხვავებენ ქათმის კვერცხს - ინკუბირებისათვის და არაინკუბირებისათვის. მათი სტატისტიკა ცალ-ცალკე იწარმოება. საქართველოში ორივე ტიპის კვერცხის იმპორტი არის გაზრდილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით.

პირველ რიგში დავაკვირდეთ „შინაური ქათმის ახალ კვერცხს, არაინკუბირებისათვის“, - როგორც ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე, „სუფრის კვერცხს“, ან სასურსათო კვერცხს. იგი საკვებად გამოიყენება და ინკუბატორებში წიწილების გამოსაჩეკად არ მოიხმარენ.

საქართველოში მსოფლიოდან „სუფრის კვერცხის“ იმპორტი, 2023 წლის პირველ კვარტალში, - პირველ სამ თვეში, - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რადიკალურად გაიზარდა - $12 790-დან $684 260-მდე.

როგორც 2022 წლის, ისე 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოვიდა კვერცხი. შესაბამისად, სრული გაზრდილი იმპორტიც თურქეთზე მოდის.

2023 წლის თვიური მონაცემები ასე გამოიყურება:

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთიდან კვერცხის იმპორტის რადიკალური ზრდა 2022 წლის მე-4 კვარტლიდან იწყება.

2023 წლის პირველ კვარტალში მაინც უფრო მეტი კვერცხი შემოვიდა, - ჯამურადაც და თურქეთიდანაც, - ვიდრე 2022 წლის მე-4 კვარტალში.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი იმაზე მეტია, ვიდრე 2021 წელს ქვეყანაში მთლიანად შემოტანილი კვერცხის ღირებულება.

მიზეზები

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი თურქეთიდან სუფრის კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის თურქეთში შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს.

„თურქეთმა ბოლო წლებში გაზარდა კვერცხის წარმოება, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტების ნაკადმა იკლო, რასაც მიწისძვრებმაც შეუწყო ხელი. თურქეთში გაზრდილმა წარმოებამ კი გასაქანი ჰპოვა საქართველოში - ახლომდებარე ბაზარზე, რომელიც ღიაა“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი. იგი, ასოციაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისი XII“-ის დამფუძნებელია.

თურქეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტურისტების რაოდენობა 2023 წლის თებერვლისთვის, წლიურ ჭრილში, გაზრდილია, თუმცა, ამავე დროს, 2022 წლის სექტემბრიდან კლების ტენდენციაა.

ტურიზმის სტატისტიკა თურქეთში. წყარო: Trading Economics
ტურიზმის სტატისტიკა თურქეთში. წყარო: Trading Economics

საქართველოს სტატისტიკა, თავის მხრივ, აჩვენებს, რომ გასულ 10 წელიწადში მსოფლიოდან კვერცხის იმპორტი მეტად ქაოტური იყო: თუკი 2013-14 წლებში 1.5 და 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2015 წელს რადიკალურად შემცირდა 36 000 დოლარამდე, შემდეგ 3 წელი ნელ-ნელა იმატებდა, 2019 წელს 1.4 მლრდ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი კვლავ დაიკლო.

2019 წელს საქართველოში მსოფლიოდან კვერცხის ჯამური იმპორტი იყო 1.4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო თურქეთის წილი - მხოლოდ 65.2 ათასი დოლარი - დაახლოებით 5%. იმ წელს მხოლოდ ორი იმპორტიორი იყო საქართველოში - თურქეთი და უკრაინა. სწორედ უკრაინაზე მოდიოდა იმპორტის 95%.

2020 წელს უკრაინიდან კვერცხის იმპორტი განახევრდა ($577 ათასი შეადგინა), 2021 წელს კი $110 ათასამდე შემცირდა. რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, 2022 წლიდან კი საერთოდ შეწყდა. ამჟამად ერთადერთი იმპორტიორი თურქეთია.

სად იყიდება იმპორტირებული კვერცხი?

ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი თავდაპირველად აგრარულ ბაზრობებზე იყიდებოდა ხოლმე ცალობით, შეუფუთავად.

„და, ძირითადად, იყიდებოდა აჭარაში, რადგან ახლოსაა საზღვართან, თან თურქეთის ბევრი მოქალაქეა, ტურისტები, არის გარკვეული თურქული წარმოებები და ა.შ. თუმცა ახლა თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი იყიდება თბილისშიც. გამოჩნდნენ [პირები თუ კომპანიები], რომლებიც პლასტმასის 10-ცალიან შეკვრებში აწყობენ თურქულ კვერცხს, უკეთებენ ბრენდირებას და ასე ყიდიან. რაოდენობაც გაიზარდა და თბილისისკენაც წამოვიდა“, - ამბობს იგი.

რადიო თავისუფლებამ „ორი ნაბიჯის“, „სპარის“ და „ევროპროდუქტის“ ქსელებში, შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ მაღაზიებში, მხოლოდ ქართული წარმოების კვერცხი იპოვა. 10-ცალიანი შეკვრის ფასი 6 ლარიდან 6.45 ლარამდეა.

6.15 ლარი და 6.35 ლარი - კვერცხის სხვადასხვა შეკვრის ფასი თბილისში, ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში. 2023 წლის 21 აპრილი
6.15 ლარი და 6.35 ლარი - კვერცხის სხვადასხვა შეკვრის ფასი თბილისში, ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში. 2023 წლის 21 აპრილი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კვერცხზე ფასმა 13.6%-ით მოიმატა.

ამასთან, უჩუმბეგაშვილის თქმით, იანვარში კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა, - მანამდე კი, გასულ წელს 20%-ით მოიმატა ღირებულებამ. ადგილობრივი წარმოების კვერცხის გაძვირების ძირითად მიზეზად ნედლეულის, - ამ შემთხვევაში ქათმის საკვები სიმინდისა და ხორბლის, - გაძვირება სახელდება.

განსხვავება ფასში?

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი ფასით კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების კვერცხს, - უფრო იაფია, მაგრამ, უჩუმბეგაშვილის თქმით, ნაკლებად ხარისხიანი.

„პირველ რიგში, თურქეთში ჭარბი წარმოებაა და, აქედან გამომდინარე, თურქი ექსპორტიორები ფასს არ აქცევენ იმდენად ყურადღებას, ოღონდ მოიშორონ. ეს იმიტომ, რომ კვერცხი მალფუჭებადი პროდუქციაა. ამასთან, შემომტანმაც ხომ უნდა მოიგოს. ამიტომ, ყველა ღონეს მიმართავენ, რომ რაც შეიძლება იაფად გაყიდონ“, - ამბობს იგი.

უჩუმბეგაშვილის შეფასებით, ხდება „დემპინგი“: „ჩვეულებრივ, როდესაც რომელიმე ქვეყნის პროდუქცია შემოდის, საშიში არ არის, გაუწევ კონკურენციას. მაგრამ როდესაც საუბარია სოფლის მეურნეობის მალფუჭებად პროდუქციაზე, რომელიც არ გადამუშავდება და რომლის ჭარბი წარმოებაც აქვს მეზობელ ქვეყანას, ამავე დროს, სხვაგან წასაღები არ აქვს, შენთან შემოაქვს, ოღონდ გაყიდოს, იქ უკვე ფასზე აღარაა საუბარი. ეს არის კლასიკური დემპინგი“, - ამბობს იგი.

დემპინგი უცხოეთის ბაზარზე საქონლის, შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით, იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდვას გულისხმობს.

ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმითვე, „მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია“ სისტემატურად მართავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან და სთხოვს კვერცხის ადგილობრივი ბაზრის ექსპორტისგან დაცვას, თუმცა უშედეგოდ.

„2009-10 წლებიდან ქვეყანას შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს კვერცხზე მოთხოვნა… მაგრამ თუ ასე გაგრძელდა საქმე, ქართულ წარმოებას საფრთხე დაემუქრება და, ეტაპობრივად, გაჩერდება. მოხდება ის, რაც მოხდა წისქვილკომბინატებთან დაკავშირებით - ადგილობრივი მეწარმეების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი დახურულია“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

მას მოჰყავს პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითი, რომლებმაც გასულ კვირას მიიღეს გადაწყვეტილება, 30 ივნისამდე გარკვეული პროდუქტების, მათ შორის კვერცხის, იმპორტი აეკრძალათ, - ძირითადად, უკრაინიდან.

„ევროკავშირში მცხოვრებ ფერმერს თუ შეუშალა უცხოურმა პროდუქციამ ხელი, ჩვენი ფერმერი ისე მყარად დგას ფეხზე, რომ ხელს ვერავინ უშლის?“ - კითხულობს იგი.

გაიზარდა საინკუბაციო კვერცხის იმპორტიც

გარდა „სუფრის კვერცხისა“, 2023 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია იმ კვერცხის იმპორტიც, რომელიც ინკუბირებისათვის გამოიყენება.

თუკი ამ პროდუქციის იმპორტი გასულ წელს, პირველ კვარტალში, მხოლოდ 12.8 ათასი აშშ დოლარი იყო, წელს ამავე პერიოდში 684 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა ამ შემთხვევაშიც, - ორივე წლის პირველ კვარტალში, - მხოლოდ თურქეთია.

საინკუბაციო კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზად „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი საქართველოში თურქულ-ქართული ინკუბატორის ამუშავებას ასახელებს.

მისი თქმით, თურქულ კომპანია HasTavuk-თან ერთად 2022 წლის მარტიდან გარდაბანში ამუშავდა ინკუბატორი, რომელიც „ეწევა სანაშენე ფრინველის წარმოება-რეპროდუქცია-რეალიზაციას“.

„ამ კომპანიის წარმოება თურქეთში, ქალაქ ბურსაშია. ცოცხალი ფრინველი, სანამ ბურსიდან ჩავა აზერბაიჯანში, გზაში ვერ ძლებს, იხოცება. საგარეჯოდან კი თავისუფლად ძლებს აზერბაიჯანამდე, - წარმოების საგარეჯოში გადმოტანა 40 საათით ამცირებს გზას. ამიტომ გაკეთდა ეს ერთობლივი, ქართულ-თურქული წარმოება. გარდაბნის ინკუბატორი ამ ეტაპზე ყიდულობს, - და მომავალში დაგეგმილი აქვს ადგილზე აწარმოოს, - საინკუბაციო კვერცხებს, ჩამოაქვს თურქეთიდან, ახდენს წიწილების ინკუბაციას, ანუ რეპროდუქციას, და წიწილებს ყიდის აზერბაიჯანსა და სომხეთში“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

საინკუბაციო კვერცხის იმპორტის ზრდასთან ერთად გაიზარდა წიწილის ექსპორტი საქართველოდან.

2023 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში 1.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წიწილა (ოფიციალური კლასიფიკაციით, ეს არის „ცოცხალი შინაური ქათამი, მასით არაუმეტეს 185 გრამისა“) გავიდა, სომხეთში კი - 302 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისა.

XS
SM
MD
LG