Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიიდან გლდანის პარკამდე - მილიონიანი ნაძვის ხის ქართული ამბავი


მარცხნივ - მილიონიანი ნაძვის ხე, მარჯვნივ - იმავე მილიონიანი ნაძვის ხის გადარჩენილი ნაწილი.
მარცხნივ - მილიონიანი ნაძვის ხე, მარჯვნივ - იმავე მილიონიანი ნაძვის ხის გადარჩენილი ნაწილი.

იტალიაში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხე თბილისის მერიამ 2023 წელს ახლით ჩაანაცვლა. ახალი ნაძვის ხე 720 ათასი ლარი დაჯდა. მისი ყიდვის მიზეზად ძველის დაწვა დაასახელეს. მილიონიან ნაძვის ხეს ფოიერვერკის გამო ცეცხლი გასულ წელს გაუჩნდა.

რა ბედი ეწია შემდეგ? - ვარკვევთ ამ სტატიაში.

მილიონიანი ნაძვის ხის ნაწილებისგან აწყობილი ეს ხე გლდანის პარკში დგას
მილიონიანი ნაძვის ხის ნაწილებისგან აწყობილი ეს ხე გლდანის პარკში დგას

ამ ფოტოზე ცნობილი მილიონიანი ნაძვის ხეა აღბეჭდილი, უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩა.

ფოტო გლდანის პარკშია გადაღებული. გლდანელებმა არ იციან, რომ მათი უბნის მთავარი ნაძვის ხე იმ ცნობილი, იტალიური ნაძვის ხის დაწვას გადარჩენილი ნაწილია.

რატომ განსხვავდება ასე ძალიან ორიგინალისგან მისი ახალი ვარიანტი? - „წელს ასე მოხერხდაო“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას "თბილსერვის ჯგუფში" და დაამატეს, რომ გადარჩენილი ტოტებისგან ორი პატარა ნაძვის ხის აწყობას გეგმავდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთის შეძლეს.

იტალიური ნაძვის ხის სიმაღლე, სანამ დაიწვებოდა, 25 მეტრი იყო, რადიუსი კი 10 მეტრი. გადარჩენილი ნაწილებისგან აწყობილი ნაძვის ხე კი ნახევარზე ნაკლები - 11 მეტრია.

„ზოგადად, ამ ნაძვის ხეების კონსტრუქცია ისეთია, რომ ტოტების გადაწყობის და ფორმის მიცემის საშუალებას იძლევა“, - ამბობს დავით ფაჩულია, "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი.

გლდანის პარკამდე მილიონიანი ნაძვის ხე თბილისის მერიის საწყობში ინახებოდა და 2024 წლის დადგომასაც იქვე „დაელოდებოდა“, რომ არა ერთი შემთხვევა. გასული წლის ხუთშაბათს, 28 დეკემბერს, ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა, მათ შორის დააზიანა გლდანის ნაძვის ხეც.

თბილისის მერიამ გამოსავალი მალე იპოვა - იტალიური ნაძვის კონსტრუქცია შეცვალეს, ტოტები გადააწყეს და ასეთი ხე გამოვიდა.

გადარჩენილი ნაწილებისგან აწყობილი ნაძვის ხე 11 მეტრია.
გადარჩენილი ნაწილებისგან აწყობილი ნაძვის ხე 11 მეტრია.
გადაკეთებული ნაძვის ხე მინიმალისტურია, არ არის გადატვირთული სათამაშოებით.
გადაკეთებული ნაძვის ხე მინიმალისტურია, არ არის გადატვირთული სათამაშოებით.

აღარც გლდანი დარჩა საახალწლო ხის გარეშე და არც ხე დარჩა საწყობში.

იტალიური ნაძვის ხის ბედით რადიო თავისუფლება 28 დეკემბრის შემთხვევამდე დაინტერესდა - მოვიკითხეთ, სად იყო ხელოვნური ნაძვი, რომელიც 4 წლის წინ წინასაახალწლო განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა და ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ თბილისში ჩამოტანამდე მოექცა.

ნაძვის ხე მილიონ ლარად

თბილისის მერიამ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე იტალიაში 2019 წელს იყიდა. მისი ღირებულება 304 848 ევრო იყო - ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 996 853 ლარი. კომპანია IDO SRL ტენდერით შეარჩიეს. ნაძვის ხე ამ კომპანიას უნდა დაემზადებინა, აეწყო და თბილისში გამოეგზავნა. ამავე საწარმომ გაიმარჯვა თბილსერვისის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში და საახალწლო სათამაშოებიც თბილისის ქუჩების გასაფორმებლად ამ კომპანიას დაუკვეთეს. გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები - მილიონ-ნახევარზე მეტი დაჯდა.

კომპანია IDO SRL-ისგან 2018 წელს თბილისს უკვე ნაყიდი ჰქონდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნაძვის ხის ნათურები, ლამპრები და სანათი ნივთები.

თბილისის მერი კახა კალაძე, ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამზადების პროცესის გასაცნობად იტალიაში, ქალაქ რეჯო ემილიაში გაემგზავრა. შემდეგ, საწარმოდან ფეისბუკლაივში მოჰყვა, როგორ ამზადებდნენ ნაძვის ხეს და საახალწლო განათებებს თბილისისთვის - რაში იხდიდა მერია მილიონებს.

ასეთი იყო იტალიური ნაძვის ხე საქართველოში ჩამოტანის პირველ წელს
ასეთი იყო იტალიური ნაძვის ხე საქართველოში ჩამოტანის პირველ წელს

იტალიური ნაძვის ხე 2019 წლის 25 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე აინთო. ჰქონდა ერთწლიანი გარანტია.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტთან არ დადგეს. მიზეზი შვილმოკლული მამების - ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია გახდა. ისინი თავიანთი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ და საკანონმდებლო ორგანოს წინ 10 თვე იყო, რაც კარვები ჰქონდათ გაშლილი.

2019 წლის 9 ნოემბერს ზაზა სარალიძეს მერიიდან წერილი გაუგზავნეს და საახალხლო ნაძვის ხის დადგმისა და დაგეგმილი ღონისძიებების გამო აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა მოსთხოვეს.

სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა მერიას უარით უპასუხეს. მერიის მოთხოვნის გასაპროტესტებლად ონლაინპეტიციაც შეიქმნა. ტექსტს “უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!”, ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

მერია იძულებული გახდა, ნაძვის ხისთვის სხვა ადგილი შეერჩია და არჩევანი რესპუბლიკის მოედანზე შეაჩერა.

იტალიური ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე
იტალიური ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე

იტალიიდან ჩამოტანილმა ნაძვის ხემ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. ზოგმა მეჩხერი უწოდა, ზოგმა ალვის ხე, ზოგმა „ლანდი გასდისო“, „ტოტები აკლიაო“, „ფასისთვის შეუფერებელიაო“. იყვნენ ისინიც, ვისაც მოეწონა - „ლამაზი და გემოვნებიანიაო“.

ეს ხე სადღესასწაულო სეზონზე პოლიტიკური აქციების სამიზნეც გახდა - რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ნაძვის ხესთან წყალი და სასუქი მიიტანეს - იქნებ გაიზარდოსო. აქცია-პერფორმანსი სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

„ულამაზესია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან“, - თქვა თბილისის მერმა მაშინ, როდესაც ნაძვის ხე აანთო და აუხსნა ჟურნალისტებს, რომ მსოფლიოში ახალი ტენდენციაა, ხე ბუნებრივს უნდა ჰგავდესო.

მილიონიან ნაძვის ხეს ტოტები დაუმატეს

იტალიური ნაძვის ხე ტოტების დამატების შემდეგ
იტალიური ნაძვის ხე ტოტების დამატების შემდეგ

ნაძვის ხეს, რომელიც მერის მტკიცებით ულამაზესი იყო და „არაფერი აკლდა“, 2020 წელს ტოტები დაუმატეს. ეს განახლება-მორთვა ბიუჯეტს დამატებით 195,8 ათასი ლარი დაუჯდა. თავდაპირველად მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ჩაიშალა. დამატებითი აქსესუარები გამარტივებული შესყიდვით შეიძინეს.

ასე გამოიყურებოდა მთავარი ნაძვის ხე იქამდე, სანამ ცეცხლი გაუჩნდებოდა.
ასე გამოიყურებოდა მთავარი ნაძვის ხე იქამდე, სანამ ცეცხლი გაუჩნდებოდა.

ნაძვის ხის არსებული ტოტების დაჭრასა და ახლების დამზადებაში ბიუჯეტიდან 103 850 ლარი დაიხარჯა, ნათურებსა და გირლანდებში - 70 950 ლარი. სტრინგი კაბელის შეძენაში კი 21 ათასი ლარი გადაიხადეს. სამუშაოები შპს „ღამის შოუ სტუდიამ“ შეასრულა.

2022 წლისთვის თბილისის მთავარი ნაძვის ხის გასაახლებლად კიდევ 64 ათასი ლარი დახარჯეს.

XS
SM
MD
LG