Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალბათ, ვიღაცა მფარველობს" - ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს და მის ცოლს თაღლითობაში ადანაშაულებენ


ალექსანდრე კობაიძე
ალექსანდრე კობაიძე

2023 წლის იანვარში ორი შვილის დედამ, ნონა ქადაგიშვილმა რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან თავისი 3-ოთახიანი ბინის გაყიდვის შესახებ ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა.

მისი დაოჯახებული შვილები ამ სახლში აღარ ცხოვრობდნენ, თავად კი ქმართან ერთად გურჯაანში გეგმავდა გადასვლას. ნონას ფული სჭირდებოდა. მის ძმას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

17 იანვრის საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნონას ბინის სანახავად უცნობი ცოლ-ქმარი გაუფრთხილებლად მივიდა. ნონამ კაცი მაშინვე იცნო - ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მას ბევრჯერ ჰყავდა ტელევიზორში ნანახი. ადვოკატის ცოლმა ნათია კეპაშვილმა ნონას უთხრა, რომ ახლახან ბინა გაყიდეს და ახლის შეძენა და იპოთეკით დატვირთვა უნდოდათ. ცოლ-ქმარმა ოთახები კარგად დაათვალიერეს, სახლი მოეწონათ და იქვე გადაწყვიტეს, რომ იყიდიან.

წყვილი მეპატრონეს პირველ ეტაპზე 20 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა, დანარჩენის - გადაფორმების მერე. ნონა ბინას 62 000 დოლარად აფასებდა, თუმცა ბოლოს 4 ათასი დოლარით ნაკლებზე მორიგდნენ. კლიენტებმა ქალს ანგარიშზე 500 დოლარი იმავე საღამოს ჩაურიცხეს.

დილით ნონას ალექსანდრე კობაიძემ დაურეკა და მეორე დღეს იუსტიციის სახლთან შეხვედრაზე შეუთანხმდა. ნონას ბინის გაყიდვა ნოტარიუსის დამოწმებით უნდოდა. ასე თუ მოხდებოდა, ხელშეკრულებაში დეტალურად ჩაიწერებოდა მხარეების ვალდებულებები, ბინის ფასი და ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გადახდილი თანხის ოდენობა, თუმცა კობაიძე და მისი ცოლი წინააღმდეგი იყვნენ - ნოტარიალურად დამოწმებული გარიგების შემთხვევაში ბინის იპოთეკით დატვირთვა გაგვირთულდებაო.

"შევცბუნდი, მარტოც ვიყავი. ამ დროს დამიწყო ხვეწნა ცოლმა. არაფერი სანერვიულო არ გაქვთ, ხომ ხედავთ, ვინ არის ჩემი მეუღლე და როგორ შეიძლება რამე არასწორი ქნასო. 3 შვილი გვყავს ბოლო-ბოლოო", - იხსენებს ნონა.

ნონა ქადაგიშვილი
ნონა ქადაგიშვილი

ალექსანდრე კობაიძე მართლაც ცნობილი ადვოკატია. ის სხვადასხვა დროს არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო. გიორგი შაქარაშვილის საქმის გარდა, იყო სმითების საქმეში მსჯავრდებულის უფლებების დამცველი, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იმავე ლავასოღლის ადვოკატი. აგრეთვე იცავდა ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის, დავით აქიაშვილის ინტერესებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ალექსანდრე კობაიძეს სურდა ბადრი ესებუას ინტერესების დაცვაც, თუმცა ესაბუამ მას უარი უთხრა. 2022 წელს მას სახალხო დამცველობის პოსტზეც ჰქონდა კანდიდატურა წარდგენილი და გასაუბრებაც გაიარა პარლამენტში.

გაცნობიდან მესამე დღეს ცოლ-ქმარმა ნონა ნოტარიუსის მონაწილეობის გარეშე ბინის გადაფორმებაზე დაითანხმეს და გარიგებამდე კიდევ 10 000 დოლარი გადასცეს. თუმცა იუსტიციის სახლში მისულ ქალს წინ კიდევ ერთი მოულოდნელობა ელოდა. ხელშეკრულების გასაფორმებლად ალექსანდრე კობაიძესა და მის ცოლს უცნობი კაცი მიჰყვა, ვინმე გიორგი გურაშვილი, რომელიც ნონას ოჯახის ახლობლად გააცნეს.

იუსტიციის სახლში მისულმა ნონამ პირველად შეიტყო, რომ ბინა ადვოკატზე კი არა, გიორგი გურაშვილზე უნდა გადაეფორმებინა. სუფთა საბანკო ისტორია აქვს და ბინა იპოთეკით იოლად დაიტვირთებაო, - უთხრეს. ნონას ეს ეუცნაურა, მაგრამ უარი ისევ ვერ თქვა.

"მრცხვენია [უარის თქმა], ეს ადვოკატი კაცია, ვიცნობ ტელევიზიებიდან, რაღაც შეურაცხყოფად არ მიიღოს-მეთქი. თავს ვეკითხები: აბა, როგორ მომატყუებს ეს ადამიანი?! თან ჩემი ძმის ფოტოებს ვათვალიერებინებ, თავის ტვინის ტომოგრაფიის ფოტოებიც მქონდა ტელეფონში. ნახეთ, რა მდგომარეობაშია-მეთქი. მეუბნებიან, ქალბატონო, ნონა, ჩვენ დაგეხმარებით საზღვარგარეთ გადაყვანაშიო", - ჰყვება ნონა.

ბინა გაფორმდა გიორგი გურაშვილზე, რომელმაც რამდენიმე დღეში, ნონას ადვოკატის მტკიცებით, ეს ფართი კობაიძის არასრულწლოვან შვილს აჩუქა.

ამის შემდეგ გადის დღეები, მაგრამ ნონას დარჩენილ თანხას არ უხდიან. წერს ტელეფონზე, ელექტრონულ ფოსტაზე, ურეკავს, ეხვეწება, ემუდარება, კობაიძე და მისი ცოლი კი ხან უპასუხებენ, ხან არა, ხან აიმედებენ, რომ თანხას მიიღებს.

ნონა ქადაგიშვილის მიმოწერა ალექსანდრე კობაიძესა და მის ცოლთან
ნონა ქადაგიშვილის მიმოწერა ალექსანდრე კობაიძესა და მის ცოლთან

როდესაც ნონას 47 500 დოლარის მიღების იმედი გადაეწურა, ადვოკატი დაიქირავა.

"ქალბატონი ნონა ენდო საქართველოში ცნობილ ადვოკატს… ეს არის თაღლითობის კლასიკური ნიმუში… იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწორ გზაზე დგას", - ამბობს ნონა ქადაგიშვილის ადვოკატი ალექსანდრე გიოშვილი, რომელმაც ამ შემთხვევის შესწავლა ერთდროულად ორ მაღალჩინოსანს - მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს წერილობით სთხოვა.

საქმეს თაღლითობის მუხლით უკვე იძიებს შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველო, პროკურატურის ზედამხედველობით.

ადვოკატი კობაიძეების მუშაობის სქემას ასე აღწერს: მიდიან კლიენტებთან, ყიდულობენ ან ქირაობენ ფართს, აფორმებენ ხელშეკრულებებს, რათა სამოქალაქო ურთიერთობა წარმოაჩინონ და არ ასრულებენ ვალდებულებებს. ამავდროულად კი, თვითონ იყენებენ ამ ფართს, ან აქირავებენ.

16 თებერვალს ნონა ქადაგიშვილმა სასამართლოში იჩივლა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა.

"ბინაში რემონტი გავაკეთე, გარკვეული ხარჯი გავიღე, ახლა როგორ დავუბრუნო? პროვოცირებს, რომ ტელევიზიაში წავალ და ასე შემდეგ… და შეცდომაში შეჰყავხართ თუნდაც თქვენ", - ამბობს კობაიძე, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ 3-ოთახიანი ბინის საფასური სრულად აქვს გადახდილი.

მთავარი შეცდომა ნონა ქადაგიშვილმა მაშინ დაუშვა, როდესაც იუსტიციის სამინისტროში ხელი მოაწერა გარიგების დოკუმენტს. ყიდვა-გაყიდვის წესის გამარტივების შემდეგ, იუსტიციის სახლში მარტივი ხელშუკრულება ფორმდება, სადაც წერია ფრაზა "მყიდველმა გამყიდველს თანხა სრულად გადაუხადა".

"ხოლო მტკიცებულება, ნამდვილად გადაუხადა თუ არა მყიდველმა ბინის მეპატრონეს თანხა, არ არსებობს. შესაბამისად, სწორედ ეს არის ასეთი ტიპის ადამიანების ხელჩასაჭიდი", - ამბობს ნონა ქადაგიშვილის ადვოკატი.

ორსართულიანი სახლი აბანოთუბანში

საქართველოს მოქალაქე, ბიზნესმენი მეჰმეთ ფატიჰ თურანი, რომლის ლაზური გვარი ქიქავაა, აბანოთუბანში, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ირგვლივის ქუჩაზე ორსართულიან სახლს ფლობს. ეს სახლი, რომელიც ახლა 600 000 დოლარი ღირს, მან 8 წლის წინ იყიდა და ბოლო 2 წელია, რაც გაქირავება დაიწყო.

გასული წლის მაისში ფატიჰს უცნობმა ქალმა დაურეკა, ნათია კეპაშვილად გაეცნო და სახლის ქირაობა სთხოვა. ბიზნესმენს მდგმურები უკვე ჰყავდა და კლიენტი უარით გაისტუმრა, თუმცა გაუკვირდა, რატომ დაურეკეს, როცა განცხადება გამოქვეყნებული არსად ჰქონდა. ალექსანდრე კობაიძის ცოლმა ამაზე უპასუხა: ჩემი მეგობარი თქვენი უბნელია და იმან მითხრა, რომ სახლს აქირავებთო.

"ვუთხარი, რომ სახლი დაკავებულია. მერე რა, 3000 დოლარს გადაგიხდით თვეშიო. ვეუბნები, ახლა ვინც ცხოვრობს, ის 1000 დოლარს მაძლევს, მაგრამ თუ გინდა, 5000 მომეცი, დაკავებულია-მეთქი. კარგიო", - იხსენებს საუბარს ფატიჰი.

ფატიჰ ქიქავა (თურანი)
ფატიჰ ქიქავა (თურანი)

ამ სატელეფონო საუბრიდან 2 კვირის შემდეგ ფატიჰს მეზობელი შეეხმიანა - შენმა რუსმა მდგმურებმა ამერიკაში გადაწყვიტეს გადასვლაო. ფატიჰმა რუსული არ იცის და მდგმურებთან ურთიერთობაში მეზობელი ეხმარებოდა.

ეს ის პერიოდია, როცა ფატიჰი ხან თურქეთშია, ხან საქართველოში. მას ყელის სიმსივნე აქვს და თურქეთში მკურნალობს. ნათია კეპაშვილს ის თურქეთიდან ელაპარაკა და მას მერე, რაც მდგმურების გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, ხელახლა დაურეკა - თბილისში დაბრუნების შემდეგ შეხვედრაზე შეუთანხმდა.

კობაიძის ცოლი ნათია კეპაშვილი, მას ეცნობა როგორც ექიმი, რომელსაც თემქაზე კერძო კლინიკა აქვს და სახლის მეპატრონეს არწმუნებს, რომ მისი და რუსეთიდან საქართველოში ოჯახით გადმოდის და სახლის დაქირავებაში ეხმარება.

ფატიჰი და ნათია კეპაშვილი ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ახალმა მდგმურმა სახლის პატრონს პირველი თვის ქირა 3000 დოლარი მაშინვე ჩაურიცხა, როგორც კი ფატიჰი თბილისში ბრუნდება, კლიენტთან ხელშეკრულებასაც ოფიციალურად აფორმებს.

უკვე მეთერთმეტე თვეა, რაც კობაიძეები ამ ფართს იყენებენ, თუმცა არც ქირას იხდიან და არც შენობას ტოვებენ.

"10 თვის ფული არ აქვს გადახდილი. 30 000 დოლარი აქვს ვალი. ალექსანდრე კობაიძე ვინ იყო, არ ვიცოდი. ახლა თბილისში [როცა ვარ] ქირით ვცხოვრობ ხოლმე და 900 დოლარს ვიხდი. თან გაქირავებული სახლის 7215 ლარი ყოველთვე იპოთეკაში უნდა შევიტანო", - ამბობს ფატიჰი.

როცა მიხვდა, რომ კობაიძეებთან საქმეს მარტო ვერ მოაგვარებდა, მანაც ადვოკატი დაიქირავა. იურისტმა ურჩია, უბრალოდ "ადექი და შენს სახლში შედიო". როცა სახლში მივიდა, აღმოაჩინა, რომ შენობის პირველი სართული ოფისად გადაუქცევიათ, მეორე სართული კი ტურისტებზე გაუქირავებიათ. ფატიჰმა თავისი ბინის გაქირავებაზე განცხადება booking.com-ზე იპოვა.

"ოფისად გადაქცეული ჩემი სახლის პირველ სართულზე კობაიძის 3 თანამშრომელი დამხვდა. სახლში იყო ნათია კეპაშვილიც და შენ ვინა ხარო [ვითომ ვერ მიცნო]. ვინ ვარ და ბინის პატრონი ვარ-მეთქი. ახლა პატრულში დავრეკავო. მოვიდა პოლიცია, ვანახე საბუთები და პოლიციამ ეს ამ კაცის [ფატიჰის] სახლიაო. მერე ისე გააკეთეს, რომ ჩემს სახლში ვერ შევდიოდი. 4 ძაღლი დააბეს. პოლიციაში განაცხადეს, გვემუქრება იარაღითო", - ჰყვება ფატიჰი.

კობაიძე ტყუილს უწოდებს ფატიჰ ქიქავას (თურანის) მონაყოლსაც და არც იმას ადასტურებს, რომ საქმეზე სასამართლო დავა მიდის.

"ტყუილია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ბინა რომ გააქირავა, არ იყო მის საკუთრებაში, ბანკის საკუთრება იყო, მაგაზე გვქონდა დავა", - გვითხრა კობაიძემ.

ფატიჰ ქიქავას ინტერესების დამცველი ზაზა ბუაჩიძე ამბობს, რომ ქიქავას უძრავი ქონების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

"რადგან ქირას არ უხდის, უნდა წავიდეთ და ვედაოთ ხელშეკრულების შეთანხმების შესრულებაზე. არც ფართს ცლის და კიდევ უნდა დაუწყო სხვა დავა ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე. გამოდის, რომ 2-3 წელი უნდა ვიაროთ სასამართლოში, მერე გამოვასახლებთ, დაეკისრება თანხა, მაგრამ რაც არ უნდა დაეკისროს, ქონება მის სახელზე დარეგისტრირებული არ აქვს. ამ სიტუაციას ფაქტობრივად თავის სასიკეთოდ იყენებს", - ამბობს ფატიჰის ადვოკატი ზაზა ბუაჩიძე.

ფატიჰ ქიქავა არ იცნობდა საკანონმდებლო ხარვეზს, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მფლობელს მდგმურის გამოსახლების უფლებას არ აძლევს. ამჟამად, იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში აღსრულების ბიურო სასამართლოს გარეშე დაავალდებულებს პირს ქირის თანხის გადახდას, ან ნაქირავები ბინის დაცლას.

"ჯერ უნდა მოვიხოდოთ"

"ისე შედიან ნდობაში და ისეთ ურთიერთობას ამყარებენ, რომ ვერ იეჭვებ და შენი თავის შეგრცხვება, რომ ეჭვებმა გაგიელვოს. როგორც ჩანს, ეს არის თაღლითების სქემა", - ამბობს კობაიძეების ოჯახისგან კიდევ ერთი დაზარალებული ექიმი ნატალია პაპაშვილი. ის 20 წელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია.

2021 წელს ნატალია პაპაშვილმა და კობაიძის ცოლმა ნათია კეპაშვილმა შპს "მედიელიტ ჯორჯია" დააფუძნეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეიძინეს, სამედიცინო აპარატურებით აღჭურვეს და ჯანდაცვის სამინისტროსგან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის სერვისის გაწევის ლიცენზიაც მიიღეს. ნატალია პაპაშვილის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა საბურთალოზე დაათვალიერეს ფართიც, რომელიც სამედიცინო სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

ნატალია ამბობს, რომ კობაიძის ცოლს საბურთალოზე შერჩეული ფართის ქირის გადახდა არ უნდოდა და ამიტომ მარჯანიშვილზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე 180 კვადრატული მეტრი მიითვისა, სადაც ფართის ერთ ნაწილზე თავისი ტელევიზია GMTV გახსნა, დარჩენილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს დაუთმო.

"გინდა თუ არა, არ გადავიხადოთ ქირა, რატომ უნდა გადავიხადოთო. ფართი, სადაც გადასვლა უნდოდა, არ აკმაყოფილებდა სამედიცინო სტანდარტებს. მე ვიცოდი, ჯანდაცვის სამინისტროს რა მოთხოვნები ჰქონდა - არ იყო ვენტილაცია, ნარჩენების ოთახი და ა.შ. ექიმები აქ გვყავდესო და ამაზეც დავუპირისპირდი. თან ეს ფართი საკუთრებაში რეგისტრირებული არ იყო, რომელიც მერე მერიამ აუქციონზე გაიტანა. საქმე თანამშრომლების გაფორმებაზე როცა მიდგა, არა, ნატ, რა თანამშრომლების გაფორმება, საიდან მოიტანეო. მეთქი, აბა, სახელმწიფო ბიუჯეტში როგორ ხდება გადახდა?! არა, ჯერ რა დროს ბიუჯეტია, ჯერ ჩვენ უნდა "მოვიხოდოთო". რომ გავაცნობიერე ის დარღვევები, რისკები და საფრთხეები, იძულებული გავხდი, ჩემი აწყობილი საქმე დამეტოვებინა", - ჰყვება ნატალია პაპაშვილი.

გარდა ამისა, ახლა ნატალიას აჭარის განათლების სამინისტრო 18 000-მდე ლარს ედავება, რაც, მისი თქმით, ასევე ყოფილი ბიზნესპარტნიორის ნათია კეპაშვილის ბრალია.

"კობაიძის ცოლმა საერთო საქმეზე საჭიროების საბაბით პირადობა გამომართვა და ჩემი ID ბარათით აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერები მოიგო და ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეასრულა", - ჰყვება ნატალია პაპაშვილი.

კობაიძის ცოლი ნათია კეპაშვილი არ იძლევა განმარტებებს 112-თან დაკავშირებულ ბიზნესსა და ნატალია პაპაშვილის სახელით ტენდერებში მონაწილეობაზე, მას არაპროფესიონალს ეძახის და ცდილობს რადიო თავისუფლებასთან ყოფილ ბიზნესპარტნიორს რეპუტაცია შეულახოს.

პაპაშვილმა ალექსანდრე კობაიძის ცოლს ფინანსურ პოლიციასა და სასამართლოში უჩივლა, მაგრამ სასამართლო დავა ძალიან ნელა მიმდინარეობს. სარჩელის შეტანიდან უკვე წელიწადი და 4 თვეა გასული, მაგრამ კიდევ ვერავინ ამბობს, როდის გამოიტანს განაჩენს მოსამართლე.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა ალექსანდრე კობაიძესა და მის ცოლს ნათია კეპაშვილს თაღლითობაში უჩივიან. გასული წლის სექტემბერში რადიო თავისუფლება წერდა, თუ როგორ დატოვა რუსი ოჯახი ადვოკატმა კობაიძემ ქუჩაში.

სხვების მსგავსად, კობაიძეს მათაც უჩივლეს, თუმცა განაჩენი ამ საქმეზეც სხვა შემთხვევების მსგავსად ჯერ გამოტანილი არ არის.

"ალბათ ვიღაცა მფარველობს, რადგან ამდენი ხანი ვერაფერი მოუხერხეს. აბა, როგორ შეიძლება ასე თაღლითობდეს ადამიანი და თავისუფლად აგრძელებდეს საშინელებების გაკეთებას", - ამბობს ნონა ქადაგიშვილი, რომელიც თბილისში ბინის გარეშეც დარჩა და არც ის იცის, აიღებს თუ არა ოდესმე კუთვნილ 37 500 დოლარს.

მის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის ხელმძღვანელობით იძიებს. როგორც ნონა ამბობს, მას კიდევ 5-მდე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც ჰყვებიან, რომ სხვადასხვა დროს ადვოკატ კობაიძისა და მისი ცოლის თაღლითობის მსხვერპლები გახდნენ.

შენიშვნა: მასალა განახლებულია. სტატიას გამოქვეყნების შემდეგ დაემატა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის პოზიცია, სადაც ის დამატებით განმარტავს რა მიაჩნია უზუსტობად რამდენიმე მოქალაქის მიერ მის და მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებსა და მოთხრობილ ამბებში. წერილი სტატიას ერთვის უცვლელად, "რადიო თავისუფლება" განაგრძობს სტატიაში გამოქვეყნებული ისტორიების, ალექსანდრე კობაიძის მიერ დამატებული დეტალებისა და გარემოებების დოკუმენტურ გადამოწმებას. ჟურნალისტური კვლევის შედეგები დამატებით გამოქვეყნდება.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის წერილი

"ჩემი კომენტარი და ფაქტობრივი უსწორობები:
სათაური: ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს და მის ცოლს თაღლითობაში ადანაშაულებენ" - ვინ გვადანაშაულებს? ამის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც გამოძიებაც არ დაუწყია. ცალკეული მოქალაქის აზრს არ შეიძლება დადანაშაულება ეწოდოს.
1. ნონა ქადაგიშვილის ბინა გიორგი გურაშვილმა იყიდა და ე.წ. ბეც იმავე პირმა ჩაურიცხა (ანუ თქვენს სტატიაში სტატია იწყება თუ არა არაზუსტი ინფორმაციაა. (იხილეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი ნასყიდობის ხელშეკრულება). 2. ნონას ბინის გაყიდვა ნოტარიუსის დამოწმებით უნდოდა. ასე თუ მოხდებოდა, ხელშეკრულებაში დეტალურად ჩაიწერებოდა მხარეების ვალდებულებები, ბინის ფასი და ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გადახდილი თანხის ოდენობა, თუმცა კობაიძე და მისი ცოლი წინააღმდეგი იყვნენ - ნოტარიულად დამოწმებული გარიგების შემთხვევაში ბინის იპოთეკით დატვირთვა გაგვირთულდებაო". არ შეესაბამება რეალობას. დამოწმების ფორმის მიუხედავად, ნოტარიუსთან მოხდება დამოწმება თუ რეესტრში, ხელშეკრულების შინაარსი არ იცვლება და ნებისმიერი საკითხის ჩაწერა შეიძლება. ასევე, დამოწმების ფორმა იპოთეკაზე ვერ ახდენს გავლენას.
3. ჩემი პროფესიული საქმიანობა და ის საქმეები, რომლებიც ჩამოთვლილია საერთოდ არ არის აღნიშნულ საკითხთან შემხებლობაში.
4. ქალბატონი ნონა, არც მე, არც გურაშვილს და არც ქალბატონ ნათიას არ იცნობდა და არანაირად შემხებლობა არ მქონდა მასთან. საზოგადოებამ განსაჯოს უცხო ადამიანს ბინა მიყიდო და თანხა არ გამოართვა, ხოლო ხელშეკრულებაში ჩაწერო, რომ თანხა წინასწარ აიღე და რამდენიმე ხნის შემდეგ გაგახსენდეს, რომ თანხა არ აგიღია და მოითხოვო თანხის აღება. თუ ქალბატონს რაიმე პრეტენზია ჰქონდა ღია სივრცეში, სადაც უამრავი კამერაა და ხალხი გადაადგილდება შეეძლო არ გაეყიდა მისი ქონება. ასევე აღვნიშნავ, რომ იუსტიციის სახლის ქონების მართვის ოპერატორი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისას უმარტავს უფლებებს, მაგალითად რა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში და მხარეების ნების გამოვლენის შემდეგ ასახავს ხელშეკრულებაში (რამდენად იყიდება უძრავი ნივთი, თანხა გადახდილია წინასწარ თუ არა ვინ არიან გამყიდველი მყიდველი და ა.შ.).
5. თქვენ აღნიშნავთ, რომ ვითომ მე და ჩემი მეუღლე ვწერდით, რომ თანხას მიიღებდა. აღნიშნული არის ფაქტის უსწორობა, რადგან ასეთს ვერ ნახავთ, რომ მე და ჩემ მეუღლეს მიგვეწერა, რომ თანხას მიიღებდა, ან რაიმე დაპირებას გავცემდით.
6. შსს აღნიშნულ ფაქტს არ იძიებს, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. გთხოვთ, ესეც შეასწორეთ.
აქვე დავძენ, რომ მეჰმეთ ფატიჰ თურანს ჩემ წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი დავა არ წამოუწყია. პირიქით მას და თავის შვილს მე აქეთ ვედავები. 1. მეჰმეთ ფატიჰ თურანს სახლი აუქციონის წესით 2021 წლის 12 ნოემბერს იყიდა სს TBC ბანკმა. ვინაიდან იგი გახლდათ უპირატესი შესყიდვის მქონე პირი, სამართლებრივად მას ეძლევა უპირატესობა, რომ სახლი გამოისყიდოს და მესამე პირი პირდაპირი შესყიდვით ვერ შეიძენს, რადგან ძველ მეპატრონეს გააჩნია უპირატესი შესყიდვის უფლება. ამის შემდეგ მეჰმეთ თურანი დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ ყიდდა ბინას, რომელიც უკვე ბანკს ჰქონდა "წართმეული". მხარეები შევთანხმდით, რომ ყოფილ მესაკუთრეს გადავცემდით თანხას და ის, როგორც უპირატესი შესყიდვის მქონე პირი ბანკთან გააფორმებდა ახალ ხელშეკრულებას და ორ წელში დავფარავდი ბინის საფასურს. 2022 წლის 25 მარტს მას გადავეცით თანხა 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარი და მას უნდა გაეფორმებინა ბანკთან უძრავი ქონების შეძენის პირობების განსაზღვრის შესახებ. მან გააფორმა აღნიშნული ხელშეკრულება, ოღონდ წავიდა და თავის სახელზე დაარეგისტრირა აღნიშნული უძრავი ქონება 2022 წლის 14 ნოემბერს. ეს არის ფაქტი (წარმოგიდგენთ დოკუმენტებს). ხოლო ვითომდა ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა იმ თვალსაზრისით, რომ ბანკში დაედასტურებინა შემოსავალი, თორემ ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული უძრავი ქონება ეკუთვნოდა ბანკს და არა მეჰმეთ ფატიჰ თურანს.
2. ფატიჰ თურანი ცრუობს, როცა აღნიშნავს, რომ ზაფხულში, თითქოს ვიღაცისათვის ვიქირავეთ ბინა. ეს დასტურდება მარტის შეთანხმების დოკუმენტით.
3. უზუსტობაა, როცა თურანი აღნიშნავს, რომ თურმე რუსეთიდან დას ელოდებოდა ჩემი მეუღლე, რადგან მანამდე თურანს ვიცნობდით. მას ჰქონდა აღმაშენებელზე თურქული რესტორნის მსგავსი ობიექტი.
4. არანაირი ოთხი ძაღლი არ მყავს, თან დაბმული.
ნატალია პაპაშვილის მონათხრობის უსწორობები: 1. იგი ექიმი არ არის. ნატალია გამოაგდეს პენიტენციური სამსახურიდან შემდეგ შპს მკურნალიდან და შემდეგ მედიელიტ ჯორჯიადან გააგდო ჩემმა მეუღლემ, რადგან არასათანადოდ იქცეოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და კომპანიიდან ითვისებდა თანხებს, აღნიშნულზე ფინანსურ პოლიციაში გამოძიებაც არის დაწყებული და ძალიან მალე გამოძიებაც დასრულდება.
2. რაც შეეხება მის უაზრო ქირის საკითხებთან წამოჭრილ მონაყოლს აბსოლუტურად ჩანს მისი უტიფრობა, რადგან ცდილობს მოჰყვეს ამბავი, რომელიც მისი ფანტაზიის წყაროა.
3. რაც შეეხება ტენდერს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი გახლდათ აღნიშნული კომპანიის ქალბატონი ნატალია და პირადობის გამორთმევით როგორ შეიძლება კომპანია დაარეგისტრირო, შემდეგ თვეების განმავლობაში თანხები გერიცხებოდეს, ამ თანხებს ითვისებდე სათანადოდ საბანკო საშუალებით. როგორ შეიძლება სხვისი პირადობის გამორთმევით საჯარო რეესტრში წახვიდე დააფუძნო სხვისი სახელით კომპანია შემდეგ ამ კომპანიას მიაღებინო ტენდერში მონაწილეობა, შემდეგ ამ კომპანიას ბანკში ერიცხებოდეს თანხები და სხვისი პირადობით განკარგავდე სახელმწიფოდან ჩარიცხულ ბანკის მეშვეობით თანხებს და შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ ისე რომ არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც არავისთვის, რომ მისი კომპანიის ანგარიშებიდან მისივე ხელმოწერით ირიცხებოდა თანხები და განკარგავდა ამ თანხებს სხვა პირი??? ) იცით რა დასკვნა მრჩება, მე მიწევს მტკიცება ვაშლი არ ვარ და როგორ ვიქნები ვაშლი... ეს არის აბსურდის თეატრი. აქვე აღვნიშნავ, რომ ადვოკატის ცოლად მოხსენიება ჩემი მეუღლის დისკრიმინაციულად მიმაჩნია, რადგან მას აქვს თავისი სახელი და იმედი მაქვს ამ ჩემს პასუხს თავისი ფაქტებით, როგორც ქალბატონი ნანას მესიჯები დადეთ საიტზე, ისე დადებთ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც.
  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG