Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60 წელი გალაკტიონის გარეშე


გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე

1959 წლის 17 მარტს, 17.50 საათზე, ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N5-ში, ელიტური სამკურნალო კომბინატის (ლეჩკომბინატის) ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია, - ასე აღწერს გალაკტიონის ცხოვრების და შემოქმედების ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი ვახტანგ ჯავახაძე 60 წლის წინანდელ ტრაგიკულ დღეს.

პოეტმა სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე 52-ე ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში მდებარე ფანჯარასთან მიიდგა სკამი, რაფაზე შედგა, ფანჯარა გამოაღო და, ცამეტი ტყვიით ცამეტ თვითმკვლელობაზე მეოცნებემ, ზუსტად 13 მეტრი იფრინა.

როგორც ვახტანგ ჯავახაძე ამბობს, გალაკტიონი რომ გარდაიცვალა, არ გამოაცხადეს, რომ თავი მოიკლა.

„ადგილიც მივიწყებული იყო. საქვაბე ააშენეს. ჟურნალ „ჩვენ მწერლობაში“ გამოვაქვეყნე წერილი და ფოტო იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო ძველად და როგორ შეიცვალა წლების შემდეგ. მოვითხოვე, ამ საქვაბის გადატანა და დაცემის ადგილზე ობელისკის გახსნა. თბილისის მერიამ მიიღო ჩემი თხოვნა. ჩამოიტანა ყაზბეგის რაიონიდან ორი ძვირფასი დიაბაზის ქვა და 2010 წლის 17 მარტს, გალაკტიონის თვითმკვლელობის დღეს, გავხსენით ოფიციალურად“, - ამბობს ვახტანგ ჯავახაძე.

ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე

თუმცა ოფიციალურ გახსნამდე იყო ნახევარსაუკუნოვანი დუმილი. მთელი 30 წლის განმავლობაში ტაბუ ედო გალაკტიონის თვითმკვლელობას, რადგან ეს იყო აშკარა პროტესტი. მერე რა, რომ მთელი სიცოცხლე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, გალაკტიონ ტაბიძე მოკლა გულცივობამ, უყურადღებობამ და შეურაცხყოფამ. აკი თავად პოეტმაც თვითმკვლელობამდე ბევრად ადრე ჩაწერა დღიურში:

ჩემს თვალწინ სდგას საშინელი სიღარიბე, ვინაიდან მისპობენ საარსებო წყაროებს.. საშინელებაა, როცა ადამიანიწელებზე ფეხს იდგამს“. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე. მიწასთან გასწორებაა, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს - ვინაიდან საშუალება არა გაქვს, დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში, და ეს აჩრდილი სიღარიბისა - ეხლა უკვე აჩრდილი კი არა, რეალური სახეა ჩემთვის. მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს. საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს, რათა ადამიანი ძირს დაანარცხოს მაღალ საფეხურიდან, ან, ყოველ შემთხვევაში, უსახო კაცად გახადოს - ადამიანი - ადამიანური სახის მქონე. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა არსებობისათვის!“

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ერთ თვეში, 1959 წლის 15 აპრილს, დაიხურა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი, მინაწერით „მოისპოს“, ინახება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში. არსად, არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაწერილა, რომ პოეტმა თავი მოიკლა.

საქმის მოსპობის ცნობა
საქმის მოსპობის ცნობა

როგორც ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე დაწერილ წიგნში „უცნობი“ იხსენებს, ერთადერთი მინიშნება გაკეთდა დასაფლავების დროს, მთაწმინდის პანთეონში გიორგი ლეონიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში:

მშვიდობით სიკვდილისათვის აჩქარებულო, როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა?!“

და ვერც მოერია: დღეს ყველა აღიარებს პოეტების მეფეს, რომლის სახელს ატარებს ხიდი და ქუჩა დედაქალაქში, დგას ძეგლი, პოეტის ბინაზე კი გახსნილია სახლ-მუზეუმი. მაღალი ტირაჟით იბეჭდება და იყიდება მისი ლექსები, ხოლო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს გალაკტიონოლოგიის ცენტრი.

გარდაცვალების შემდეგ გალაკტიონის სახიდან აღებული ნიღაბი
გარდაცვალების შემდეგ გალაკტიონის სახიდან აღებული ნიღაბი

სამწუხაროდ, გალაკტიონის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ, ჭავჭავაძის 5-ში აღარც სამკურნალო კომბინატის შენობა დგას და ვერც ყაზბეგის რაიონიდან ჩამოტანილ მემორიალურ ქვას ნახავთ. 2012 წელს ისტორიული შენობა იყიდა კერძო პირმა, რომელმაც ძველი „ლეჩკომბინატი“ დაანგრია და მის ადგილზე ახლის, მრავალპროფილური საავადმყოფო ''ლეჩკომბინატი ნომერი ერთის" აშენება გადაწყვიტა. წარსულთან ცოცხალი კავშირის გაწყვეტის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება იმ ოთახების მოსპობა, რომლებშიც სიცოცხლის უკანასკნელი საათები გაატარა დიდმა პოეტმა. განადგურდა და გაქრა ორადგილიანი მეშვიდე პალატა, რომელშიც გალაკტიონისთვის მესამე საწოლის შეტანამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განადგურდა და გაქრა მეოთხე სართულზე მდებარე 52-ე ოთახი, სადაც უკანასკნელი ნაბიჯები გადადგა „ვარდისფერ გზაზე“ აჩქარებულმა პოეტების მეფემ და ვიდრე უკვდავებაში შეაბიჯებდა 13 მეტრი იფრინა ასფალტამდე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG