Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელების ირანში პატიმრობის ამბავი


ნიუ-იორკში, 25 სექტემბერი. სარა შაურდი, შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი პრესკონფერენციის შემდეგ
ნიუ-იორკში, 25 სექტემბერი. სარა შაურდი, შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი პრესკონფერენციის შემდეგ
ორი ამერიკელი ახალგაზრდა ირანის ციხეში გატარებული ორ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ აცხადებს, რომ თეირანის რეჟიმმა ისინი „მძევლებად“ აიყვანა - დააპატიმრა მარტო იმის გამო, რომ ამერიკელები არიან. ორივე ახალგაზრდა კვირას დაბრუნდა სამშობლოში და იმავე დღეს ესაუბრა ჟურნალისტებს.
ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ მძევლები ვიყავით. „მძევალია“ ყველაზე ზუსტი სიტყვა...

ჯოშ ფატალი და შეინ ბაუერი, ორივე 29 წლის, მკაცრად აკრიტიკებენ ირანს მას შემდეგ, რაც თავი დააღწიეს პატიმრობას და სამშობლოში დაბრუნდნენ. ფატალი და ბაუერი კიდევ ერთ მეგობართან, სარა შაურდთან ერთად დააკავეს 2009 წლის ივლისში, ერაყ-ირანის საზღვრის მახლობლად მოგზაურობისას, ირანი როგორც აცხადებს, მისი საზღვრის უკანონოდ გადაჭრასთან დაკავშირებით.

სარა შაურდი ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, გირაოს სახით ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ. ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარის გირაო გადაახდევინეს ჯოშ ფატალს და შეინ ბაუერსაც, თუმცა, ვიდრე საქმე მათ გათავისუფლებაზე მიდგებოდა, გასულ თვეში მიუსაჯეს 8-8 წლით პატიმრობა. სასამართლო პროცესი, რომელზეც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, თეირანში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

„ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ მძევლები ვიყავით. „მძევალია“ ყველაზე ზუსტი სიტყვა, რადგან ირანის მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა ჩვენი უდანაშაულობის ამბავი, შეერთებულ შტატებთან პოლიტიკურ უთანხმოებას უკავშირებდა ჩვენს საქმეს“, - განაცხადა ჯოშ ფატალმა ნიუ -იორკში, კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე. შეინ ბაუერმა კი გაიხსენა სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებამ ერთი დამაჯერებელი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა. „სასამართლოს ორი სხდომა, რომლებსაც ჩვენ დავესწარით, სრული ფარსი იყო. წარმოადგინეს, უბრალოდ, სასაცილო ტყუილები, რომლებიც ჩვენ წარმოგვაჩენდა ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის მასშტაბური შეთქმულების მონაწილეებად. სარამ, ჯოშმა და მე საკუთარ თავზე გამოვცადეთ ირანის რეჟიმის სისასტიკე“, ამბობს ბაუერი.
ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია შიმშილობის გამოცხადება მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ახლობლების წერილები მოეცათ...

ირანმა სამივე ამერიკელ ახალგაზრდას წაუყენა ჯაშუშობისა და ირანის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ბრალდებები მაშინ, როცა ბაუერი და ფატალი ირწმუნებიან, რომ მოგზაურობდნენ ერაყ-ირანის სასაზღვრო რეგიონში და დაკავებულ იქნენ ირანელი ჯარისკაცის მიერ, რომელმაც ისინი ახლოს მიიტყუა. „არ ვიცით, გადავკვეთეთ თუ არა საზღვარი. ამას ალბათ ვერასოდეს დავადგენთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლაც გადავედით ირანში, ეს არ ყოფილა ირანის ხელისუფლებისთვის მიზეზი, რომლის გამოც ასე დიდხანს დაგვტოვა ციხეში. ჩვენს ხანგრძლივ დაკავებას აქვს ერთადერთი ახსნა: ამერიკისა და ირანის 32-წლიანი მტრული ურთიერთობა“, - აღნიშნა ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეინ ბაუერმა.

ორი ამერიკელი პატიმრის გათავისუფლება დაემთხვა ნიუ-იორკშივე ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ვიზიტს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ სესიასთან დაკავშირებით. აჰმადინეჟადმა მათს გაშვებას „ჰუმანიტარული ჟესტი“ უწოდა. არადა, ყოფილი პატიმრები ამტკიცებენ, რომ ჰუმანიტარული არაფერი ყოფილა მათთან, ან თეირანში მდებარე ევინის ციხეში მყოფი სხვა პატიმრებთან მოპყრობაში.

„ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია შიმშილობის გამოცხადება მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ახლობლების წერილები მოეცათ. ხშირად, მეტისმეტად ხშირად გვესმოდა, როგორ ყვიროდნენ სხვა პატიმრები, რომლებსაც ცემდნენ და ვერაფერს ვაკეთებდით მათ დასახმარებლად“, - იხსენებს ჯოშ ფატალი,ირანის ციხეში გატარებული 781 დღის შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ მიესალმება „ირანის ხელისუფლების მიერ, საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილების მიღებას“, მაგრამ, დასძენს ის, მას და მის მეგობრებს სურთ, „მკაფიოდ ითქვას, რომ თეირანი არ იმსახურებს ქებას იმის დასრულებისთვის, რის უფლებაც არ ჰქონდა და, პირველ რიგში, რის დაწყებაც გაუმართლებელი იყო“.

ნიუ-იორკში ჯოშ ფატალისა და შეინ ბაუერის პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო გვანტანამოს ციხესაც, რომლის გამოც, ცნობილია, რომ ხშირად აკრიტიკებენ შეერთებულ შტატებს. ირანიდან გათავისუფლებული ახალგაზრდების რწმენით, გვანტანამოში ადამიანის უფლებების დარღვევა არანაირად არ ამართლებს მათდამი მოპყრობას ირანში.
XS
SM
MD
LG