Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„SAFE YOU” - აპლიკაცია ქალების დასაცავად 


ნათია (სახელი შეცვლილია) მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ ქმარს დაშორდა. მეუღლე სახლიდან წავიდა, თუმცა გასაღები ისევ ჰქონდა და ხშირად მიდიოდა ბავშვის სანახავად. როდესაც ალკოჰოლს ან თრობის სხვა საშუალებებს მოიხმარდა, აგრესიული იყო, ნათიაც თავს უსაფრთხოდ ისევ არ გრძნობდა, თუმცა არც პოლიციაში უნდოდა დარეკვა.

იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მას ტელეფონის SAFE YOU-ს აპლიკაციის დაყენება შესთავაზეს.

საფრთხის შემთხვევაში მას ტელეფონის ღილაკზე უნდა დაეჭირა თითი - პოლიციისთვის და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისთვის ეს განგაშის სიგნალი იქნებოდა, რომ ნათიას დახმარება სჭირდება. რამდენიმე დღეში ნათიას მართლაც დასჭირდა შველა. ბაღიდან ბავშვის გამოყვანისას, ყოფილმა მეუღლემ დაიჟინა, შვილი მე უნდა წავიყვანოო, ბავშვი წაყოლაზე არ დათანხმდა და ყოფილმა ქმარმა ნათიაზე ფიზიკურად იძალადა. სანამ ტელეფონს წაართმევდა, ნათიამ ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო, მისი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ადგილსამყოფელი არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ტელეფონზე შევიდა და მათ გამოუძახეს პოლიციას.

აპლიკაცია „SAFE YOU” - გარდა იმისა, რომ განგაშის სიგნალს აგზავნის წინასწარ შერჩეულ 3 საკონტაქტო ნომერზე, SOS ღილაკზე დაჭერისას 10 წუთის განმავლობაში იწერს რა ხდება ირგვლივ, მაშინ როდესაც ყველაზე ცხადად ისმის მოძალადის საუბარი და ქმედება. სასამართლოში საქმის განხილვის შემთხვევაში კი დაზარალებულს ჩანაწერი მტკიცებულებადაც შეიძლება გამოადგეს.

ქალების დასაცავად აპლიკაცია „SAFE YOU“ საფარიმ გასული წლის ზაფხულში აამოქმედა. კარანტინის პერიოდში ორგანიზაციამ ადაპტირება გაუკეთა სომეხი IT სპეციალისტების შექმნილ აპლიკაციას. სამი ქალის შექმნილ აპლიკაციას, რომლებმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და შექმნეს პლატფორმა თავიანთ ქვეყანაში, სომხეთში, ქალების ძალადობისგან დასაცავად. თუმცა, სანამ ისინი დონორ ორგანიზაციებს იპოვიდნენ, „საფარიმ” საქართველოში უკვე აამოქმედა ის. ზაფხულიდან დღემდე დაახლოებით 5000 ადამიანს აქვს ის გადმოწერილი იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში დახმარება ითხოვონ.

„ყოფილა შემთხვევა, როდესაც „ცხელ ხაზზე“ საპირფარეშოში შეკეტილი ქალი დაგვკონტაქტებია, რომ მოძალადესთან ერთ ოთახშია და ვერ ახერხებდა პოლიციის გამოძახებას, ამიტომ ჩვენ გვთხოვდა, დაგვერეკა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საფარის“ იურისტი ცირა ჯგერენაია.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკაზე საუბრისას შსს აცხადებდა, რომ წინა წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა დიდად არ შეცვლილა.

თუმცა „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ სტატისტიკა არ შეცვლილა შსს-სთვის, თორემ ორგანიზაციისთვის მიმართვა გაორმაგდა.

„ყველას არ აქვს ნდობა პოლიციის მიმართ, ამბობენ, რომ არ აქვთ სათანადოდ სერიოზული დამოკიდებულება. გააჩნია, რომელი პოლიციელი შეგხვდება, ზოგი ადვოკატის აყვანის შემდეგ მიმართავს მათ. მაგალითად, ერთი გოგო კარანტინის გამო [პოლიციაში დარეკვისგან] თავს იკავებდა, რადგან ფიქრობდნენ, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ სად წასულიყო ოჯახის წევრი. ძალიან გამწვავდა სოციალური პირობები და ერთად უფრო ადვილად გააქვთ თავი, ვიდრე ცალ-ცალკე და ამიტომ”, - ამბობს ბაია რადიო თავისუფლებასთან.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურმა პროკურატურიდან გამოითხოვა 9 თვის მონაცემი, რომლის მიხედვითაც, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ქალის მკვლელობის მცდელობა იყო, 19 ქალი კი მოკლეს.

განგაშის სიგნალთან ერთად აპლიკაციას მხარდამჭერი ფუნქციაც აქვს იურისტი, სოცმუშაკი, რეპროდუქტოლოგი და ფსიქოლოგი, საგანგებოდ შექმნილ თემატურ ჯგუფებში, კონფიდენციალურად დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.

„საფარის” იურისტი ცირა ჯგერენაია იურიდიულ საკითხებზე დასმულ კითხვებს პასუხობს და, როგორც ამბობს, ყველაზე ხშირად ქალებს ქმრები შვილების წართმევით ემუქრებიან.

„ხშირად ეუბნებიან, რომ ბავშვებს ვეღარ ნახავ, რეალურად კი დედისთვის უფლების ჩამორთმევა ძალიან იშვიათად ხდება. თუკი დედა მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, ჩართული ჰყავს პროსტიტუციაში, ამათხოვრებს, გამუდმებით ძალადობს - ყველა შემთხვევაში ჯერ დედასთან და ბავშვთან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები მუშაობენ და შემდეგ, თუკი არ გამოსწორდა სიტუაცია, როგორც უკიდურესი ზომა, ისე აშორებენ [ბავშვს] დედას.

ამას სიხშირით მოსდევს ალიმენტის საკითხი,

ქონების გაყოფის საკითხი - რა ითვლება ქორწინებაში შეძენილ საერთო ქონებად,

გვწერენ კონკრეტულ შემთხვევას და ითხოვენ დახმარებას ძალადობის ფორმების იდენტიფიცირებას”.

ნათიამ აპლიკაციის დახმარებით დაიცვა თავი და ახლა მისი ყოფილი მეუღლე დაჭერილია.

ძალადობის მსხვერპლმა აპლიკაციის გამოყენებისას უნდა იცოდეს ისიც, რომ ინფორმაციის გასაგზავნად მას ინტერნეტთან წვდომა სჭირდება - „ბილაინის” აბონენტებს გამორთული ინტერნეტის პირობებშიც შეუძლიათ SOS შეტყობინების გაგზავნა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG