Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება - გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემა


„ერთხელ შევდივარ უფროსთან და მოადგილეებთან, ანუ სამი მამაკაცი ზის და შევედი და როგორ მინდა, რომ ამოვიგდო თავიდან, მე მგონი უკვე ფრაგმენტულად მახსოვს რა და ერთ-ერთი მეუბნება როდის [მოვდივართ] შენს ქორწილში.. მოკლედ თემა იგივეა. [...] ერთ-ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი "შემირჩია" [გასარიგებლად], მაგრამ რა გინდაო ესეთ ახალგაზრდა გოგოებსო ესეთი ბრგე მამაკაცები აღარ მოსწონთო, ესეთი თხელხელებიანი ბიჭები მოსწონთო და მეორეს გადახედა...და იმ მეორემ თქვა ეგეთი ფრაზა, რომ აი ახლაო კი დასჭირდებოდაო და თანო ცეცხლს აადენდაო, თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ სექსუალური დაკმაყოფილება რო ქალს სჭირდება [ამას გაუსვა ხაზი ერთ-ერთმა კაცმა]“. (საჯარო მოხელე ქალი, 29 წლის).

„საქართველოში ქმარს გაცილებულ ქალს აღიქვამენ მერე მსუბუქი ყოფაქცევის თუ არ ვიცი რად, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრო. მაგათ [განქორწინებულ ქალებს] ყველაზე მეტს უბედავენ, ანუ ვიღაცა რო იციან, რომ გასათხოვარია, იმას თუ მარტო ეფლირტავებიან, იმათ პირდაპირ სთხოვენ რა [სექსს]“ (საჯარო მოხელე ქალი, 31 წლის).

ეს არის ამონარიდები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც, საქართველოში, საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

„სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“, - ასე ჰქვია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას, რომლის მიზანიც იყო მტკიცებულებების შეგროვება სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.

კვლევა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო ორ ეტაპად დაიყო. თავდაპირველად, ჩატარდა ონლაინ-გამოკითხვა, რომელშიც 461-მა საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტთა უმრავლესობა (262) ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში მუშაობდა, 78 - ადგილობრივ ხელისუფლებაში, 35 - სასამართლო ადმინისტრაციაში, 33 - საქვეუწყებო დაწესებულებაში. 29 რესპონდენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) თანამშრომელი იყო, 24 კი - სხვა უწყებაში მუშაობდა.

მოგვიანებით კი გამოკითხულთაგან (მათივე სურვილით), შეირჩა 27 საჯარო მოხელე, რომლებმაც ვიდეო-გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი გამოცდილების შესახებ უფრო სიღრმისეულად ილაპარაკეს მკვლევრებთან.

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებმა თეორიულად, შესაძლოა, იციან სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ, ისინი ნაკლებად ახერხებენ მის ამოცნობას პრაქტიკაში. მაგალითად, სექსუალური შინაარსის არასასურველი კომენტარები ან ხუმრობები მისაღებად და ნორმალურად მიიჩნევა, რადგანაც დასაქმებულები ამას არასასურველ ქცევად არ აღიქვამენ. საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებიდან გამომდინარე, ბევრი საჯარო მოხელე სექსუალურ შევიწროებას ტიპური სამუშაო კულტურის ნაწილადაც კი აღიქვამს.

მაგალითად, ქალებსა და კაცებს განსხვავებული აღქმა აქვთ იმისა, თუ რა შეიძლება, ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად. ქალებთან შედარებით, კაცები ნაკლებად მიიჩნევდნენ სექსუალური შევიწროების ზოგიერთ ფორმას (მაგალითად, მიშტერებასა და არასასურველ მზერას) სექსუალურ შევიწროებად.

სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურში - ფართოდ გავრცელებული ფენომენი საქართველოში

გამოკვლევისას გამოიკვეთა ის ფაქტიც, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული ფენომენია საქართველოში. გამოკითხული რესპონდენტების ერთმა მესამედმა თქვა, რომ გამოუცდია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროება. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყოველი ხუთი ქალი რესპონდენტიდან ორი ამბობდა, რომ გამოუცდიათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება. იმ რესპონდენტთაგან, ვინც 20 ან მეტი წელია საჯარო სამსახურში მუშაობს, ყოველმა მეორემ თქვა, რომ გამოუცდია სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურში მუშაობისას.

როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, სექსუალური შევიწროების რისკი უფრო მაღალია ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ, მაგალითად, ძალოვან უწყებებში. ხოლო ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებს ქალები იკავებენ, ნაკლებია სექსუალური შევიწროების საფრთხეები.

სექსუალური შევიწროების ფორმები

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საჯარო სამსახურში უფრო გავრცელებულია ვერბალური და არავერბალური ფორმების სექსუალური შევიწროება, ვიდრე პირადი სივრცის ფიზიკური დარღვევა. მაგალითად, ისეთი ფორმები, როგორიცაა, არასასურველი მიშტერება ან ჩაცინება. ქალების 28% ამბობს, რომ ისინი ამ ტიპის შევიწროების ფორმის მსხვერპლები ყოფილან. კაცების მხოლოდ 9% ამბობს ამავეს. აბეზარი შეკითხვები პირადი ცხოვრების შესახებ, სექსუალური ხასიათის კომენტარი ან ხუმრობა, ესეც სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა საქართველოში, სამუშაო ადგილებზე. გამოკითხული ქალების 19% ამბობს, რომ საჯარო სამსახურში, სამუშაო ადგილზე მათ განუცდიათ არასასურველი შეხება, ჩახუტება ან კოცნა.

თუკი გამოკვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ქალები არაპროპორციულად მეტად განიცდიან სექსუალურ შევიწროებას საჯარო სამსახურში მუშაობის დროს, ვიდრე კაცები.

რესპონდენტების უმრავლესობა, რომლებსაც გამოცდილი აქვთ სექსუალური შევიწროება, შედეგად ბრაზს, უხერხულობას, გაღიზიანებას და აგრესიას განიცდის. მსხვერპლი ქალები ძირითადად სიბრაზეზე, გაღიზიანებასა და უხერხულობაზე მიუთითებენ. ხოლო მსხვერპლი კაცები უხერხულობასა და ბრაზზე. ამასთანავე, კაცები უფრო ხშირად ამბობენ, რომ „რაღაც სხვა იგრძნეს“ ან არც ერთი ამ გრძნობათაგანი არ განუცდიათ.

ვინ ავიწროებს?

უმეტეს შემთხვევაში, შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია და ხშირად კაცი, ხოლო სექსუალური შევიწროების სამიზნე, როგორც წესი - „კარგი გარეგნობის“, „კარგად ჩაცმული“ ახალგაზრდა ან განქორწინებული ქალები, რომლებსაც საჯარო სამსახურში დაბალი პოზიცია უკავიათ, მაგალითად, არიან სპეციალისტები, მდივნები და სტაჟიორები.

რესპონდენტებმა ისიც აღნიშნეს, რომ ხელმძღვანელი პირები იარაღად ზოგჯერ მსხვერპლთა ეკონომიკურ მდგომარეობას იყენებენ და სამსახურის შენარჩუნებისთვის სექსუალურ მომსახურებას სთხოვენ:

„ძალაუფლების მქონე ადამიანები უწყებებში უფრო თვითდარწმუნებულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, რომ ასე მოიქცნენ [სექსუალურად შეავიწროონ სხვები]... ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ მაღალ თანამდებობებზე საჯარო სამსახურში არიან კაცები, ვიდრე ქალები და ამის სტატისტიკა შეგვიძლია ვნახოთ [...] ეს კიდევ უფრო ეხმარება ხო ასეთი კულტურის დამკვიდრებას საჯარო სამსახურში“, - ამბობს გამოკვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი.

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები უმეტესად განიხილავდნენ სექსუალური შევიწროების ისეთ შემთხვევებს, სადაც შემავიწროებლები და მსხვერპლნი საწინააღმდეგო სქესის იყვნენ, ექსპერტებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ ინციდენტები ერთი და იგივე სქესის პირთა მონაწილეობითაც ხდება. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების გათვალისწინებით, ასეთი ინციდენტების შესახებ არანაირი ან ძალიან მცირე მტკიცებულებები თუ მოიძებნება.

რატომ დუმან შევიწროების მსხვერპლები?

ზოგადად, საჯარო მოხელეები დადებითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ აუცილებელია სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინების გაკეთება. ამ მოსაზრებას რესპონდენტთა უმრავლესობა, 94% ეთანხმება. ხოლო დაახლოებით 80% თვლის, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება ძალადობის შეჩერების ეფექტიანი გზაა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოკვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულება პრაქტიკაში არ სრულდება და საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.

სწორედ ამის შესახებ გველაპარაკება ნათია მესტვირიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერულ მონაცემთა სპეციალისტი. მისი თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 10% ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება გააკეთა. როგორც ნათია მესტვირიშვილი გვეუბნება, ეს პრობლემა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა სიღრმისეული ინტერვიუების დროს. რესპონდენტებმა განმარტეს მიზეზები, რის გამოც გაურბიან სექსუალური შევიწროების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკს:

„როდესაც ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ამ ინციდენტების შესახებ შეტყობინება, ისინი რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლიან. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მათი თქმით, ისინი ვერ ხვდებიან, ეს ფაქტი შეიძლება თუ არა, რომ ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად. მათ ეშინიათ, რომ შესაძლოა, ისინი ცდებიან. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად და რა არა. მეორე ფაქტორია ის, რომ არ იციან, ვის მიმართონ და რა ფორმით. მესამე - მათ აქვთ კონფიდენციალობის დაუცველობის შიში. ამბობენ, რომ მათ კი იციან, ვის უნდა მიმართონ, მაგრამ ეშინიათ, რომ როდესაც ისინი სექსუალური შევიწროების შესახებ კონკრეტულ პირს, მაგალითად უშუალო უფროსს ან უწყების ხელმძღვანელს ეტყვიან, შესაძლოა ეს სხვა კოლეგებმაც შეიტყონ, მათ შორის, მოძალადემ და შურისძიება გადაწყვიტოს. და მეოთხე - უნდობლობა ინსტიტუტების მიმართ. ამბობენ, რომ მე კი წავალ და ვიჩივლებ, მაგრამ მერე რა, რას მოიმოქმედებენ ისინი?“.

ნათია მესტვირიშვილის თქმით, მიზეზებს შორის სახელდება ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორიც:

„სირცხვილი ან დანაშაულის შეგრძნება. საზოგადოება ხშირად სწორედ მსხვერპლს ადანაშაულებს ხოლმე ასეთ სიტუაციებში და შესაბამისად, მსხვერპლების ნაწილი ფიქრობს ხოლმე, რომ ნეტა, ჩემი ბრალი ხომ არ იყო? მე ხომ არ გამოვიწვიე? ეს განცდებიც ძალიან უშლის ხელს სექსუალური შევიწროვების შეტყობინების ფაქტორს. მათ ასევე არ აქვთ იმედი, რომ თუკი ისინი ამის შესახებ ხმამაღლა ილაპარაკებენ, მიიღებენ კოლეგების ან თუნდაც ოჯახის წევრების მხარდაჭერას“.

რაც შეეხება შეტყობინების ყველაზე მისაღებ გზებსა და ადრესატებს, გამოკითხულთა უმრავლესობა ასახელებს უშუალო ხელმძღვანელს, სახალხო დამცველის აპარატს და და სექსუალური შევიწროების შეტყობინებისთვის სპეციალურად შექმნილ მექანიზმს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 97%, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანი, ვინც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებას აკეთებს, ე.წ. „ჩამშვებია“. რესპონდენტთა დაახლოებით ორი მესამედი (64%) კი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება პრობლემას კიდევ უფრო ართულებს.

გამოკვლევაში ჩართული ექსპერტები თანხმდებიან, რომ მსხვერპლთათვის დიდი ტვირთია, თუკი მათი ამბავი გასაჯაროვდება. მათ უჭირთ მხარდაჭერის პოვნა, რადგან საზოგადოება, უმეტესად, მსხვერპლებს ადანაშაულებს. შესაბამისად, ვინც გადაწყვეტს, რომ ხმამაღლა ილაპარაკოს, კარგად იაზრებს იმ სირთულესა და სტიგმას, რაც ასეთ ნაბიჯებს შეიძლება მოჰყვება:

„იმდენად რთულია ამ გოგოების ბედი […] საზოგადოებამ გაკიცხა, ლანძღა, ყველამ სამსახური დაკარგა და დეპრესია, უმუშევრობა და ეს მიიღო, აი, ესეთი ქეისები იმდენად ბევრია, რომ ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება ესეთი "ქეისის" გაცხადებას“, - ვკითხულობთ გამოკვლევაში.

როგორც წესი, ქალი მსხვერპლები მხოლოდ სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიმართავენ უფლებამოსილ ორგანოებს და იწყებენ ღიად საუბარს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ დამსაქმებელთა უყურადღებობისა და დაუდევრობის ბრალია, რომ სიტუაციიდან გამოსავალს მსხვერპლები ორგანიზაციის შიგნით ვერ პოულობენ.

მაშინაც კი, თუ მსხვერპლები სასამართლოს გზას აირჩევენ, სამართლებრივი ბრძოლა ძალიან გრძელი და დამღლელი შეიძლება იყოს:

„სექსუალური შევიწროების მსხვერპლებისთვის ეს ასეა, ანუ მათი ზიანის ანაზღაურება არ ხდება არცერთი ფორმით: არც მონეტარული ფორმით, არც მორალური ფორმით. იმიტომ, რომ თუ გამოვიდა და თქვა, რომ ვიღაცამ შეავიწროვა, საზოგადოება მას აუცილებლად გაუთხრის სამარეს“, - ასე ფიქრობს გამოკვლევის მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი.

როგორ იცავს კანონმდებლობა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლებს სამუშაო ადგილზე?

2017 წელს საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსში და მას დაამატა საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარდამტეხი კანონმდებლობა, რომელმაც რეგულაციები დააწესა საჯარო სივრცესა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების კუთხით.

ცვლილება ოთხს კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა.

კანონის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება.

სექსუალური შევიწროებისათვის დაწესებულია ჯარიმაც - 300-დან 1000 ლარამდე.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სექსუალური შევიწროების საქმე, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის თათია სამხარაძისა და მისი დამსაქმებლის, შალვა რამიშვილის, საქმე. მოსამართლემ დაადგინა, რომ თათია სამხარაძე დისრკიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო, რადგან მას მოუწია სამსახურის დატოვება.

XS
SM
MD
LG