Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ვისწავლოთ ერთიანობა და სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში.

„თქვენც და ჩვენც ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა და სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, ვის მისცა ხმა.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, დიდი იმედი აქვს, რომ დასრულდება პოლარიზაცია, რაც ვნახეთ წინასაარჩევნო და წინა პერიოდშიც: „იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“.

ამ განცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნის ტერიტორია დატოვა და არ უპასუხა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ.

საქართველოში უკრაინიდან დაბრუნებული სააკაშვილის დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არასდროს შეიწყალებს.

XS
SM
MD
LG