Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჯემალ ჭკუასელი


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახლხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი.

ჯემალ ჭკუასელი 86 წლის წინ, 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1986 წლიდან იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი იგი "ერისიონის" მთავარი დირიჟორია.

130 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა დროს მასში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა.

“დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.
მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს. ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისათვის. მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი”,-მნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG