Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზოვსტალის" სიმტკიცის საიდუმლო - უკრაინის მარიუპოლი რუსეთთან ომის 55-ე დღეს


"აზოვსტალის" მიმდებარე ტერიტორია. 13 აპრილი, 2022 წელი.
"აზოვსტალის" მიმდებარე ტერიტორია. 13 აპრილი, 2022 წელი.

რუსეთის საგანგებო სამიზნედ რჩება მარიუპოლი, უკრაინული ქალაქი, რომელიც უკვე 55 დღეა ალყაშია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალაქის მცველები 1930-იან წლებში აშენებულ მეტალურგიულ კომბინატ „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული. 

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი უნდა ერთი კომბინატის აღებას, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსი სამხედროები, რომლებსაც პრაქტიკულად აღებული აქვთ მთელი მარიუპოლი, „აზოვსტალს’ ვერაფერს უხერხებენ.

მის შესახებ გავრცელებულ ცნობებსა და სამხედრო ექსპერტებს თუ დავეყრდნობით, ეს სამრეწველო ობიექტი პრაქტიკულად მთელი ქალაქია, მრავალი შესასვლელითა და გამოსასვლელით, რაც მარიუპოლის მცველებს მტერთან გამკლავების საშუალებასაც აძლევს. ერთადერთი, რაზეც ახლა ისინი სწუხან - საფრთხე ექმნებათ მათთან საშველად მისულ და კომბინატში შეფარებულ მშვიდობიან მოქალაქეებს.

  • რა არის ამ ფოლადსადნობი საწარმოს სიმტკიცის საიდუმლო და რა ხდება მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე?
  • რამდენ ხანს შეიძლება გაძლონ უკრაინელმა სამხედროებმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ქალაქი ქალაქში

1930-იან წლებში აშენებული მეტალურგიული კომბინატი - „აზოვსტალი“, საკუთარი სატვირთო პორტით, ევროპის უდიდესი ქარხნების ჩამონათვალში შედის და „ეკონომიკურ გიგანტად“ მოიხსენიება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატულ კილომეტრს უტოლდება და მიწისზედა სართულების გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელს მოიცავს, კილომეტრებზე გადაჭიმული გვირაბებითა და საკომუნიკაციო არხებით.

"აზოვსტალის ტერიტორია". თანამგზავრიდან
"აზოვსტალის ტერიტორია". თანამგზავრიდან
"აზოვსტალის" ქარხანა მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წელს გაჩერდა, როცა გერმანელებმა მოახერხეს ქალაქ მარიუპოლის დროებითი ოკუპაცია და საწარმო გერმანული კონცერნის შემადგენლობაში შეიყვანეს. ისტორიული წყაროების თანახმად, 1943 წელს, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ქარხანამ მუშაობის განახლება დაახლოებით ერთ წელიწადში შეძლო.

ამ ეტაპზე კომბინატს კერძო სააქციო საზოგადოების სტატუსი აქვს და ის ყველაზე მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის მფლობელობაშია. ქარხნის გენერალური დირექტორია ქართული გვარის მქონე უკრაინელი ბიზნესმენი ენვერ ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, „აზოვსტალმა“ მუშაობა, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რამდენიმე დღეში შეაჩერა.

ულტიმატუმი და თავის მართლება

უკვე 55 დღეა, მარიუპოლს „აზოვის“ პოლკისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვეითები იცავენ. ბოლო დღეებია, ისინი სწორედ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან გამაგრებული და პერიოდულად ავრცელებენ მტერთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალებს.

19 აპრილს მათ დანებების კიდევ ერთი ულტიმატუმით მიმართა რუსეთის ხელისუფლებამ.

პუტინის პოლიტიკის მომხრეები წუთებს ითვლიან, „აზოვსტალის“ განადგურების მოლოდინში და ეს სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს.

მაგრამ, რადგან რუსეთის არმია, აქტიურად, თუმცა უშედეგოდ, ცდილობს ამ ობიექტის განადგურებას, რუს დამპყრობლებსა და მათ ოკუპირებულ რეჟიმებს თავის მართლებაც უწევთ.

„ამ ობიექტის ფართობი შეგვიძლია შევადაროთ კიდევ ერთ ქალაქს, კიდევ ერთ მარიუპოლს... საბჭოთა დროს ის შენდებოდა სწორედ დაბომბვისა და ბლოკადის საფრთხეებზე გათვლით და ზოგიერთი ადგილი გათვლილია ბირთვულ საფრთხეზეც“, - უყვება „РИА Новости“-ს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი იან გაგინი და იქვე განმარტავს, რომ ე.წ. სპეცოპერაცია ასეთი ნელი და უშედეგო სწორედ „აზოვსტალის“ მასშტაბების გამოა.

გაგინი ამბობს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებით ეს ობიექტი მარიუპოლის „სხვა მსგავს ობიექტებთან“ არის დაკავშირებული; „მიწის ქვეშ, კიდევ ერთ მარიუპოლში“, სადაც ამჟამად „ათასობით სამხედროა“ შეფარებული, „მათ აქვთ შეიარაღების სრული არსენალი“ და „ჯავშანტექნიკის სერიოზული პარკი იმავე ტერიტორიაზე".

პროპაგანდისტული რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ავიაცია „აზოვსტალს“ 3-ტონიან ბომბებს უკვე ერთი კვირაა უშენს, მაგრამ რკინაბეტონის საფარს ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხა.

აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე ფიქრობს, რომ მეტალურგიული კომბინატის საოცრად მყარ ზღუდეებს არათუ 3-ტონიანი, არამედ რუსეთის არსენალში არსებული 9-ტონიანი ბომბებიც ვერ გაარღვევს.

„ეს [„აზოვსტალი“] არის უზარმაზარი ქალაქი მიწის ქვეშ. მოუხელთებელი, რკინაში ჩასმული, მრავალმეტრიანი ბეტონის საფარით... იქ უამრავი შესასვლელი და გამოსასვლელია...

მე ვვარაუდობ, რომ [აზოველებსა და საზღვაო ქვეითებს] მომარაგებული ექნებათ კიდევ 3 თვის სამყოფი საკვები და წყალი. ამ უზარმაზარ ნაგებობაში ამ ყველაფრის შენახვა უპრობლემოდ შეიძლებოდა“, - განაცხადა აგილ რუსტამზადემ „Newsader“-ის იუტუბარხზე.

"აზოვსტალის" ერთი ნაწილი
"აზოვსტალის" ერთი ნაწილი

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვერტმფრენის რამდენიმე „ძალიან სარისკო“ რეისით, უკრაინის მხარემ მარიუპოლში ჩაიტანა - საბრძოლო მასალები და იქიდან დაჭრილები გამოიყვანა. თუმცა იმავეს გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო ბოლო დღეებში.

მარიუპოლის აღება რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა და ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: 1. მარიუპოლი დონეცკის ოლქის შემადგენლობაში შედის, რომელიც, ლუგანსკის ოლქთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა, ომის დაწყების წინ, დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა; 2. მარიუპოლის აღება რუსეთს ყირიმისკენ სახმელეთო გზის გაჭრაში დაეხმარება.

ქალები და ბავშვები „აზოვსტალში“

პოლკი „აზოვი“ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, მათი განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ბევრი ბავშვი და ქალი. ზოგი მათგანი ამბობს, რომ „აზოვსტალს“ უკვე არაერთი კვირაა აფარებს თავს და საკვების მარაგი თანდათან იწურება.

„მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ საკვები ერთი წლის მარაგი იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი თვის მარაგია”, - ამბობს ერთი არასრულწლოვანი გოგო, რომელიც, როგორც აღნიშნავს, თავშესაფარში, სავარაუდოდ, დედასთან ერთად, 25 თებერვლის შემდეგ იმყოფება.

„აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო, პოლკის ტელეგრამარხის საშუალებით, 18 აპრილს ავრცელებდა მიმართვას და საერთაშორისო თანამეგობრობისგან ითხოვდა გააქტიურებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „მწვანე დერეფნის“ უზრუნველსაყოფად.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენელი, ედუარდ ბასურინი უარყოფს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ქალებისა და ბავშვების ყოფნას.

უკრაინის ხელისუფლება უკვე ძალიან დიდი ხანია მოითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას, რისი უზრუნველყოფაც, ასევე ოფიციალური ინფორმაციით, მარიუპოლის მიმართულებით სრულყოფილად მხოლოდ ერთადერთხელ მოხერხდა. დანარჩენ შემთხვევებში კი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამპყრობლები ცეცხლს უხსნიდნენ მათ, ვინც რუსეთში გადასვლაზე ამბობდა უარს.

ბიოლოგიური იარაღი და ნატოს ოფიცრები?

„აზოვსტალი“, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ჩვეულებრივად მუშაობდა ომის დაწყებამდე; ხოლო 24 თებერვლიდან, ომის დაწყების დღიდან, როგორც გენერალური დირექტორი, ენვერ ცქიტიშვილი აცხადებს, „სპეციალური პროგრამის ფარგლებში“ დაიწყო ქარხნის უსაფრთხოდ შეჩერების პროცესი და 25 თებერვალს „განადგურდა ყველა ქიმიური რეაქტივი, რასაც მეტალურგები მრეწველობის პროცესში იყენებდნენ“.

რუსეთის მედიის მიერ აპრილში გავრცელებული დეზინფორმაცის თანახმად, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ნატოს გახსნილი ჰქონდა ბიოლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად და ქარხნის ტერიტორიაზე რჩება „240 უცხოელი, მათ შორის - ნატოს ოფიცრები“.

„რუსეთის პროპაგანდა მთლად გაგიჟდა... სრული ბოდვაა. ყოველი მომდევნო ფეიკი გეჩვენება ფსკერად, მაგრამ ყოველ ჯერზე კიდევ უფრო ქვევით ეშვებიან... კი, ჩვენს მეტალურგებს მართლაც აქვთ მრავალი სხვადასხვა კომპეტენცია ფოლადისა და ფოლადის ნაკეთობების შექმნაში, მაგრამ აი, ბიოქიმია - 100%-ით არ არის მათი პროფილი“, - წერს ცქიტიშვილი 12 აპრილს გამოქვეყნებულ თავის ფეისბუკპოსტში, კრემლისტური პროპაგანდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

"აზოვსტალის" ერთ-ერთი საამქრო
"აზოვსტალის" ერთ-ერთი საამქრო

შინაარსის აბსურდულობის მიუხედავად, კომპანიამ საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ შეხება არასოდეს ჰქონია რაიმე, მით უფრო - ბიოლოგიურ იარაღთან.

ხელმძღვანელები დებენ პირობას, რომ ომის შემდეგ, „აზოვსტალი“ კვლავ აღორძინდება.

რა გზა არსებობს მარიუპოლისთვის?

კიევის განცხადებით, ამ ეტაპზე სამხედრო გზით ვერ ხერხდება ორშრიან ალყაში მოქცეული, თითქმის სრულად მიწასთან გასწორებული მარიუპოლის გათავისუფლება.

„უკრაინსკაია პრავდასთან“ მარიუპოლის გათავისუფლების ორ გზას ასახელებს პრეზიდენტი ზელენსკი: დასავლური იარაღით სწრაფი მომარაგება და მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ამ დღეებში ისიც განაცხადა, რომ მარიუპოლელების განადგურების შემთხვევაში - კიევი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

სამხედრო ექსპერტების თქმით, მარიუპოლის ბედს იზიუმთან ახლოს 18 აპრილს მოსკოვის მიერ დაწყებული მასშტაბური საომარი მოქმედებების შედეგი გადაწყვეტს.

აგილ რუსტამზადეს 16 აპრილის პროგნოზია, რომ მარიუპოლის ალყის გარღვევას უკრაინის არმია ერთ თვეში მოახერხებს, დონბასის ბრძოლების შემდეგ და ამ შესაძლებლობას, მისი თქმით, აჩენს დასავლელი პარტნიორების მიერ კიევისთვის მიწოდებული უმნიშვნელოვანესი თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინის არმიისთვის „სწრაფი ნახტომი“ იქნება.

ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია და კიევის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ დაიწყო ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG