Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლის მერი: ოკუპანტებმა მარიუპოლი გადააქციეს შუა საუკუნეების გეტოდ


დანგრეული საცხოვრებელი სახლები მარიუპოლში. 2022 წლის აპრილი
დანგრეული საცხოვრებელი სახლები მარიუპოლში. 2022 წლის აპრილი

რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფი მარიუპოლის მერი და საქალაქო საბჭო აცხადებენ, რომ გაუსაძლისმა პირობებმა და ავადმყოფობამ, წლის ბოლომდე შესაძლოა, 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. საქალაქო საბჭოს ტელეგრამ-არხზე დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამად მარიუპოლში იმყოფება 150 000-170 000 ადამიანი

ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა მარიუპოლი გადააქციეს შუა საუკუნეების გეტოდ. ბოიჩენკო წერს, რომ მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების და წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენის გარეშე, ქალაქში ეპიდემია დაიწყება.

მერის ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილთა დიდი ნაწილი მოხუცები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები არიან და შესაბამისი პირობების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ბოიჩენკო აცხადებს, რომ აუცილებელია მარიუპოლში მყოფთა სრული ევაკუაცია.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა. მათ შორის, მაისის დასაწყისში, გაეროს და "წითელი ჯვრის" მონაწილეობით ქალაქიდან გაიყვანეს რამდენიმე ასეული ადამიანი. ევაკუირებულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" გვირაბებს.

ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა "აზოვსტალის" რაიონში, რომელსაც ორ თვეზე მეტია იცავენ უკრაინელი მებრძოლები. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა.

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, მარტის დასაწყისში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა 400 000-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG