Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს, კონკრეტულად რა პრობლემა აქვს "მთავარ არხს"


ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი

ტელეკომპანია "მთავარი არხის" წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე, ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკზე" წერს, კონკრეტულად რა პრობლემა აქვს არხს. იგი ამბობს, რომ პოსტს აქვეყნებს იმისთვის, რათა "ტყუილი და მართალი" ერთმანეთში არ აირიოს.

"ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ [ზაზა] ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა, მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ, სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

იგი წერს, რომ ფინანსური კრიზისის გამო მოუწიათ ვაშლიჯვარში მდებარე სტუდიის დახურვა, მაგრამ მუშაობას განაგრძობენ ჩუბინაშვილზე განთავსებული სტუდია და დიდ დიღომში არსებული ე.წ. "ბენტლის ოფისი". სწორედ ამ ორი ოფისიდან გადიოდა ეთერში ახალი ამბები, დღის გადაცემები და პოლიტიკური ტოქშოუები.

ვაშლიჯვრის სტუდიის დახურვის გამო დაიხურა "მთავარი არხის" გადაცემების ნაწილი. ჟორჟოლიანი ხსნის, როგორ შეიძლება გააგრძელონ მუშაობა იმ გადაცემებმა, რომლებიც ამ სტუდიაში იწერებოდა.

"​დაგაბნევთ, ალბათ ის, რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, "ქეთის სამზარეულო", "პუტკუნები", "ექიმები", ლელა. არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ ამ გადაცემას სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი...

ახლა ვიბრძვით გადარჩენითვის და გადავრჩებით კიდეც. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვანოც და მისი გუნდიც ჩვენთან ერთად იყოს", - აცხადებს ტელეწამყვანი.

გუშინ, 13 ივნისს, გახდა ცნობილი, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებისა და არხზე არსებული ფინანსური პრობლემების გამო, გასართობი გადაცემები სტუდიების გარეშე დარჩა.

„მედიის თავისუფლების ფონდი" - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც „მთავარი არხის“ დასახმარებლად შეიქმნა, მისი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან მესამე დღეს.

გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG