Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პურის ფასი - არსებობს თუ არა გზა, რომ პური აღარ გაძვირდეს?


უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში საქართველოში პურის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. დღეს ე.წ. სოციალური პურის ფასი 1,30 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის გაზაფხულთან შედარებით, პურზე ფასი დაახლოებით 40 თეთრითაა გაზრდილი.

გასული წლის ზაფხულამდე, საქართველოში პური საშუალოდ 90 თეთრი ღირდა. 2021 წლის ივლისში პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. მაშინ პურის ფასის მატების მიზეზად დასახელდა კოვიდ-პანდემიის დროს დაწესებული სუბსიდირების პროგრამის დასრულება. რამდენიმე თვეში, ოქტომბერში, პურის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატა და სოციალური პურის ფასის ღირებულებამ საშუალოდ 1,25 ლარი შეადგინა - ითქვა, რომ პურის გაძვირება პურში შემავალი ყველა ძირითადი კომპონენტის, ფქვილის, საფუარის, ზეთისა და მარილის გაძვირებამ გამოიწვია.

10 თეთრით გაძვირდა პური 2022 წლის აპრილშიც - ორნიშნა ინფლაცია და პურის დასამზადებელ ინგრედიენტებზე ფასების მკვეთრი მატება და ამასთანავე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების ცვალებადობა - ამჯერად ასე განიმარტა პურზე ფასის მატების მიზეზი.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ხორბალი აღარ შემოდის და ქვეყანა მთლიანად ფქვილის იმპორტზეა გადართული. ლევან სილაგავა, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ საქართველოსთვის ხორბლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნის, რუსეთის მიერ უკანასკნელ ერთ წელში დაწესებულმა, ე.წ. მცურავმა ბაჟმა, ერთი ტონა ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. დღევანდელი მონაცემებით, ერთ ტონა ხორბალზე მცურავი ბაჟის ღირებულება შეადგენს 142 დოლარს.

თუკი მცოცავი ბაჟის დაწესებამდე, ანუ გასული წლის ივნისამდე, საქართველოში რუსეთიდან თვეში დაახლოებით 60 ათასი ტონა ხორბალი და 2 000 ტონა ფქვილი შემოდიოდა, დღესდღეობით, ქვეყანაში შემოდის დაახლოებით 20 ათასი ტონა ფქვილი, ხორბალი კი თითქმის აღარ შემოდის.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, რუსეთიდან საქართველოში ხორბალი საერთოდ არ შემოსულა. ივნისში კი მხოლოდ 3 000 ტონა ხორბალი შემოვიდა, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მარტში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, ლოგისტიკური პრობლემების გამო, მისი შემოტანა დაგვიანდა.

რა შესთავაზა "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ" მთავრობას?

მიუხედავად მოლოდინისა, რომ ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემდეგ, საქართველო შეინარჩუნებდა პურის ფასს, ლევან სილაგავა ამბობს, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა და ამ ერთი წლის განმავლობაში, პურზე ფასმა რამდენჯერმე მაინც მოიმატა. მისივე თქმით, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფოს და მას ორი მთავარი გამოწვევის - პურის ფასის შენარჩუნებისა და სასურსათო უსაფრთხოების, ხორბლის მარაგების გარანტიების მოსაპოვებელი გზა შესთავაზა, თუმცა, ამ შეთავაზებაზე მათ, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ:

ლევან სილაგავა
ლევან სილაგავა

„ჩვენ სახელმწიფოს შევთავაზეთ, რომ რა გადასახადიც დააწესა რუსეთმა ხორბლის გატანაზე, იგივე გადასახადი დაწესებულიყო საქართველოს მხრიდან ფქვილის შემოტანაზეც, რათა წისქვილ-კომბინატები ფქვილის იმპორტიორებთან სწორი კონკურენციის პირობებში ჩავმდგარიყავით. სამაგიეროდ, წისქვილ-კომბინატები აიღებდნენ ვალდებულებას, რომ პურის მწარმოებლებისთვის მიეწოდებინათ იმ ფასად და იმ რაოდენობის პირველი ხარისხის ფქვილი, რომელიც არ გაუძვირებდა ქვეყანას პურის ფასს. საქართველოს თვეში დაახლოებით 7 000 ტონა ფქვილი სჭირდება სოციალური პურის გამოსაცხობად. სახელმწიფოს შევთავაზეთ, რომ ჩვენ ამ 7 000 ტონა ფქვილს სამიზნე ფიქსირებულ ფასად მივაწვდით პურის ქარხნებს და დანარჩენ ფქვილზე, რომელიც სხვა ყველანაირი პროდუქტის წარმოებისთვის არის საჭირო, ვიმოქმედებთ თავისუფალი ბაზრის პრინციპით. თვეში საქართველოს სხვა პროდუქტის, საკონდიტრო ნაწარმის, ხაჭაპურის და ა.შ. საწარმოებლად სჭირდება 30 000 ტონა ფქვილი. სახელმწიფოს შევთავაზეთ, რომ 7 000 ტონა ფქვილს მივაწვდიდით ფიქსირებულ ფასად, დარჩენილ 23 000 ტონა ფქვილზე კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვიმოქმედებდით. თუკი საკონდიტრო პროდუქტის ფასი მოიმატებს, ეს ისეთი სენსიტიური საკითხი არ იქნება, როგორც პურის ფასის ზრდა, სამაგიეროდ, პურის ფასის პრობლემას მოვხსნიდით, რასაც სხვა დივიდენდებიც დაემატებოდა - წისქვილ-კომბინატებში შენარჩუნებული სამუშაო ადგილები, ქატოს და ფქვილის წარმოება, ხორბლის მარაგები. სახელმწიფომ გვითხრა, რომ მათი პრიორიტეტია პურის ფასი და ამიტომ ის ამ გადასახადს ვერ შემოიღებდა, რადგან მაშინ მოუწევდა ე.წ. ძვირი ფქვილის შეძენა. ამას ამბობდნენ მეპურეებიც, ამას ამბობდა მთავრობაც. ამას უწოდებენ ისინი „იაფ ფქვილსაც“. მათ გადაწყვიტეს, რომ ჯობდა გაჩერებულიყო წისქვილ-კომბინატები, სამაგიეროდ, პურის ფასი შენარჩუნდებოდა. თუმცა, თუკი პურის ფასების ერთწლიან ქრონოლოგიას გადავხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძირითადად ფქვილის იმპორტი ხორციელდებოდა და არსებობდა მოლოდინი, რომ ეს დაიცავდა ქვეყანას პურის გაძვირებისგან, პური მაინც გაძვირდა“.

ისევ გაიზრდება თუ არა პურის ფასი?

მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის კვლავ მატება, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ამ ეტაპზე, არ აქვს მალხაზ დოლიძეს, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარეს. მისი თქმით, პურზე ფასის შენარჩუნება პირდაპირ იქნება დამოკიდებული როგორც ფქვილის ფასის, ისე მაგალითად, ბუნებრივი აირის ტარიფის მოსალოდნელ ზრდაზეც.

მალხაზ დოლიძის თქმით, დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 13-15 ლარითაა გაზრდილი და მისი ფასი 77-78 ლარამდე მერყეობს.

„ერთ ტომარა ფქვილში 65 - 67ლარს ვიხდიდით ხარისხის მიხედვით. 2022 წლის მარტის ბოლოდან, ფქვილის ფასმა მოიმატა, რადგან რუსეთიდან ტრანსპორტირებისათვის მძღოლებმა მომსახურების ფასი გაზარდეს და ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება გახდა 72 ლარი. ცოტა ხანში კვლავ მოიმატა ფქვილზე ფასმა და გახდა 75 ლარი. რაკი საქართველოში ხორბალი აღარ შემოდის და გაჩერდნენ წისქვილები, შემომტანმა კომპანიებმა დაინახეს, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ბაზარზე, აღარ ჰყავთ კონკურენტები და ამიტომ მოამატეს ფასიც. დღეს უკვე 77 და 78 ლარს ითხოვენ ერთ ტომარა ფქვილში. გარდა ამისა, ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში გაზის ტარიფი იზრდება 50%-ით. გაზის ტარიფი პურ-პროდუქტებისთვის იყო 86-90 თეთრის ფარგლებში და ახლა უნდა გახდეს, 1,38 ლარი. „სოკარმა“ განაცხადა, რომ მათი ტარიფი იქნება 1,15 ლარი, რაც ნორმალურია. ჩვენ ეს მოთხოვნაც გვაქვს, რომ მოგვცენ იაფი გაზი“.

მალხაზ დოლიძე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. დღეს პურის მწარმოებლები სავაჭრო ობიექტებს პურს 1,20 ლარად აბარებენ. პურის საბოლოო ფასს კი თავად მაღაზიები განსაზღვრავენ. მალხაზ დოლიძე თვლის, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ გარკვეული რეგულაციები უნდა შემოიღოს:

„დისტრიბუცია და ვაჭრობა ამ ფასს კიდევ უფრო აძვირებს. შეიძლება ზოგიერთ მაღაზიაში პურის ფასი იყოს 1,50 – 1,60 ლარი. ვისაც როგორ უნდა, იმას ამატებს. ჩვენთან მუხრუჭი არ იციან. პური არის პირველადი მოხმარების პროდუქტი. ამიტომ აუცილებელია, რომ არსებობდეს რეგულაცია“.

მალხაზ დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე, პურის მწარმოებლებს აქვთ რესურსი, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს იმ დრომდე, სანამ ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 84 ლარს არ გადასცდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ფქვილის მარაგი შემოდის და არც პურის ფასია მაღალი. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა:

„საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, გვაქვს ყველაზე იაფი პური. ამ თვალსაზრისით მარაგები არის არა ხორბალში, არამედ ფქვილში. სტაბილური მარაგები გვაქვს, მით უმეტეს, ამ პერიოდისთვის, როდესაც ახალი მოსავალი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში იწყებს მოსვლას. ამ თვალსაზრისით, სრული სიმშვიდეა ქვეყანაში. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება“.

დანაღმული ხორბალი - ომის იარაღი

ხორბლისა და ფქვილის მარაგების, შესაბამისად, პურის ფასის ზრდის საკითხი, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, მას შემდეგ მოექცა, რაც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

უკრაინა, ხორბლის მოსავლის აღება ხარკოვის რეგიონში, 2016 წელი
უკრაინა, ხორბლის მოსავლის აღება ხარკოვის რეგიონში, 2016 წელი

უკრაინა მსოფლიოში ხორბლის მეხუთე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ სურსათის კუთხით, ეს წელი გლობალურად ისტორიაში ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო იქნება.

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელი ლისა კარტი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში წამყვანი კულტურების მოსავლის მოყვანა დაარღვია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით, უკრაინის მიწაში ნაღმების ჩამარხვით და უკრაინის მარცვლეულის საცავების განზრახ და მრავალგზის დაზიანებით:

„ჩვენი ბოლო მონაცემებით. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა აჩერებს იმ სურსათს, რომელიც უკრაინას ჯერ კიდევ აქვს და შეეძლო ექსპორტირება ქვეყნებში, რომლებიც მათ უკიდურეს დეფიციტს განიცდიან“.

ივნისის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა გემსაწინააღმდეგო შეიარაღებას ვერ მიიღებს, შემოდგომისთვის 75 მილიონი ტონა მარცვლეული ვეღარ გავა ექსპორტზე უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.

გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის შეფასებით, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდა, მსოფლიოში შიმშილობის ზღვარზე 47 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება. მას მერე, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოში გაიზარდა სამომხმარებლო კალათის ფასებიც. გაეროს მონაცემებით,საკვების გლობალურმა ინდექსმა მარტში ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია და გაიზარდა 12.6%-ით.

XS
SM
MD
LG