Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროება: კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმა მტკიცებულებებით დასტურდება


უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში დანგრეული სავაჭრო ცენტრი. 2022 წლის 27 ივნისი
უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში დანგრეული სავაჭრო ცენტრი. 2022 წლის 27 ივნისი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ დადგენილია ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გარემოებები.

უშიშროების სამსახურის თანახმად, რაკეტები Х-22 ნასროლია რუსეთის არმიის ბომბდამშენ Ту-22М3-დან, რომელიც რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე აეროდრომ „შაიკოვკა“-დან აფრინდა, რაკეტები კი, კურსკის ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი განმარტებით, ადასტურებს, რომ რაკეტა მოხვდა სწორედ სავაჭრო ცენტრის შენობას, სადაც ხალხი იმყოფებოდა. რაც შეეხება ახლომდებარე ქარხანას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამ ობიექტზე სარაკეტო დარტყმის ვიდეოც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ იქ არანაირი სამხედრო ტექნიკის საწყობი არ არსებობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის განცხადებით, სპეცსამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ოკუპანტებმა შეგნებულად ჩაიდინეს ომის დანაშაული“.

27 ივნისს, პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე შეტევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტმა სამოქალაქო ობიექტზე სარაკეტო დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა. 28 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამიზნე იყო ანგარი, რომელშიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება და საბრძოლო მასალები ინახებოდა, მეზობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში კი, ხანძარი გამოიწვია ანგარში შენახული საბრძოლო მასალების დეტონაციამ.

XS
SM
MD
LG