Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ქალი დეპუტატი განცხადებას ავრცელებს: აშშ-ს ელჩზე შეტევა აძლიერებს ანტიდასავლურ კამპანიას


ფოტოკოლაჟი: პარლამენტის დეპუტატები და აშშ-ის ელჩი
ფოტოკოლაჟი: პარლამენტის დეპუტატები და აშშ-ის ელჩი

პარლამენტის ხუთი ქალი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეტევა ქვეყანაში ანტიდასავლურ კამპანიას აძლიერებს, რაც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასე ეხმაურებიან თეონა აქუბარდია ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ხათუნა სამნიძე ("რესპუბლიკური პარტია), თამარ კორძაია (უპარტიო დეპუტატი), ანა ნაცვლიშვილი ("ლელო") და ანა ბუჩუკური ("საქართველოსთვის") მმართველი პარტიის წევრებისა და ამავე პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატების განცხადებებს.

"მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩაერთნენ საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით", - წერია განცხადებაში.

დეპუტატები იხსენებენ, რომ 2008 წელის აგვისტოში ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა დაიწყო და დღემდე აგრძელებს ქვეყნის ოკუპაციას. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყანა ჩართულია ჰიბრიდულ ომში.

"რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად", - აცხადებენ დეპუტატები.

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად დეპუტატებმა რამდენიმე ფაქტი მოიყვანეს:

  • "აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი";
  • "აშშ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულიდან მხარს უჭერს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს იყოს რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების გამტარი და მიმწოდებელი ენერგოდერეფანი კასპიის ზღვის ენერგო რესურსების დასავლეთისთვის";
  • "უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს გავლით გაზრდილი ტვირთბრუნვა და ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ დასავლეთის ინტერესია რეგიონში და საქართველოში მშვიდობა";
  • "აშშ-ს დახმარებით გაიზარდა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდგომ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად";
  • "რუსეთის მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე 2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ";
  • "რუსეთის სასარგებლოდ შავ ზღვაზე დარღვეული სტრატეგიული ძალთა ბალანსის ფონზე საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება ნატოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში დასავლეთისთვის";
  • "აშშ ეხმარება საქართველოს რუსული საინფორმაციო ომის და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და რუსული ჰიბრიდული ომის და ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, რაც საფრთხედ არის საქართველოს მიერ შეფასებული";
  • "აშშ წლების მანძილზე ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ნატოში წევრობამდე საქართველოზე გარე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შესწევდეს ძალა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობის გაწევის";
  • "აშშ-სთან საერთო ღირებულების და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-მ საქართველოს 30 წლის მანძილზე კონკრეტული პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო".

"ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით ვფიქრობთ ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს ერთის მხრივ საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს", - აცხადებენ დეპუტატები.

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

XS
SM
MD
LG