Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს


ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი
ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმისთვის და ახლო ნათესავებისთვის უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

„როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით“, - აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

სანქცირებულთა შორის არიან:

  • ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე.

სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:

  • ქონების უფლება;
  • სავაჭრო ოპერაციები;
  • რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი;
  • უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა;
  • ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.

განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება.

XS
SM
MD
LG