Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც მოქალაქისთვის, სრულიად გასაგებია, რაც ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ მოხდა - იოსელიანი


ლევან იოსელიანი, ომბუდსმენი
ლევან იოსელიანი, ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ის პროტესტი, რომელიც 20 მაისს მოქალაქეებმა გამოხატეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტის გამო. ამის შესახებ მან სტრასბურგში გამგზავრებამდე ისაუბრა ჟურნალისტებთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

"როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს", - თქვა ლევან იოსელიანმა.

გუშინ, 20 მაისს, სასტუმრო "ყვარლის ტბის" მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით თელავში დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია - ის ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გადაყვანილი.

20 მაისს ორბელიანის სასახლეში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს".

XS
SM
MD
LG