Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჯარისკაცების სელფები სანგრებიდან


რუსი ჯარისკაცები თავდაცვის ხაზთან
რუსი ჯარისკაცები თავდაცვის ხაზთან

რუსი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში და სხვა იმ ადგილებში, სადაც ისინი მალე შეიძლება უკრაინელი სამხედროების წინაშე აღმოჩნდნენ. აი, როგორ გამოიყურება თავად რუსი ჯარისკაცების თვალით დანახული სახელგანთქმული თავდაცვის ხაზი ზაპოროჟიეში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით კონტრშეტევა დროებით შეწყვიტეს, შესაძლოა წვიმების გამო, რომელიც მძიმე ტექნიკის გადაადგილებას უშლის ხელს. ბრძოლაზე წვიმა უარყოფითად მოქმედებს, ეს ორშაბათს თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვითი ნაგებობების ძირითად ხაზამდე ჯერ არ მისულან. ეს ნაგებობები ბოლო წლის განმავლობაში რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სამხრეთით, ააშენა. მასში შედის სანგრები, ასევე გამაგრებები ქვემეხებისა და მძიმე ტექნიკისათვის. აქვეა სახელგანთქმული „დრაკონის კბილებიც“ - ბეტონის პირამიდები, რომელიც ზაპოროჟიეს ველებს კილომეტრებზე მიჰყვება (სანგრებისა და „კბილების“ მსგავსი წყება ჩანს ბელგოროდის ოლქშიც, ყირიმშიც და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც).

თავდაცვის ეს ხაზები თანამგზავრიდან კარგად ჩანს. ენთუზიასტებმა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს ღია წყაროების მეშვეობით აკვირდებიან, ისინი ინტერაქტიურ რუკაზე დაიტანეს. ფოტოები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები ინტერნეტში აქვეყნებენ, შესაძლებლობას იძლევა წარმოიდგინო, როგორ გამოიყურება თავდაცვითი ნაგებობები, რომლებთან შეჯახებაც უკრაინელებს მოუწევთ. იმის გაგებაც შეიძლება, მათ ვინ იცავს.

შარშან, სექტემბერში ხერსონისა და ხარკოვის ოლქების გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, რადიო თავისუფლება აჩვენებდა, როგორ აქვეყნებდნენ რუსი სამხედროები იქ თავიანთი პოზიციების ფოტოებს. ამის შემდეგ რუსეთის ჯარში დისციპლინა გაუმჯობესდა, მაგრამ მის შემადგენლობაში კვლავაც ბევრი კვაზიდამოუკიდებელი გაერთიანებაა. ისინი ტელეფონს სანგრებშიც იყენებენ. ძირითადად ესენი ჩეჩნეთში გაწვრთნილი მოხალისეობრივი ფორმირებებია. ამ ჯარისკაცების მეშვეობით რადიო თავისუფლება აჩვენებს, თუ ვისთან მოუწევს დაპირისპირება უკრაინულ ჯარს, თუკი კონტრშეტევა სამხრეთისკენ წარმატებით გაგრძელდა.

„სტუდენტები“ გუდერმესიდან

12 ივნისს ჩეჩნურმა ქვედანაყოფმა „ახმატმა“ პირველმა მოაწერა ხელი კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ე.წ. მოხალისეობრივი ფორმირებების მსახურების ორგანიზებაზე. მანამდე, 10 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანა, მსგავსი ხელშეკრულებები ყველა მსგავს ფორმირებასთან პირველ ივლისამდე დაედოთ. უარი თქვა მხოლოდ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელსაც შოიგუს არაერთხელ გაუკრიტიკებია.

ხელმოწერის ამსახველი ვიდეო თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამა არხზეა ატვირთული. კადრებზე ჩანს, რომ „ახმატის“ მხარე უცნაური აბრევიატურით არის წარმოდგენილი, ის ასე იშიფრება: „ავტონომიური, არაკომერციული ორგანიზაცია, დამატებითი პროფესიული განათლების, სპორტული სროლის კლუბი „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია ამ „უნივერსიტეტის“ „კურსდამთავრებულები“ ზაპოროჟიეს მიმართულებითაც არიან გაგზავნილები. იქ მათ შესაძლოა კონტრშეტევის მოგერიება მოუხდეთ.

ფოტო მსგავსი აბრევიატურით აპრილში 38 წლის სტავროპოლელმა რუსტამ ტემირკაევმა გამოაქვეყნა. ის გადაღებულია გუდერმესში (ჩეჩნეთი), მოსამზადებელ ბანაკში.

15 მაისს ტემირკაევი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც რადიო თავისუფლების კვლევის თანახმად, ოკუპირებული ტოკმაკის (ზაპოროჟიეს ოლქი) ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ველზეა გადაღებული.

საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team, რომელსაც რადიო თავისუფლებამ ეს ფოტო აჩვენა, ფიქრობს, რომ ეს საარტილერიო პოზიციაა. კადრში ჩანს ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, ასევე ყუთები საბრძოლო მასალით. თანამგზავრიდან 7 ივნისს გადაღებული ფოტოების მიხედვით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მსგავსი პოზიციები მთელ ამ მონაკვეთზეა მოწყობილი. რაც შეეხება „დრაკონის კბილებს“, Conflict Intelligence Team-ში გადაჭრით ვერ ამბობენ, გახდება თუ არა ის უკრაინელი ჯარისთვის გადაულახავი წინააღმდეგობა. მსგავსი გამოცდილება არ არსებობს. თუ უკრაინულმა ჯარმა ამ ადგილამდე მიაღწია, მასზე უამრავი ფაქტორი მოახდენს გავლენას.

ტემირკაევი იგივე ადგილიდან კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს. ამ ფოტოზე დამალული საბრძოლო ტექნიკა შეინიშნება. ფოტო 15 მაისს არის გამოქვეყნებული და მასზე ჩანს, რომ იმ დროისთვის თავდაცვითი ხაზს ჯერ კიდევ აწყობდნენ. სანამ ტემირკაევი აპარატის წინ პოზირებს, მისი თანამებრძოლი ორმოს თხრის.

რუსული საარტილერიო პოზიციები ქალაქ ტოკმაკთან
რუსული საარტილერიო პოზიციები ქალაქ ტოკმაკთან

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით კიდევ ერთი „კურსდამთავრებულის“ სამხედრო გზა შეიძლება ვიკვლიოთ - 24 წლის დანიილ სმატროვის, ჩერნოგორსკიდან. აპრილში ფოტო მანაც გუდერმესის ბანაკიდან დადო, 21 მაისს კი - როგორც მისი პროფილიდან ჩანს, სოფლების ნოვოპროკოპოვკასა და რაბოტინოს შორის დაიკავა პოზიცია. რუსული წყაროები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში რუსული ჯარი აქ უკრაინულ არმიას ეომება. ეს ადგილი უკრაინელებისთვის სტრატეგიულია. ისიც ფორტიფიკაციული ნაგებობებითაა დაცული.

„კავკასიის ქრონიკების“ ავტორმა მაირბეკ ვაჩაგაევმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. იგი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფის „ალფას“ ყოფილმა თანამშრომელმა დანიილ მარტინოვმა ჩამოაყალიბა. მიზანი უშუალოდ რაზმან კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი მებრძოლების მოემზადება იყო. მათგან შექმნილ ქვედანაყოფს „ახმატი“ ეწოდა. ეს ქვედანაყოფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, თუმცა, ფორმალურად მას არ ექვემდებარება. იურიდიულად ის სასწავლო ცენტრად რჩება - სპორტული სროლის კლუბად. მას ახლა აპტი ალაუდინოვი ხელმძღვანელობს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩეჩნეთიდან მოხალისეების ნაკლებობა იყო. ამიტომ ჩეჩნეთში „უნივერსიტეტის“ ბაზაზე, დაქირავებული სამხედროების მომზადება დაიწყეს. ისინი მთელი რუსეთიდან იყვნენ. წვრთნის შემდე ბევრი „ახმატში“ მოხვდა, ნაწილი სხვა ჩეჩნურ დაჯგუფებაში, მათგან ბევრის სახელწოდება ასევე „ახმატს“ შეიცავს.

12 ივნისს ალაუდინოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება დადო და ამით „ახმატისა“ და „რუსეთის სპეცრაზმის ინსტიტუტის“ სხვა დაქირავებულებიც ოფიციალურად გახდნენ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები.

სპეცრაზმი „ახმატი“ დისლოცირებულია დონბასში, ზაპოროჟიეს ოლქში და თვითაღიარებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში. ზაპოროჟიეს ოლქში სხვა ჩეჩნური ქვედანაყოფებიც მოქმედებენ, ისინი თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან: „ახმატ როსია“, „ვოსტოკ ახმატ“, „ზაპად ახმატ“...

ჩეჩენი მოხალისე ზაპოროჟიეს ოლქში
ჩეჩენი მოხალისე ზაპოროჟიეს ოლქში

სამხედრო ექსპერტები აღიარებენ, როს რუსეთის მიერ მოწყობილი მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა უკრაინელებისთვის რთულ წინაღობად იქცევა.

„შთამბეჭდავი ნაგებობებია. რუსეთმა აშკარად დიდი დრო და ძალა დახარჯა იმისთვის, რომ თავდაცვის ხაზი მყარი ყოფილიყო. ეს უკრაინას ისეთ პრობლემებს შეუქმნის, რომელსაც მანამდე არ შეხვედრია“, - წერს ავსტრალიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი ნეიტან რუზერი, - „რუსეთის ძირითადი თავდაცვის ხაზი სანგრების რამდენიმე წყება: ტანკსაწინაამღდეგო სანგრები, ტანკსაწინააღმდეგო „კბილები“, დანაღმული ველები, ფეხოსანი ჯარის სანგრები. მათ გადასალახად სერიოზული საინჟინრო მოწყობილობებია საჭირო. გამნაღმავი მოწყობილობა, ბულდოზერები და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ იმას კი არ მოითხოვს, რომ წინა ხაზზე გამოხვიდე, მანევრები გააკეთო და პატარა პოზიციები აიღო, არამედ ფრონტის ძირითადი ხაზის უსაფრთხოებაც უნდა უზრუნველყო“. ექსპერტი ასევე ამბობს, რომ უკრაინელ მებრძოლებს ჯერაც აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ტაქტიკა სიტუაციას მოარგონ (მაგალითად შეეცადონ, რუსეთის რეზერვებს ზურგში გააცალონ სიქა), ისტორიამ კი ძალიან ბევრი შემთხვევა იცის, როდესაც თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შემდეგ, მოწინააღმდეგის მთელი ფრონტი ჩამოშლილა.

იგივეს ფიქრობს ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ექსპერტი ჯეკ უიტლინგი. ინსტიტუტის საიტზე მან გამოაქვეყნა:

„რუსეთის ჯარი ახლა მომზადებული პოზიციებიდან იბრძვის. მისი ინფრასტრუქტურა ძირითადად არ დაზიანებულა... მაგრამ თუ რუსული ქვედანაყოფები იძულებულები გახდებიან პოზიცია შეიცვალონ, ცუდი მომზადებისა და დისციპლინის გამო თავდაცვა შესაძლოა არაკოორდინირებული და მოწყვლადი გახდეს. უკრაინელები ძალიან უნდა გაისარჯონ, რომ ასეთი პირობები შექმნან, რუსები დაძრან ადგილიდან. უკრაინამ შეიძლება ეს სცადოს, მაგრამ ამის იმედად ყოფნა არ ღირს. უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისთვის ზაფხული ძალიან მოუხერხებელი იქნება. დანაკარგები გაიზრდება, წარმატებისთვის კი დროა საჭირო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ შეწყდეს სასწავლო პროგრამები, რომლებიც უკრაინას საბრძოლო ნაწილების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ასევე არ უნდა შეწყდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგება. ამ შეტევის დროს რა ტერიტორიაც არ უნდა გაათავისუფლონ, გადამწყვეტი მაინც ისაა, რომ კრემს სჯეროდეს, რაც არ უნდა ეტაპობრივად ვითარდებოდეს მოვლენები, ის მაინც დამარცხდება“.

XS
SM
MD
LG