Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური "ვარკეთილი" აღარ დაიკეტება


მეტროსადგური "ვარკეთილი" რეაბილიტაციის დაწყებამდე
მეტროსადგური "ვარკეთილი" რეაბილიტაციის დაწყებამდე

მეტროსადგური "ვარკეთილი" აღარ დაიკეტება რამდენიმე თვის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.

"მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს", - თქვა მან.

მერმა ასევე ილაპარაკა უკვე გაკეთებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე:

  • ბაქანზე ჭერიდან მოიხსნა აზბესტის ფილები და სივრცე დეტალურად შეისწავლეს;
  • დაგეგმილია ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნიდან ფილების მოხსნა და ახლის დაგება.

"როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - თქვა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სამუშაოების ჩასატარებლად, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში ტენდერის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება. მერიამ სადგურის რეაბილიტაცია დაუკვეთა კომპანია "ბადა ქონსთრაქშენს", რომელიც კიდევ ერთ მეტროსადგურს, "ავლაბარს" არემონტებს. სადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია 13 398 612 ლარი ჯდება.

XS
SM
MD
LG