Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ყველა საქმეში გამართლდა


ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი
ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი

ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ცხრავე საქმეში გაამართლა ბრიტანულმა სასამართლომ. გადაწყვეტილება მისი უდანაშაულობის შესახებ დღეს გამოცხადდა, მსახიობის 64-ე დაბადების დღეზე.

ჰოლივუდის ვარსკვლავს გამოძიება ედავებოდა 4 მამაკაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას, რომლებიც 2004-2013 წლებში მოხდა. ამ დროს მსახიობი ლონდონში "Old Vic" თეატრს ხელმძღვანელობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას კევინ სპეისიმ ცრემლიანი თვალებით გადაუხადა ნაფიც მსაჯულებს მადლობა თავისი გამართლებისთვის. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განაჩენის გამოტანამდე 12 საათზე მეტხანს მსჯელობდა. მსახიობმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი გვერდითა გასასვლელიდან დატოვა, რათა თავი აერიდებინა მედიისთვის.

კევინ სპეისის სექსუალური შევიწროებისთვის დიდი ბრიტანეთის გარდა, სასამართლო დავა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ნიუ-იორკის სასამართლომ ის 2022 წლის 21 ნოემბერს გაამართლა.

კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში პირველად 2017 წელს დაადანაშაულა მსახიობმა ენტონი რეპმა. რეპის თანახმად, ეს მოხდა 1986 წელს ნიუ-იორკში, სპეისის სახლში წვეულების დროს. მაშინ ის 14 წლის იყო. ენტონი რეპი კევინ სპეისისგან მოითხოვდა 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას.

სკანდალის გამო კომპანია Netflix-მა სპეისისთან თანამშრომლობა შეწყვიტა პოპულარულ ტელესერიალში „ბანქოს სახლი“. მსახიობს არ გადასცეს პრემია „ემიც", მის ბოლო ფილმებში კი ამოჭრეს სცენები სპეისის მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG