Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კომიტეტმა მხარი დაუჭირა იერიქონის მახლობლად მდებარე ნანგრევების პალესტინაში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანას


მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი თელ ეს-სულთანი იერიქონის მახლობლად, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე. 17 სექტემბერი, 2023 წელი
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი თელ ეს-სულთანი იერიქონის მახლობლად, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე. 17 სექტემბერი, 2023 წელი
გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა თავის 45-ე შეხვედრაზე 17 სექტემბერს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა იორდანეს დასავლეთ სანაპიროს უძველესი ქალაქის, იერიქონის მახლობლად პრეისტორიული ნანგრევების პალესტინაში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანას.
ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გაანაწყენოს ისრაელი, რომელიც ამ ტერიტორიას აკონტროლებს და რომელიც არ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
იერიქონი არის ერთ-ერთი უძველესი, მუდმივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში და მდებარეობს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ნაწილში, რომელსაც მართავს საერთაშორისოდ აღიარებული პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება.
ნუსხაში შეიტანენ თელ ეს-სულთანის ახლომდებარე არქეოლოგიურ სამარხს, რომელიც მოიცავს პრეისტორიულ ნანგრევებსაც. ეს ნანგრევები ძველი წელთაღრიცხვის მეცხრე ათასწლეულით თარიღდება და უძველესი ქალაქის გარეთ მდებარეობს.
გადაწყვეტილება გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ერ-რიადში, საუდის არაბეთში, სადაც იმართება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, იუნესკოს შეხვედრა.
ისრაელმა იუნესკო 2019 წელს დატოვა და ორგანიზაცია დაადანაშაულა მიკერძოებულ დამოკიდებულებასა და წმინდა მიწასთან თავისი კავშირის დაკნინებაში. ისრაელმა ასევე გააპროტესტა იუნესკოს მიერ პალესტინის წევრ სახელმწიფოდ მიღება 2011 წელს. თუმცა ისრაელი რჩება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მონაწილედ და ერ-რიადში შეხვედრაზე დელეგაცია გაგზავნა.
დასავლეთი სანაპირო, ღაზასთან და აღმოსავლეთ იერუსალიმთან ერთად, ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაიპყრო. ისრაელი დასავლეთ სანაპიროს ებრაელი ხალხის ბიბლიურ და კულტურულ კერად განიხილავს.
თანამედროვე ქალაქი იერიქონი პალესტინის ტერიტორიების ტურიზმის მთავარ კერას წარმოადგენს, თავისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და ასევე მკვდარ ზღვასთან სიახლოვის გამო.
თელ ეს-სულთანი ოვალური ფორმის ბორცვია. ის შეიცავს მტკიცებულებას, რომ იქ იყო კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი სოფელი და ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ქალაქი. ის ძველი წელთაღრიცხვის 2600 წლით თარიღდება და დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს პირველი ქალაქის, იერიქონის ნანგრევებისგან, რომლებშიც არის ებრაული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ნანგრევები, მათ შორის სინაგოგა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება.
იუნესკოს, რომელიც ამ ადგილს ძველ იერიქონს/თელ ეს-სულთანს უწოდებს, დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ორი განსხვავებული, სხვადასხვა პერიოდის ობიექტია.
"ნომინაციისთვის შემოთავაზებული ობიექტი წარმოადგენს პრეისტორიულ არქეოლოგიურ ძეგლს, თელ ეს-სულთანს, რომელიც ანტიკური იერიქონის ფარგლებს გარეთ მდებარეობს", - განაცხადა ერნესტო ოტონემ, იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ. "უფრო გვიანდელი ისტორიული მოვლენები, რომლებიც ათასწლეულებს მოიცავს და მატერიალური ნაშთებითაა წარმოდგენილი თელ ეს-სულთანის საზღვრებს მიღმა, მოიცავს მდიდარ კულტურულ კონტექსტს, რომელიც იმსახურებს ისტორიულ ინტერესს და დაცვას და რომელიც, სხვათა შორის, მოიცავს ებრაულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას. თუმცა შემოთავაზებული ნომინაციის სამიზნე ეს არ იყო“.
ისტორიული მემკვიდრეობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ბევრ ცხელ წერტილთან ერთად ერთ-ერთი, იმის ფონზე, რომ ორივე მხარე იყენებს არქეოლოგიასა და კონსერვაციას, რათა დაამტკიცონ განსაკუთრებული კავშირი „წმინდა მიწასთან“.
პალესტინა, რომელიც ათი წლის წინ იქნა აღიარებული გაეროს მიერ, როგორც არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფო, მიესალმა თელ ეს- სულთანის ნუსხაში შეტანას.
ისრაელს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
იუნესკომ, რომელსაც პარიზში უდევს ბინა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის შედგენა 1978 წელს დაიწყო. ნუსხა ათენის აკროპოლისიდან ჩინეთის დიდ კედლამდე მოიცავს 1000-ზე მეტ ძეგლს, რომლებიც შესაბამისი ქვეყნების მიერ არის ნომინირებული. საქართველოში კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებთან ერთად, რომლებიც ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია ასევე გელათის მონასტერი, მცხეთა და ზემო სვანეთი.
XS
SM
MD
LG