Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს


პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი
პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 20 სექტემბერს, ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე - უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ბანკში გუშინ, 19 სექტემბერს, მიღებულ ცვლილებებს.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა, კარგი პროფესიონალია. მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში.

მინდა იმის თქმა, რომ შესაძლოა სხვადასხვა კოლეგას, ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, როცა ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს - აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი", - თქვა ნათია თურნავამ.

მას ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა, უკავშირდება თუ არა პაპუნა ლეჟავას გადადგომა ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებას. "ის არ დაეთანხმა თქვენს პოზიციას?" - იკითხა ჟურნალისტმა.

"ეს მას უნდა ჰკითხოთ", - უპასუხა ნათია თურნავამ.

პაპუნა ლეჟავამ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც. განცხადების მიხედვით, იგი თანამდებობას დატოვებს 21 ნოემბრიდან.

პაპუნა ლეჟავას თანამდებობიდან გადადგომის განცხადება
პაპუნა ლეჟავას თანამდებობიდან გადადგომის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საბჭოს წევრები გადადგომიდან ორი თვის განმავლობაში ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებეს და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიღებული გადაწყვეტილება.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG