Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტიც გადადგა


ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნულ ბანკს ტოვებს მესამე ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმაცია.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

ნიკოლოზ გაგუა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის წლების განმავლობაში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და შემდეგ გადაინაცვლა ეროვნულ ბანკში. მან რადიო თავისუფლებასთან დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

ნიკოლოზ გაგუამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული ბანკის დანარჩენმა ორმა ვიცე-პრეზიდენტმაც: არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ. ახლა საბჭოში მხოლოდ ოთხი წვერიღა დარჩა, მათგან ერთი, ნათია თურნავა, ბანკში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

20 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სების ვიცე-პრეზიდენტების გადადგომის გადაწყვეტილება ორი თვის შემდეგ შედის ძალაში და მანამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა ბათილად უნდა გამოაცხადონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას, გადაწყვეტილება.

„დროა, ასევე, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება პირველი ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მიუხედავად სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომისა, რადგან მათ კიდევ ორი თვის მანძილზე აქვთ ვადა, რომ მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. ანუ გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა, კარგი პროფესიონალია. მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში.

მინდა იმის თქმა, რომ შესაძლოა სხვადასხვა კოლეგას, ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, როცა ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს - აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პაპუნა ლეჟავაზე საუბრის დროს.

ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.

"პირადად ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატ ნათია თურნავაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები... პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად მიაყენა ზიანი, უნდა გადადგეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საბჭოს წევრები გადადგომიდან ორი თვის განმავლობაში ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიღებული გადაწყვეტილება.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG