Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კევინ მაკართი გადააყენეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან


კევინ მაკართი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ვაშინგტონი. 2023 წლის 3 ოქტომბერი
კევინ მაკართი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ვაშინგტონი. 2023 წლის 3 ოქტომბერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის თანამდებობიდან გადააყენა რესპუბლიკელი კევინ მაკართი. ეს კონგრესის ქვედა პალატის არსებობის ისტორიაში სპიკერის გადაყენების პირველი შემთხვევაა.

წარმომადგენელთა პალატას 221 ხმით რესპუბლიკელები აკონტროლებენ. დემოკრატებს 212 მანდატი აქვთ. 3 ოქტომბერს მაკართის გადადგომას, რომლის ინიციატორი იყო მისი მკვეთრად მემარჯვენე თანაპარტიელი მეტ გეტცი, მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის 8 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგი იყო 210.

მკვეთრად მემარჯვენე რესპუბლიკელები სპიკერს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც 30 სექტემბერს კევინ მაკართიმ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ხმების მობილიზებით უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება და ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა. კონგრესმენმა გეტცმა სპიკერი დაადანაშაულა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესების გატარებაში. თავად მაკართი მიიჩნევს, რომ გეტცის მოტივი ბიუჯეტის მიღებას არ უკავშირდებოდა და ის, უბრალოდ, პოპულარობის მოპოვებას ცდილობს.

დროებითი ბიუჯეტის მიღების მიუხედავად, დემოკრატები მაკართის არასაიმედოდ მიიჩნევდნენ და მის გადადგომას მხარი დაუჭირეს. დემოკრატიული პარტიის აღშფოთებას იწვევდა სპიკერის გადაწყვეტილებაც, მხარი დაეჭირა პრეზიდენტ ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის მიზნით გამოძიების დაწყებისთვის.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის არჩევამდე მის მოვალეობას რესპუბლიკელი პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კევინ მაკართიმ განაცხადა, რომ სპიკერად კენჭისყრას აღარ აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, რესპუბლიკელები 10 ოქტომბერს შეიკრიბებიან სპიკერობის კანდიდატთა განსახილველად, 11 სექტემბერს კი კენჭისყრა ჩატარდება.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველთვის მზად არის კონგრესში ორივე პარტიასთან ერთად მუშაობისთვის. ჟან-პიერის თანახმად, ამერიკელი ხალხის წინაშე არსებული, სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების გამო დრო არ ითმენს, ამიტომ, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს სწრაფად აირჩევს.

  • კევინ მაკართი წარმომადგენელთა პალატის ისტორიაში შევიდა პირველ სპიკერად, რომლის ასარჩევად, 2023 წლის იანვარში, 15 კენჭისყრა გახდა საჭირო.
  • 9 თვის შემდეგ, მაკართი კონგრესის ქვედა პალატის ისტორიაში გახდა პირველი, ვინც სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს.
  • აშშ-ში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა შეინარჩუნა სენატში.
XS
SM
MD
LG