Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში სპეცსამსახურებმა პირველი ყირგიზი "კანონიერი ქურდი" მოკლეს


კამჩიბეკ (კამჩი) კოლბაევი
კამჩიბეკ (კამჩი) კოლბაევი

4 ოქტომბერს ბიშკეკში ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს 49 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი“ კამჩიბეკ კოლბაევი, იგივე კოლია ყირგიზი. იგი იყო ყირგიზეთში პირველი „კანონიერი ქურდი“ - პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელი, - რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ მსოფლიოს უმსხვილესი ნარკორეალიზატორების სიაში შეიყვანა.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, კოლბაევი ოთხშაბათს რესტორან Blonder Pub-ში მოკლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, მან სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

2008 წელს კოლბაევი "კანონიერმა ქურდებმა" თავიანთი წრის წევრად აღიარეს, - წერს სააგენტო Prime Edge. ახალი ქურდის ე.წ. კორონაცია გამართეს იმ დროს ყველაზე გავლენიანი ქურდის, ასლან უსოიანის („დედ ჰასანის“) კლანის წევრებმა. იუწყებიან, რომ კოლბაევის „კურთხევა“ მოსკოვში მოხდა "პოლიციის დღის" წინა დღით.

გამოცემა 24.kg აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დროს კოლბაევთან კავშირში ადანაშაულებდნენ ყირგიზეთის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრემიერს და ამჟამინდელ პრეზიდენტს, სადირ ჯაფაროვს. მოკლულის ადვოკატმა კოლბაევის შესახებ თქვა, რომ ის იყო არა "კანონიერი ქურდი", არამედ პატივცემული აღსაყალი.

აშშ-ს ხელისუფლებამ კოლბაევს უწოდა საერთაშორისო ორგანიზაცია "საძმოს წრის" წარმომადგენელი. ასე ვაშინგტონი უწოდებს ყოფილი სსრკ-ის გაერთიანებულ ორგანიზებულ დანაშაულს. 2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კამჩიბეკ კოლბაევი ყველაზე დიდი უცხოელი ნარკობარონების სიაში შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარამდე თანხა დააწესა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობდა კოლბაევის დაკავებას და მისი ორგანიზაციის ფინანსური სქემების განადგურებას.

XS
SM
MD
LG