Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მეტრიანი ავტობუსი გლდანში, დიღომში, ვაკესა და ორთაჭალაში ივლის


18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც თბილისში ივლის
18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც თბილისში ივლის

ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე ივლის. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
  • N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
  • N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
  • N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუნხენში ვიზიტის დროს, 7 ნოემბერს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე გავა.

"ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება", - აღნიშნა მან.

სხვა ხაზებზე გადანაწილდება იმ ოთხ ხაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ახალმა ავტობუსებმა უნდა ჩაანაცვლოს. ეს ხაზებია N304, N305, N307, N309, N310, N311, N313, N315, N319, N320, N321, N323, N326, N336, N339, N351, N370, N372, N381, N385, N388 და N393.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.

სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.

XS
SM
MD
LG