Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის პოზიციით, სალომე ზურაბიშვილს საზეიმო ღონისძიებაზე “არაფერი ესაქმება“


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „არაფერი ესაქმებათ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, „მით უმეტეს - საზეიმო სცენაზე“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიის შეკითხვის პასუხად თქვა პარლამენტში.

საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ მივლენ თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელზე მისკვლისკენაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას მოუწოდა:

„მინდა ყველა მოგიწვიოთ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ეს დღე უნდა იყოს საერთო ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ, 14 დეკემბერს, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „პრემიერმა, მე მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი. მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შეუერთდეთ. თუ ტრიბუნასთან მომიწვევენ - კარგი, თუ არადა, ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე - ამით იწყება საქართველოს მომავალი".

ირაკლი კობახიძის თქმით კი, „დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე. როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მით უმეტეს ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“.

რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის საზეიმო ღონისძიების ორგანიზატორი. ამასთან, ღონისძიებაზე დასასწრებად რეგიონებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირება ორგანიზებულად მიმდინარეობს. როგორც, მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ გვითხრა, "დედაქალაქში მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი მერია ფარავს".

სახელისუფლებო პარტიას, მთავრობასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის არსებული დაპირისპირება გამოჩნდა მარტში, როცა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ ევროპული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისში მოსკოვის "მესიჯებს" იმეორებენ.

მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, ევროკავშირის სამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავრობისგან უნებართვო ვიზიტების განხორციელების საფუძვლით.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

საქართველოს პრეზიდენტი უშედეგოდ დასრულებული იმპიჩმენტის შემდეგ, 10-11 ნოემბერს, პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით მონაწილეობდა "მშვიდობის ფორუმში" და სიტყვით გამოვიდა. 10-12 დეკემბერს კი პრეზიდენტმა ჩეხეთში გამართა. ოფიციალური ვიზიტი.

8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია "შენი ხმა ევროპას". ღონისძიების დასკვნით შეხვედრას ორბელიანების სასახლეში დიპლომატები და პოლიტიკოსები დაესწრნენ. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს სიმბოლურად გადასცა ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე არავინ მივიდა მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან".

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

კენჭისყრამდე დარბაზი დატოვა უკრაინასთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერებმა ხმა მისცეს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება. ამასთან, ორბანმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევას.

2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა.

2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მისცა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციები.

„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის განაცხადი პირველმა უკრაინამ წარადგინა რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. იმავე წლის 3 მარტს განაცხადები წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. მანამდე „ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბობდა, რომ განაცხადს 2024 წელს წარადგენდა.

XS
SM
MD
LG