Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალიან აგრესიული გახდა რადიკალური ფრთა" - პეტრე კოლხის თქმით, "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები წლებია, ემუქრებიან


პეტრე კოლხი
პეტრე კოლხი

მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, პეტრე კვარაცხელია განმარტავს, რატომ შეიძლება, ითხოვდეს საპატრიარქოს სინოდალური კომისია მისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დეკანოზი ჰყვება პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი "ალტ-ინფოს" წევრების მხრიდან მუქარის შემცველი წერილების შესახებ და ამბობს, რომ ეს "პირდაპირ კავშირშია" სინოდალური კომისიის მოთხოვნასთან.

"ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, რომელსაც არ დავასახელებ, უნდა გამოცხადებულიყო წმინდა სინოდში. მან მოიმიზეზა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ გამოცხადდა. ამის გამო მას სინოდალური კომისიის მომდევნო სხდომამდე შეუჩერდა მღვდელმოქმედება... შემდეგ გამოდგნენ ე.წ. მორწმუნეები, ე.წ. მართლმადიდებლობის დამცველები, ფანატიკოსები და პირდაპირ მოითხოვეს საპატრიარქოს წინაშე: თუკი ეს ადამიანი დროებით განაყენეთ მღვდელმსახურებისაგან, პეტრე კოლხი რომ გყავთ ეკლესიაში და ამდენს ლაპარაკობს, იმას რატომ არ აჩუმებთო", - ამბობს პეტრე კვარაცხელია და აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად, ეს მისი სუბიექტური აზრია, "შეიძლება ვცდებოდე, თუმცა არ მგონია".

მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა მუქარის შემცველ წერილებს, თუმცა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წელი დადგა:

"ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე ძალიან ბევრი უსამართლო, მუქარით სავსე წერილები და გამოსვლები იყო წლების განმავლობაში. ძალიან აგრესიული გახდა რადიკალური ფრთა. [ალტ-ინფოა] დიახ, ისინი მემუქრებიან: ასე დაგემართება, ისე დაგემართება, აგერ ნახავთ, რა მოგივა. ეს პირდაპირ კავშირშია [სინოდალური კომისიის მოთხოვნასთან], რადგან საპატრიარქოს ისინი აიძულებდნენ, ის სასულიერო პირი თუ დაიბარე, ესეც დაიბარე. მე არც ალტ-ინფოელების დასჯას არ ვითხოვ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ილოცონ მუხლზე დამხობილებმა, მამა პეტრეს არ მოუნდეს ეკლესიიდან წასვლა, ყველას მივცემ პასუხისგებაში იმიტომ, რომ მე ხელში მიჭირავს დოკუმენტები, მუქარით სავსე წერილები: "გაგანადგურებ, მიწასთან გაგასწორებ, იქ დაგხვდები, აქ დაგხვდები...", - ამბობს ის.

დეკანოზის თქმით, მის მიმართ აგრესია და მუქარის წერილების მიღება მას შემდეგ გახშირდა, რაც სამების ტაძარში, მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახვა გააკრიტიკა:

"მე ყოველთვის ვაფიქსირებ აზრს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის მტერი. ამის თქმის არ მეშინია, მე ამას ყოველთვის ვიტყვი ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე რომ დამწვან. წლების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე ყველაზე მეტად ვინც დაგვაზარალა, იყო რუსეთი... კატეგორიულად არ მომწონს და ვაფიქსირებ ჩემს აზრს, წმინდანის ხატზე ტირანი რომ იყო გამოსახული. არ მომწონს და ხომ მაქვს უფლება დავაფიქსირო პოზიცია? 21-ე საუკუნეში, 2024 წელი დადგა და თურმე ისეა გამოსახული სტალინი მატრონა მოსკოველის ხატზე, როგორც წმინდა გიორგის ხატზე გველეშაპი. ეს ხომ მტკნარი სიცრუეა?!

თუ ჩემთვის მღვდლობა იქნება სიმართლეზე თვალის დახუჭვა, გაჩუმება, დადუმება, დამონება, მაშინ მე არ მინდა ასეთი მღვდლობა. თუ ჩემთვის სამართლიანობა იქნება სასჯელი, მირჩევნია, სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე მონობაში დავრჩე".

პეტრე კვარაცხელია ამბობს, რომ სინოდალური კომისიის ბოლო რამდენიმე სხდომას უცხოეთში ყოფნის მიზეზით ვერ დაესწრო, თუმცა გეგმავს, საქართველოში დაბრუნდეს და მღვდელმთავრებს პირადად შეხვდეს.

საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა 13 თებერვალს გაიმართა. სხდომის ოქმის თანახმად, კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს.

ოქმში ნათქვამია, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის დაიბარეს კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG