Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიცა გარსია მარკესის ბოლო რომანი, რომელიც მწერლის აზრით, გასანადგურებელი იყო


ფოტო არქივიდან. გაბრიელ გარსია მარკესი
ფოტო არქივიდან. გაბრიელ გარსია მარკესი

ნობელის პრემიის ლაურეატი კოლუმბიელი პროზაიკოსის, გაბრიელ გარსია მარკესის დაბადების დღეს მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდა მწერლის ბოლო რომანი „შევხვდებით აგვისტოში“, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე იყიდება. 6 მარტს გარსია მარკესს 97 წელი შეუსრულდებოდა.

მწერალმა რომანზე მუშაობა მეხსიერების გაუარესების გამო შეწყვიტა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე კი თქვა, რომ ეს ნაწარმოები არ მუშაობს და უნდა განადგურდეს.

თუმცა შვილებმა გადაწყვიტეს, რომანი გამოეცათ მამის გარდაცვალების მეათე წლისთავისთვის, რომელიც 2024 წლის 17 აპრილს შესრულდება. ხელნაწერი ტეხასის უნივერსიტეტში ინახებოდა. მწერლის ვაჟმა როდრიგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, მამამ რომანზე უარი გაუთვითცნობიერებლად თქვა და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები არ დაუმუშავებია, მას დასრულებული სახე აქვს.

რომანის საბოლოო ვერსიის რედაქტორია გამომცემლობა Planeta Unidos-ის მთავარი რედაქტორი კრისტობალ პერა, რომელიც თავის დროზე ამ ნაწარმოებზე გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად მუშაობდა. პერამ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ნაწარმოებისთვის, რომლის პირველ „შავ ვარიანტზე" გარსია მარკესმა მუშაობა 2004 წელს დაასრულა, არცერთი სიტყვა არ დაუმატებია.

„შევხვდებით აგვისტოში“ ქალზეა, რომელიც 27 წელია ქმართან ბედნიერად ცხოვრობს და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ აქვს, თუმცა ყოველი წლის აგვისტოში კუნძულზე, დედის საფლავზე მიდის და ერთი ღამით სხვა ადამიანად იქცევა.

XS
SM
MD
LG