Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კრიმინალური ავტორიტეტი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი საპატიმროს ტოვებს


ფოტო არქივიდან: ზაქარია (შაქრო) კალაშოვი სასამართლო პროცესზე. 10 ოქტომბერი, 2017 წელი
ფოტო არქივიდან: ზაქარია (შაქრო) კალაშოვი სასამართლო პროცესზე. 10 ოქტომბერი, 2017 წელი

რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის სასამართლომ დააკმაყოფილა საპატიმროდან ზაქარია (შაქრო) კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა. გამოცემა „ჟიზნის“ თანახმად, შუამდგომლობა 70 წლის "კრიმინალური ავტორიტეტის" ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა.

ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“, მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ 2018 წელს ცნო და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას პატიმრობის ვადა 2026 წელს ეწურებოდა. ის 2016 წელს დააკავეს.

„კრიმინალური ავტორიტეტი,“ რომელიც თბილისშია დაბადებული, დამნაშავედ ცნეს მოსკოვის რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში. სასამართლომ დამნაშავედ აღიარა კალაშოვის თანაშემწედ ცნობილი ანდრეი კოჩუიკოვიც, მეტსახელად „იტალიელი“ და რვა წლით და ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კალაშოვის სახელს უკავშირდებოდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში არსებული კორუფციის რეზონანსული საქმეც. ერთ-ერთი საქმის გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ქრთამის აღებაში ბრალდებული იყო საგამოძიებო კომიტეტის სამი მაღალჩინოსანიც, რომლებიც 2016 წლის ივლისში დააკავეს. ზაქარია კალაშოვი რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერად ითვლება.

გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპის" თანახმად, კალაშოვი რამდენჯერმე იყო დაკავებული. 2006 წელს ის დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. იქ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დამნაშავედ იყო ცნობილი ფულის გათეთრების საქმეში და შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მლნ ევროს ჯარიმის გადახდა ჰქონდა მისჯილი. მოგვიანებით სასჯელი ცხრაწლიანი პატიმრობით შეეცვალა.

პატიმრობის შეფარდებიდან მალევე, ესპანეთმა კალაშოვის ექსტრადირების ორი განაცხადი მიიღო - პირველი რუსეთიდან, მეორე საქართველოდან, სადაც მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალაშოვის ექსტრადირება თბილისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც „კრიმინალური ავტორიტეტის“ რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 2014 წელს რუსეთში დაბრუნებული კალაშოვი „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გაათავისუფლეს. ორი წლის შემდეგ კი დააკავეს.

XS
SM
MD
LG