Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელი სეპარატისტები მათი მეთაურის გამო შურისძიებით იმუქრებიან


დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“
დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ დაადასტურა ცნობა, სეპარატისტთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობის შესახებ და კიევს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.

დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური „მოტოროლა“ სამხედრო ქვედანაყოფ „სპარტას“ ხელმძღვანელობდა. ეს ქვედანაყოფი უკრაინის არმიას ებრძოდა სლავიანსკისთან, ილოვაისკთან და დებალცევოს რაიონში, სადაც ხანგრძლივი ალყის შემდეგ, სწორედ „მოტოროლას“ ქვედანაყოფმა აიღო შტურმით დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი და დაატყვევა იქ ცოცხლად გადარჩენილი რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი. უმრავლესობა მძიმედ იყო დაჭრილი და მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, ზოგიერთი ჯარისკაცი სწორედ ტყვედ აყვანის შემდეგ, მოკლეს. როგორც ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცები ყვებოდნენ, „მოტოროლა“ პირადად მონაწილეობდა დაჭრილი ჯარიკაცების წამებასა და დახვრეტაში.

„მე მარცხენა გვერდზე ვიწექი, რადგან მარჯვენა მხარი მოტეხილი მქონდა. იგორი ჩემ გვერდით იწვა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ საავადმყოფოში წაეყვანათ. იგი გადარჩებოდა. „მოტოროლამ“ პისტოლეტ „ტეტედან“ მას თავში ორი ტყვია დაახალა“.

ეს არის ფრაგმენტი ჩვენი კოლეგის, ტელეგადაცემა „ნამდვილი დროის“ პროდიუსერ შაჰიდა იაკობის დოკუმენტური ფილმიდან „დონეცკის აეროპორტი“, რომელშიც თვითმხილველები ბოლო ბრძოლებისა და ტყვეობის ამბებს იხსენებენ. თავად „მოტოროლა“ ამ ბრალდებას ცინიკურად იგერიებდა:

„არა, ტყვეებს არ ვხვრეტ. ეს არ არის ჩემი ამოცანა. დადგება დრო, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ დახვრეტენ.“

16 ოქტომბერს დადგა დრო, როდესაც დონეცკელ სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, დაიღუპა. იგი დონეცკში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს. ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობას დონეცკში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ნამოქმედარი უწოდეს.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა:

„მე როგორც მესმის, პიოტრ ალექსეევიჩ პოროშენკომ დაარღვია ზავი და ომი გამოგვიცხადა. კმარა დაპირებები, რომლებიც ყელში ამოვიდა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: თქვენ ათასჯერ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ“.

კიევში უარყვეს ეს ბრალდება და განაცხადეს, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, თავად ერთმანეთზე მტრულად გადაკიდებულმა სეპარატისტებმა ჩაიდინეს. თუმცა, ბევრი უკრიანელი მოღვაწე ვერ მალავდა სიხარულს, სეპარატისტთა ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის გამო. „ეს სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ნაძირლები უკრაინის მიწაზე სწორედ ასეთ დასასრულს იმსახურებენ“, – დაწერა ფეისბუკით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარატამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG