„მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს, რომლის მასშტაბებმა შეიძლება გადააჭარბოს ჩერნობილის შედეგებს“
თამთა ჩაჩანიძე
(26.04.2023)

ევროპაში ერთ-ერთი დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ საფრთხის წინაშეა, უკრაინის ხელისუფლების თქმით, ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ოკუპაცია და სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადგილზე მინიტორინგი ხორციელდება, თუმცა, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და რამდენადაც იზრდება რუსეთის მარცხის შანსი, იმდენად იზრდება ბირთვული შანტაჟის საფრთხე.

„უკრაინის ატომური ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და მისი სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს, რომლის მასშტაბებმა შეიძლება გადააჭარბონ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგებს", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, მაშინ უკრაინა და მსოფლიო ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კატასტროფას წააწყდნენ, რომლის შედეგადაც თითქმის 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

„საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დუმილმა და სიცრუემ ტრაგედიის შესახებ, მიგვიყვანა საშინელ შედეგებამდე, რომლებიც თანამედროვე უკრაინის ფარგლებს ძალიან შორს გასცდა. ჯამში დაზარალდა თითქმის 5 მილიონი ადამიანი", - დაწერა პრემიერ-მინისტრმა „ტელეგრამის" გვერდზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს მოვლენები და შედეგები, რომლებიც 1986 წლის 26-მა აპრილმა მოიტანა იმისთვის, რათა გადამწყვეტად ებრძოლონ რუსეთის ბირთვულ ტერორს.

„და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება", - განაცხადა შმიგალმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა რუსებმა ატომური ელექტროსადგური ბირთვული შანტაჟისთვის გამოიყენონ და ომის წაგების შემთხვევაში ელექტროსადგური განგებ დააზიანონ და უკრაინას დააბრალონ.

„ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებას უჭირს, რომ ევროპაში ერთ-ერთი მძლავრი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცული იყოს. თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეში ჩასულები მაინც იყვნენ.

„თითქოს საუბარი იყო, რომ შესაბამისი უსაფრთხოების ზონა შეექმნათ, რომ ატომურ ელექტროსადგურს ჭურვი არ მოხვედროდა. არის მოსაზრება, რომ შესაძლოა რუსებმა უკანდახევისას ზაპოროჟიეს აეს-ი თავადაც დააზიანონ და ეს უკრაინულ მხარეს დააბრალონ. მაგრამ, ეს სცენარი მაინც ნაკლებადშესაძლებლად მიმაჩნია, რადგან, იქიდან წასული რადიაცია რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. ზაპოროჟიე რუსეთთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩერნობილი.

„იმედია, რომ უკრაინის შიარაღებული ძალების შეტევის შედეგად რუსები ზაპოროჟიედან უკან დაიხევენ, ჯერჯერობით სიტუაცია ფეთქებადსაშიშია, სანამ ამას რუსები აკონტროლებენ. რუსებს რაც უფრო წაგებისკენ მისდით საქმე, მით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ატომურ შანტაჟს მიმართონ, თუმცა, ტერიტორიულად რუსეთთან ახლოსაა და შესაძლოა ეს გაითვალისწინონ.

„მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, იქიდან გამომდინარე, რომ პუტინისთვის საკუთარი მსხვერპლიც არაფერს არ ნიშნავს, მისგან არაფერია გამორიცხული და შესაძლოა ყველაფერზე წავიდეს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უსაფრთხოების ზომებს ამოწმებენ, მაგრამ რეალურად ამ ეტაპზე რაიმეს ზემოქმედება არ შეუძლია. ეს თემა ძალზედ მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რადგან ზაპოროჟიეს აეს-ი ევროპაში ერთ-ერთი მძლავრია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაცია ფეთქებადსაშიშია.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მონიტორინგს ახორციელებენ. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირისა და სხვა მისიებია ჩართული, მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ, სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან ელექტროსადგური საბრძოლო მოქმედებების ზონაშია.

„ფეთქებადსაშიში ვითარებაა. რუსები ელექტროსადგურს თვითონაც იცავენ, მაგრამ ამის პარალელურად გარკვეული საკითხების პარალიზებას ახდენენ, რამდენიმე სამუშაოს სპეციალურად ბლოკავენ, რომ მერე შანტაჟის ვარიანტში გამოიყენონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე