როგორ შეინარჩუნოთ სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა 60 წლის შემდეგ - rogor.ge

როგორ შეინარჩუნოთ სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა 60 წლის შემდეგ

სასარგებლო და საჭირო

ხანდაზმულ ასაკამდე სქესობრივი ურთიერთობების შენარჩუნების სარგებელზე ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცოდნენ. ძველი ჩინური ფილოსოფიური სწავლების მიხედვით, სექსს შეუძლია დაბერების პროცესის დამუხრუჭება და სიცოცხლის გახანგრძლივება, ამიტომ ისინი ხანდაზმულ ასაკში სექსს წამლად და მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის ურჩევდნენ.

თანამედროვე მეცნიერებიც განიხილავენ სექსს დღეგრძელობის ერთ-ერთ ფაქტორად. აქტიური სქესობრივი ცხოვრება აძლიერებს ჯანმრთელობას - მამაკაცებთან უფრო იშვიათად აღინიშნება პროსტატის კიბო, ქალებთან კი ქვეითდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. სექსი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რიტმული მოძრაობა და კუნთების შეკუმშვა კი ზრდის კუნთების ტონუსს. აქტიური სქესობრივი ცხოვრება დადებითად მოქმედებს ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. უმჯობესდება განწყობა, იზრდება თვითშეფასება, მყარდება პარტნიორთან სულიერი ერთიანობა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ხანდაზმული ადამიანები ინტიმური ცხოვრებით უფრო მეტად ინტერესდებიან, ვიდრე მათი თანატოლები 20-30 წლის წინ. ისინი უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ თავს, ვიდრე 80-90-იან წლებში.

საფუძველი - ცხოვრების ჯანსაღი წესი

მენტალიტეტის გარდა, ბევრ ადამიანს ობიექტური მიზეზები აქვს სქესობრივი ურთიერთობის შეზღუდვისთვის. ცხადია, რომ ის იწვევს დადებით ემოციებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, თუმცა, იმავდროულად, აცლის ბევრ ენერგიას, ზრდის არტერიულ წნევას, დატვირთვაა გულის, ტვინისა და სისხლძარღვებისთვის. ამ ასაკში, ასეთი დატვირთვისას, რამდენჯერმე იზრდება ინფარქტის რისკი. ხშირად ხანდაზმული მამაკაცის ახალგაზრდა ქალთან რომანი ტრაგიკულად სრულდება. ამიტომ არტერიული ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ნევროლოგიური მოშლილობისას აუცილებელია კარდიოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან რეგულარული კონსულტაცია, ფიზიკური შესაძლებლობების გამოკვლევა და ამ დაავადებების დროული მკურნალობა.

უნდა გავითვალისწინოთ ფიზიოლოგიური კლიმაქსიც, რაც სექსუალური ლტოლვის მინავლების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს მამაკაცებთანაც და ქალებთანაც.

მამაკაცებთან სქესობრივი დისფუნქცია აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის პრობლემის გამო: მცირდება პოტენცია, ქვეითდება ერექციის უნარი.

ასაკობრივი პრობლემები ყველასთან სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა დროს ვლინდება, რეალური ბიოლოგიური ასაკისა და სასქესო სისტემის თანდაყოლილი თვისებების გათვალისწინებით, მამაკაცებთანაც და ქალებთანაც შეიძლება იყოს ძლიერი, საშუალო ან სუსტი.

კვლევები აჩვენებს, რომ ჯანმრთელი მამაკაცების უმეტესობასთან სქესობრივი უნარი თანდათანობით სუსტდება მეექვსე ან მეშვიდე ათეულ წელზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციასა და ქალების სექსუალურ სურვილზე. მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ჰიპოტენზიური საშუალება, ტრანკვილიზატორები. მათი მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სქესობრივი ლტოლვა ისევ დაბრუნდეს.

სექსუალური უნარის შენარჩუნების ძირითადი შემადგენელი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ცნობილია, რომ სწორი კვება, სრულფასოვანი რვასაათიანი ძილი, ალკოჰოლისა და თამბაქოს გარეშე ცხოვრება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, სტრესსა და ფსიქოლოგიურ გადაძაბვასთან გამკლავების უნარი ადამიანს ჯანმრთელობასა და სექსუალურ პოტენციას უნარჩუნებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია კუნთოვანი ტონუსის, გონებრივი აქტივობის, მიმზიდველობისა და ენერგიულობის შესანარჩუნებლად. როდესაც ადამიანს არ რცხვენია საკუთარი სხეულის, ძლიერდება მისი თავდაჯერებულობა, რაც ეხმარება სექსუალური აქტივობის შენარჩუნებაშიც. განაგრძეთ კითხვა